საქმე # 330100121004286072
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№515აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ. 515აპ-21 5 ოტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ თავისი კანონიერი უფლებების დაცვის მოთხოვნისათვის დააპატიმრეს; კასატორის მტკიცებით, განაჩენში მითითებულია, რომ ... ყოფნისას იგი იქცეოდა აგრესიულად, რაც სიცრუეა, იგი მშვიდად ითხოვდა თავის განცხადებებზე პასუხებს, რომლებიც დროულად ვერ მიიღო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 1150 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; განაჩენთა ერთობლიობის დროს ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმა - 1000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2020 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, გ. გ. იმყოფებოდა ... მდებარე ... და ესაუბრებოდა კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს - მ. მ-ს, რა დროსაც იქცეოდა აგრესიულად და საუბრობდა ხმამაღლა, რითაც მუშაობის პროცესში ხელი ეშლებოდა მომსახურე პერსონალსა და მოქალაქეებს. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გ. ი-მ მოუწოდა გ. გ-ს წესრიგის დაცვისაკენ. მიუხედავად ამისა, გ. გ. გახდა უფრო აგრესიული, ხელის დარტყმით ჩაამსხვრია № სივრცეში განთავსებული, № მაგიდის მინის ბარიერი, მოგლიჯა აღნიშნული ბარიერის ბოძი, იქნევდა მას უმისამართოდ, ყვიროდა და იგინებოდა ხმამაღლა. აღნიშნული ქმედებებით გ. გ-მ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ხოლო დაზარალებულ - ... მიაყენა 26,40 ლარის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტები მცდარია და სასამართლოებმა მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასეს, ვინაიდან სასამართლოების გადაწყვეტილებებში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. გ-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებზეც სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: დაზარალებულ ე. ჯ-სა და მოწმეების - მ. მ-ს, გ. ი-ს, ვ. გ-ს, ი, ს-ს, ბ. შ-ს, ნ. ს-ს, ნ. ძ-სა და ნ. მ-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილისა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. გ-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, რომლის საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარებს სამხილების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებიდან.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი