Facebook Twitter

¹ბს-1371-945(კ-05) 17 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, წარმომადგენლები: ი. ჩ.-ა და თ. ტ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «ჯ.-ი», წარმომადგენელი _ დ. ლ.-ა

მესამე პირები:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ მ. ქ.-ე

2. ქ. ...-ის გამგეობა

3. სოფელ ...-ის საკრებულო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,ჯ"-მ სარჩელი აღძრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ და მისგან 681 391 ლარის გადახდა მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ჯ.-მ" შემდეგ გარემოებებზე დაააფუძნა:

შპს «ჯ.» საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,ე.-ის" ფილიალის «... სამმართველოს» ქონების ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 ნოემბრის ¹1 3/804 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და გატარდა რეგისტრაციაში. საზოგადოების ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებში ორგანიზებულად ჩასახლდნენ აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა რაოდენობა 1992-2001 წლებში, მიგრაციის გათვალისწინებით, 4300-4700 ადამიანს შეადგენდა. 2001 წლის აგვისტოდან შპს ,,ჯ.-ის» კუთვნილი ობიექტების ადგილობრივ მმართველობაში გადაცემის შემდეგ დევნილთა რაოდენობა 200 კაცამდე შემცირდა.

მოსარჩელის თქმით, იგი დევნილებს კომუნალურ მომსახურებას უწევდა, რომლის ანაზღაურების ზღვრული თანხა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 დეკემბრის ¹860 დადგენილებით იყო განსაზღვრული, კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე 7 მილიონი კუპონი იყო დადგენილი, ხოლო ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების შემდეგ _ 7 ლარი. «საქართველოს ბიუჯეტის შესახებ» 2001 წლის კანონით «ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში» კომუნალური მომსახურების ნორმები ერთ დევნილზე ყოველთვიურად 4 ლარს შეადგენდა, აქედან 2 ლარი მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის, ხოლო 2 ლარი კომუნალური და სხვა ხარჯებისათვის იყო განკუთვნილი.

მოპასუხე ვალდებული იყო, 1998 წელს მოსარჩელისათვის 285 995 ლარი გადაერიცხა, მაგრამ რეალურად მხოლოდ 198 995 ლარი გადარიცხა, ასევე 1999 წელს მისაღები 290 375 ლარიდან მოსარჩელემ სულ 144 000 ლარი მიიღო. 2000 წელს მისაღები 283 824 ლარიდან დაიფარა 66 277 ლარის, ხოლო 2001 წელს 133 708 ლარის დავალიანება. ამდენად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დავალიანება შპს «ჯ.-ის» მიმართ 681 391 ლარს შეადგენდა.

მოსარჩელე შპს «ჯ.-მა» აღნიშნული თანხა 424 780 ლარამდე შეამცირა, რაც, მისი განმარტებით, განპირობებული იყო იმით, რომ მას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

მოსარჩელის მითითებით, იგი სისტემატურად მიმართავდა მოპასუხეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, დახმარების აღმოჩენის მიზნით აგზავნიდა წერილებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც მას უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შეექმნა და გაკოტრების პირას მივიდა.

მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად შპს ,,ჯ.-ის ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებში ორგანიზებულად ჩასახლებული დევნილების რაოდენობის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობები და შპს ,,ჯ.-ისთვის» ,,გადარიცხული კომუნალური თანხების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობები წარმოადგინა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მისი მტკიცებით, სამინისტროს გასტუმრებული ჰქონდა დავალიანება, უფრო მეტიც, ზედმეტი თანხები გადაირიცხა, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა მიერ შპს ,,ჯ.-ის» ანგარიშზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გამონაკლისის სახით 1998-2000 წლებში 240 184 ლარის ჩარიცხვის ფაქტზე.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასწორად უთითებდა მის ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილთა რაოდენობას, მაგრამ მათი ზუსტი ოდენობის შესახებ ვერც თავად წარმოადგინა მტკიცებულება და აღნიშნულის მიზეზად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 მარტის წერილის თანახმად, დევნილთა კომპიუტერულ ბაზაში ჩანაწერების დაზიანებაზე მიუთითა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაება. ამავე სასამართლოს 2005 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ქ. ...-ის გამგეობა და სოფელ ...-ის საკრებულო ჩაებნენ.

სარჩელი არ ცნო ასევე მესამე პირმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც მოპასუხის პოზიციას დაეთანხმა და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 424 789 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

შპს ,,ჯ." შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 ნოემბრის ¹1-3/804 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,ე.-ის" ფილიალის _ ,,... სამმართველოს" _ ქონების ბაზაზე. საწარმო სახელმწიფოს 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა, წალენჯიხის რაიონის სასამართლოში 1999 წელს რეგისტრაცია გაიარა და მისი მართვის უფლება სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ჯ.-ის» საქმიანობის საგანს ქ. ...-ში და დაბებში - ...-სა და ...-ში განლაგებული ობიექტების, შენობა-ნაგებობების და საუწყებო სახლების საბინაო-კომუნალური მომსახურება, დასუფთავება, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება და სხვა კანონით ნებადართული საქმიანობა წარმოადგენდა.

დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობებში განსახლებულ დევნილებს კომუნალურ მომსახურებას მოსარჩელე უწევდა, მოპასუხემ მხოლოდ დევნილთა რაოდენობა და მათი ჩასახლების ფორმა გახადა სადავოდ, ვინაიდან კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს კანონმდებლობა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს 28.03.2005წ. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1998-2002 წლების პერიოდის დევნილთა კომპიუტერული სიები არ გააჩნდა, რაც დევნილთა კომპიუტერულ ბაზაში ჩანაწერების დაზიანებით იყო განპირობებული. აღნიშნულ ფაქტს კი კომპიუტერული კომპანია ,,ს"-ის მიერ 27.12.2002წ. შედგენილი დასკვნა და შპს ,,კ.-ის" 05.01.1999წ. აქტი ადასტურებდა.

სასამართლოს თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად დგინდებოდა, რომ 1998-2002 წლებში ქ. ...-სა და დაბა ...-ში დევნილთა რაოდენობა სხვადასხვა თვეების მიხედვით 4702-4942 ადამიანს შეადგენდა, თუმცა აღნიშნულ ცნობებში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რამდენი პირი ცხოვრობდა შპს ,,ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში და ითვლებოდნენ თუ არა ისინი ორგანიზებულად ჩასახლებულად.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად». ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი: ,,დევნილთა მიღების, სტატუსის მინიჭების, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დასაქმების და სხვა სოციალურ საკითხებს წყვეტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად".

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, წალენჯიხის შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, დევნილთა სოციალური საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 9 თებერვლის ¹06/01-17/798 წერილის თანახმად: ,,კომპაქტურად-ორგანიზებულად ჩასახლებულად ითვლება დევნილთა ის კატეგორია, რომელიც დროებით ჩასახლებულია წარმოება-დაწესებულებებსა და კომუნალურ ბინებში. ხოლო არაორგანიზებულად ითვლება პირები, რომლებიც ჩასახლებული არიან კერძო სექტორში თავიანთ ახლობლებთან ან ცხოვრობენ ქირით».

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად (ქ. ...-ის გამგეობა, სოფელ ...-ის საკრებულო), ხორციელდებოდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე კომპაქტურად განთავსებული დევნილი მოსახლეობის აღრიცხვა, რაც იმის საფუძველს წარმოადგენდა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ცენტრალური ბიუჯეტით მიზნობრივად საამისოდ გათვალისწინებული ხარჯებიდან ,,ჯ.-ს» ანაზღაურებოდა მის მიერ განხორციელებული კომუნალური მომსახურების ღირებულება კანონით დადგენილი ოდენობით.

სასამართლომ განმარტა, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შექმნილი სიძნელეების მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დევნილთა შემწეობებისა და კომუნალური გადასახადების დაფინანსება პრიორიტეტული წესით ხორციელდებოდა, მაგრამ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 4 ნოემბრის ¹02-04/2114/1641 წერილიდან ირკვეოდა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამ თანხების დროულად განაწილებას ვერ უზრუნველყოფდა. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 1 დეკემბრის ¹04-4/5567 წერილიც ადასტურებდა, რომლის თანახმად შპს ,,ჯ.-ის» ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰქონდათ დაკავებული, რომელთა კომუნალური და მომსახურების სხვა ხარჯების თანხები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცენტრალური ბიუჯეტიდან ერიცხებოდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში შპს ,,ჯ.-ს» კუთვნილი 220.000 ლარიდან სამინისტროს მიერ 55 ათასი ლარი გადაერიცხა.

საქმეში წარმოდგენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 1999 წლის 15 ივლისის ¹282 წერილი, რომლის თანახმადაც ქ. ...-სა და დაბა ...-ში განთავსებული იყო 4850 აფხაზეთიდან დევნილი. ამ ორი დასახლების კომუნალური მომსახურება ევალებოდა სახელმწიფო კომპანია ,,ე.-ის" ქ....-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს.

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ჯ.-ის» არაერთი წერილი, რომლითაც მოსარჩელე მიმართავდა ხელისუფლებას თხოვნით, რათა დახმარება აღმოეჩინათ მოპასუხისაგან ბიუჯეტით გათვალისწინებული კომუნალური მომსახურების თანხების მიღებაში. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მოთხოვნები, მაგრამ მას, საპასუხოდ გაცემულ წერილებში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობებში კომპაქტურად განსახლებული დევნილების რაოდენობა.

სასამართლო კოლეგიის მიერ წალენჯიხის რაიონის ქ. ...-ის გამგეობისა და სოფ. ...-ის საკრებულოდან გამოთხოვნილ იქნა 1998 წლიდან 2001 წლის აგვისტომდე შპს ,,ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია თვეების მიხედვით. მიღებული ინფორმაცია არსებითად დაემთხვა საქმეში არსებულ ინფორმაციას წალენჯიხის რაიონის ქ. ...-სა და დაბა ...-ში რეგისტრირებული დევნილების რაოდენობის შესახებ.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 დეკემბრის ¹860 დადგენილებისა და 2001 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში მათი კომუნალური ხარჯების ანაზღაურების კანონისმიერი ვალდებულება ჰქონდა.

სასამართლო კოლეგიამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ წალენჯიხის რაიონის ქ. ...-ის გამგეობისა და სოფელ ...-ის საკრებულოდან გამოთხოვნილი ინფორმაციის (1998 წლიდან 2001 წლის აგვისტომდე თვეების მიხედვით შპს ,,ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილთა რაოდენობის შესახებ) საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა კომუნალური მომსახურების თანხების არითმეტიკული გაანგარიშება კანონმდებლობის შესაბამისად.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან მოპასუხეს დავალიანების გადახდის კანონისმიერი ვალდებულება გააჩნდა, რაზეც სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ უნდა გავრცელებულიყო. ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების მიმართ არაერთი მიმართვით შეწყვეტილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენდა, რადგან დევნილები ორგანიზებულად ჩასახლებული იყვნენ შპს ,,ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში. აღნიშნულის გამო სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევა არ მომხდარა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც მოსარჩელეს უფლება ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების წესით მოეთხოვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო განცხადება 1998-2002 წლების დავალიანების გადახდას ეხებოდა. სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. მისი თქმით, სასამართლოს მოცემულ დავაზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გაევრცელებინა. «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონის 27.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 30 მარტის ¹264 დადგენილება «საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ.» მოცემული დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით სახელმწიფო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფორმად ჩაითვალა შეკვეთები საქონლის (პროდუქციის) შესყიდვასა და მიწოდებაზე, სახელმწიფო საჭიროების სამუშაოების (მომსახურების) შესრულებაზე. საქონლის (პროდუქციის) შესყიდვასა და მიწოდებაზე შეკვეთების ფორმირება კონტრაქტების დადების გზით უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულობას განსაზღვრავდა «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონიც. ზემოთქმულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ, მართალია, მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო, რაც კანონდარღვევას წარმოადგენდა, მაგრამ მასა და შპს «ჯ.-ს» შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და მასზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო. კასატორის განმარტებით, სადავო ურთიერთობა სახელშეკრულებოდ თავად მოსარჩელემაც მიიჩნია.

კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო უწყებებისათვის არაერთი მიმართვის გამო, მაინც შეწყვეტილად იქნებოდა მიჩნეული, რადგან გადაწყვეტილებაში აღნიშნულის მტკიცების სამართლებრივი საფუძველი, კონკრეტული ნორმა არ იყო დასახელებული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსაზრებით, სასამართლომ წალენჯიხის რაიონის ქ. ...-ის გამგეობასა და სოფელ ...-ის საკრებულოდან გამოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესრულებული დაანგარიშების შედეგად მიღებული ციფრების სიზუსტე არამართებულად მიიჩნია დადასტურებულად, მაშინ, როცა მათ სადავოდ გახადეს თავად დევნილთა რაოდენობა, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კასატორის მიერ შეცილებულ იქნა დაკისრებული თანხების ოდენობაც.

კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ სასამართლომ შპს «ჯ.-ის» ობიექტებში განთავსებულ დევნილთა ოდენობა სავარაუდო თანხების მიხედვით დაადგინა, რადგან საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს შეიცავდა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ შპს «ჯ.-ი» შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 ნოემბრის ¹1-2/809 ბრძანების საფუძველზე და მის საწესდებო კაპიტალში შევიდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია «ე.-ის» ფილიალის _ «... სამმართველოს» _ ქონება. ხოლო იგივე ქონება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 18 მაისის ¹1-3/338 ბრძანების საფუძველზე ამოღებულ იქნა საწესდებო კაპიტალიდან და წალენჯიხის რ-ის გამგეობას გადაეცა შემდგომში ქ. ...-ის გამგეობაზე გადასაცემად. კასატორის თქმით, მოცემული მითითებულია ქ. ...-ის გამგეობის 2001 წლის 30 მაისის ¹32, 2001 წლის 24 სექტემბრის ¹42 და 19 ოქტომბრის ¹189 წერილებში, სადაც წერილის ავტორი კომუნალური მომსახურების თანხების შპს «...-ის კომუნალური მეურნეობის» ანგარიშზე გადარიცხვას მოითხოვს. სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა საწესდებო კაპიტალიდან იმ ქონების ამოღებას და სხვა პირზე გადაცემას, რომელი ქონების სარგებლობასთანაც პირდაპირ კავშირში იყო დევნილთა მომსახურებისათვის გადასახდელი თანხები. ამასთან, არ გამოკვლეულა, რა უფლებებისა და ვალდებულებების სამართალმემკვიდრე გახდა ქონების ახალი მესაკუთრე.

ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონი, რაც არ გამოუყენებია, ამასთან, სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რაც გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე გამოუკვლეველი და დაუდგენელია ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომელი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მოხდა სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ფაქტობრივ სასამართლოში დაბრუნების კანონისმიერ საფუძველს იძლევა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

შპს «ჯ.-ის» სასარჩელო მოთხოვნას თავდაპირველად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ 681 391 ლარის დაკისრება შეადგენდა, ხოლო შემდგომში, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, იგი 424 780 ლარამდე შემცირდა. მოსარჩელის თქმით, შპს «ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებში ორგანიზებულად ჩასახლებული იყვნენ დევნილები, რომელთა რაოდენობა 1992-2001 წლებში 4300-4700 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2001 წლის აგვისტოდან მათი რაოდენობა 200 კაცამდე შემცირდა. სარჩელის მოთხოვნის მიხედვით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსარჩელისათვის დევნილთა მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები უნდა აენაზღაურებინა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 დეკემბრის ¹860 დადგენილების შესაბამისად, 1995 წლის 1 იანვრიდან ორგანიზებულად ჩასახლებულ ლტოლვილთა კომუნალური ხარჯების ზღვრული ოდენობა ერთ სულზე 7 მილიონი კუპონით განისაზღვრა, ხოლო ლარის შემოღების შემდეგ, იგი 7 ლარით შეიცვალა. ანაზღაურების თანხა სხვაგვარად დაადგინა «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონმა, რომლის მე-18 მუხლის მიხედვით, 2001 წლის განმავლობაში ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში კომუნალური მომსახურებისათვის ერთ სულზე ყოველთვიურად 4,75 ლარი უნდა ანაზღაურებულიყო. აქედან, პერსონალის შრომის ანაზღაურებას 2 ლარი, ხოლო კომუნალურ და სხვა ხარჯებს 2 ლარი მოხმარდებოდა.

საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს განმარტოს, რომ შპს «ჯ.-ის» ობიექტებში განთავსებულ დევნილთა რაოდენობის შესახებ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, კერძოდ: წალენჯიხის რაიონის გამგებლის 2001 წლის 28 ივნისის ¹153 წერილის თანახმად, ქ. ...-ში რეგისტრირებულია 4528 ლტოლვილი, დაბა ...-ის დასახლებაში კი 177, სულ ორივე ობიექტზე _ 4625 პირი (ს.ფ. 28). შპს «ჯ.-ის» 2005 წლის 7 ივნისის განცხადებაში მითითებულია, რომ მათი ობიექტები მომსახურებას უწევს 5000-მდე დევნილს (ს.ფ. 30, 33).

საქმეში წარმოდგენილია «ქ.-ის» 2002 წლის ¹114 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, შპს «ჯ.-ს» საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან უნდა მიეღო 2000 წელს 277 680 ლარი (4628 პირი X 5 ლარზე X 12 თვეზე), 2001 წლის 7 თვეში უნდა მიეღო 129 584 ლარი (4628 პირი X 4 ლარზე X 7 თვეზე). აქვე დადგენილია, რომ 2001 წლის 6 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კომუნალური ფონდის ბინები გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დარჩა მხოლოდ ...-ის კომუნალური ფონდი, სადაც იმ პერიოდისათვის ჩასახლებული იყო 210 დევნილი, რისთვისაც შპს «ჯ.-ს» 5 თვეში ეკუთვნოდა 4200 ლარი (210 პირი X 4 ლარზე X 5 თვეზე). აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, შპს «ჯ.-ს» 2000-2001 წლებში ეკუთვნოდა 411 464 ლარი, რომლისგანაც 86 102 ლარი იყო გადახდილი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 325 362 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 36).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 1 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმდინარე წლის 10 თვეში შპს «ჯ.-ის» კუთვნილი 220 000 ლარიდან 55 000 ლარი ჰქონდა გადარიცხული (ს.ფ. 38).

«ე.-ის» ფილიალის _ «... სამმართველოს» _ 1998 წლის 31 ივლისის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსადმი მიმართულ წერილში მითითებულია, რომ მის დაქვემდებრებაში სახელმწიფო სტრუქტურის ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში განსახლებულ დევნილთა რაოდენობა 1998 წლის 7 თვეში ქ. ...-სა და დაბა ...-ში 31585 სულს შეადგენდა (ს.ფ. 40). აღნიშნულ დასახლებაში 4850 დევნილის ცხოვრებას მოწმობს საქართველოს პრეზიდენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის 1999 წლის 15 ივლისის წერილიც (ს.ფ. 41), ხოლო სხვა მტკიცებულებით, მხოლოდ 2000 წლის ნოემბერ-დეკემბერში 4796 დევნილია აღრიცხული (ს.ფ. 42). ნიშანდობლივია, რომ დევნილთა რიცხოვნობის შესახებ თავად შპს «ჯ.-ის» მიერ მოწოდებული მტკიცებულებებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა (ს.ფ. 43-50).

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 1999 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ქ. ...-სა და დაბა ...-ში დარეგისტრირებული იყო 4831 დევნილი (ს.ფ. 55), იმავე წლის აგვისტოს მონაცემებით _ 4707 პირი (ს.ფ. 56), სექტემბრის მდგომარეობით _ 4873 დევნილი (ს.ფ. 57), 1 ნოემბრისათვის 4855 (ს.ფ. 58), დეკემბერში დარეგისტრირებულია 4854 ლტოლვილი (ს.ფ. 59). ნიშანდობლივია, რომ აქვე წარმოდგენილია იმავე პირის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც, 1999 წლის 1 აგვისტოს ქ. ...-სა და დაბა ...-ში ირიცხებოდა 4854 დევნილი, მაშინ, როცა სხვა ცნობით 4707 პირია მითითებული (ს.ფ. 60). ანალოგიური ცდომილებაა სხვა ცნობებშიც, რომელიც საქმის ¹61-75 ფურცლებზეა განთავსებული.

სოფ. .-ის საკრებულოს დევნილთა კომიტეტის 2002 წელს გაცემული ცნობით, 2002 წლის იანვარ-ივნისში შპს «ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში დაბა ...-ში ყოველთვიურად ორგანიზებულად ჩასახლებული იყო 194 დევნილი (ს.ფ. 77).

წალენჯიხის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ცნობაც შეიცავს (ს.ფ. 134-136). აღნიშნულს ეხება წალენჯიხის რაიონის სოფელ .-ის საკრებულოსა და დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობაც, რომლის მიხედვითაც 1998 წელს ამ ტერიტორიაზე ორგანიზებულად ჩასახლებული იყო სულ 2543 დევნილი, 1999 წელს _ 2449, 2000 წელს _ 2253, ხოლო 2001 წელს _ 1358 პირი (ს.ფ. 140).

შპს «... მეურნეობის» მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსადმი მიმართულ 2003 წლის 18 სექტემბრის წერილში განმარტებულია, რომ, მართალია, მათ ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებში ჩასახლებულ დევნილთა რაოდენობა 4500 დევნილს შეადგენს და მომსახურებასაც მათ დიდ ნაწილს შპს «ჯ.» უწევს, მაგრამ მათგან კომპაქტურად ჩასახლებულად მხოლოდ 338 პირია დარეგისტრირებული (ს.ფ. 142). ამასვე ამტკიცებს წალენჯიხის რაიონის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის უფროსის 2001 წლის ცნობა (ს.ფ. 145). წალენჯიხის რაიონის გამგეობის 2002 წლის ცნობით, წალენჯიხის ტერიტორიაზე კომპაქტურად ცხოვრობს 477 იძულებით გადაადგილებული პირი (ს.ფ. 167).

საქმეში წარმოდგენილია შპს «ჯ.-ის» მიერ 1998 წლიდან 2002 წლის ჩათვლით გაანგარიშებული გრაფიკი ყოველწლიურად მისაღები და რეალურად მიღებული თანხებისა და დარჩენილი დავალიანების შესახებ (ს.ფ. 39). აღნიშნული თანხების გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც (ს.ფ. 102-106).

საქმეში მოიპოვება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 12 აპრილის ¹203 დადგენილება «იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის შესახებ», რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტს (ამჟამად მისი უფლებამონაცვლეა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო) იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების კომუნალური ხარჯების ჩარიცხვა ამ ობიექტებისათვის 1995 წლის 1 აპრილიდან უნდა ეწარმოებინა პირდაპირი ანგარიშსწორებით, შუალედური რგოლის გარეშე (ს.ფ. 34).

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროს 1998-2002 წლების პერიოდის დევნილთა სიები არ გააჩნდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ჩანაწერები კომპიუტერში დაზიანდა. 2005 წლის მდგომარეობით შპს «ჯ.-ის» შესახებ ინფორმაცია დევნილთა სარეგისტრაციო მასალებში არ მოიპოვებოდა. წალენჯიხის რაიონის დაბა ...-ში განსახლებული იყო 4136 დევნილი და მათგან ორგანიზებულ სექტორში მხოლოდ 298 პირი ირიცხებოდა (ს.ფ. 201).

დევნილთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა დოკუმენტებიც.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ ისე მიიჩნია შპს «ჯ.-ის» სარჩელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის 424 780 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად, რომ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, რეალურად რამდენი დევნილი იყო 1998-2001 წლებში შპს «ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში კომპაქტურად ჩასახლებული. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულის თობაზე ცალსახა პასუხს ვერ იძლევა, ეს საკითხი სრულიად დაუდგენელია, ხოლო მის გაურკვევლად, პრაქტიკულად, შეუძლებელია დადგინდეს, რა ოდენობის თანხის გადახდა ევალება მოპასუხეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვისას უნდა დაადგინოს, 1998 წლიდან 2001 წლის აგვისტომდე პერიოდში, თვეების მიხედვით, რამდენი დევნილი იყო ჩასახლებული შპს «ჯ.-ის» ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებში ქ. ...-სა და დაბა ...-ში, ამასთან, მთლიანი რაოდენობიდან უნდა გაიმიჯნოს, რამდენი იყო მათგან ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებული. ასევე უნდა დადგინდეს სადავო დავალიანებიდან რა ნაწილი იქნა დაფარული მოპასუხის მიერ და რა ოდენობის თანხა დარჩა მას გადასახდელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოებაც, რომ, როგორც საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა მიერ შპს «ჯ.-ის» ანგარიშზე, გამონაკლისის სახით 1998-2000 წლებში 240 184 ლარის ჩარიცხვის ფაქტზე და საქმეზე წინასწარი ძიება მიმდინარებოდა (ს.ფ. 197). სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს, რა ეტაპზეა ხსენებული საქმის განხილვა და მოცემულ საქმეზე არსებობს თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელსაც მოცემულ ადმინისტრაციულ საქმესთან მიმართებაში ფაქტებისა და გარემოებების მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭებოდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის ¹209/47 აქტი, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შპს «ჯ.-ის» ანგარიშზე, გამონაკლისის სახით 240 000 ლარის გადარიცხვის კანონიერებისა და მიზნობრივი გამოყენების საკითხი უნდა შემოწმებულიყო. აღნიშნული აქტიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დევნილთა ოდენობა სხვადასხვა ცნობის მიხედვით სხვადასხვაა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას იმ გარემოებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ორგანიზებულად ჩასახლებულ და კერძო სექტორში ჩასახლებულ დევნილებზე სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს და მათი მომსახურების ხარჯებიც განსხვავებულადაა განსაზღვრული. კომპაქტურად (ორგანიზებულად) ჩასახლებულად ითვლება დევნილთა ის კატეგორია, რომელიც დროებით ჩასახლებულია წარმოება-დაწესებულებებსა და კომუნალურ ბინებში, ხოლო არაორგანიზებულად ჩასახლებულად ითვლებიან პირები, რომლებიც ჩასახლებული არიან კერძო სექტორში, თავიანთ ახლობლებთან ან ცხოვრობენ ქირით (ს.ფ. 31). საგულისხმოა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განმარტება იმის შესახებ, რომ დევნილები, რომლებიც ჩასახლებული არიან სახელმწიფოს სტრუქტურის ბალანსზე მყოფ შენობა-ნაგებობებში, ითვლებიან ორგანიზებულ სექტორში ჩასახლებულად, ხოლო ისინი, ვინც პრივატიზებულ ბინებში ცხოვრობენ, კერძო სექტორში ჩასახლებულებად უნდა იქნენ მიჩნეული (ს.ფ. 206).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზეც, კერძოდ, უნდა დადგინდეს, მოცემულ სამართალურთიერთობაზე «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი რამდენად ვრცელდება. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული კანონის მე-3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა არის სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა, რომელთა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით ხორციელდება («ა.ა» ქვეპუნქტი). ამავე კანონის თანახმად, მომსახურების გაწევისათვის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო, თუმცა საქმის მასალებით მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ კონტრაქტის დადების ვალდებულებას «საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ» საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 30 მარტის ¹264 დადგენილებაც ითვალისწინებდა. შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვალდებულება შპს «ჯ.-ის» მიერ დევნილებისათვის გაწეული მომსახურების თანხების ანაზღაურების თაობაზე კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, თუ იგი სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვისას სასამართლო კოლეგია მოცემულ დავას სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილად თუ მიიჩნევს, მან იმ გარემოებაზეც უნდა იმსჯელოს, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, შპს «ჯ.-ის» მიერ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში არაერთი მიმართვის გზით ხანდაზმულობის ვადის დენა ჩაითვლებოდა თუ არა შეწყვეტილად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას იმ გარემოებაზეც უნდა იმსჯელოს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის 1999 წლის 12 ნოემბრის ¹2/809 ბრძანების საფუძველზე შპს «ჯ.» შეიქმნა და მის საწესდებო კაპიტალში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია «ე.-ს» ფილიალის _ «... სამმართველოს» _ ქონება შევიდა. იგივე ქონება სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 18 მაისის ბრძანებით ამოღებულ იქნა საწესდებო კაპიტალიდან და გადაეცა წალენჯიხის რაიონის გამგეობას, შემდგომში ქ. ...-ის გამგეობისათვის გადასაცემად. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა საწესდებო კაპიტალიდან იმ ქონების ამოღებას და სხვა პირზე გადაცემას, რომელი ქონების სარგებლობასთანაც პირდაპირ კავშირში იყო დევნილთა მომსახურებისათვის გადასახდელი თანხები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.