საქმე # 180100118002739845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №519აპ-21 ქ. თბილისი
ჯ. დ., 519აპ-21 13 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ჯ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი დ. ჯ-ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დაზარალებულ რ. ფ., მოწმეების - ს. ქ-სა და გ. წ-ს ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ. ჯ-მ, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს იყო პოლიტიკური პარტია ... აქტივისტი, ... აქტივისტს - რ. ფ-ს სცემა სწორედ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, იმ საფუძვლით, რომ მან ... პლაკატს გადაუღო ფოტო და ატვირთა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ჯ-ს ბრალად ედება ადამიანის დევნა აზრის გამო და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
დ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
პოლიტიკური პარტია ... თ-ს რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი რ. ფ. მუშაობს N მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის, ზ. ქ-ს ბიუროში, ეწევა პარტიულ საქმიანობას, პარტია ... აგიტაციას მოსახლეობაში, მათი პრობლემებისა და საჭიროების გაცნობას მაჟორიტარი დეპუტატისათვის და უზრუნველყოფს ამომრჩევლებისა და დეპუტატის შეხვედრებს. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, რ. ფ-მ დაბა თ-ში, ქუჩაში, იპოვა სურათი, რომელზეც გამოსახული იყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი - გ. ვ., გადაიღო ფოტო და თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ატვირთა. მან გამოხატა თავისი აზრი, განახორციელა პოლიტიკური მოღვაწეობა და დაწერა კომენტარი „... დრო აღარ მოვა“. აღნიშნული ცნობილი გახდა ... თ-ს რაიონული ორგანიზაციის აქტივისტ დ. ჯ-სათვის, რომელიც, მითითებულზე განაწყენებული, 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 13:45 საათზე, .. მდებარე პარტია ... თ-ს რაიონული ორგანიზაციის შტაბის წინ, დაურეკა და გარეთ გამოიყვანა რ. ფ. იგი გამოვიდა ოფისიდან და ამ დროს დ. ჯ-მ მას სახეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც რ. ფ. წაიქცა, ხოლო შემდეგ დ. ჯ-მ ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა წაქცეულს. ცემის დროს იმავდროულად ეძახდა: „ეხლა განახებ, თუ ჩვენი დრო არ მოვაო“ და თან აგინებდა როგორც რ. ფ-ს, ასევე პარტია ... დ. ჯ. რ. ფ-ს სცემდა დაახლოებით ხუთ წუთს, რის შემდეგაც იგი ჩაჯდა ავტომანქანაში და მიიმალა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დ. ჯ-ს, - დაბადებულის .. წელს, - ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბრამდე - გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ დ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
გაუქმდა დ. ჯ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
პოლიტიკური პარტია ... მხარდამჭერი რ. ფ. მუშაობს თ-ში N მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის, ზ. ქ-ს ბიუროში. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, რ. ფ-მ, დაბა თ-ში, ქუჩაში იპოვა სურათი, გადაუღო და თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ატვირთა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გ. ვ-ს პლაკატი და დაწერა კომენტარი „... დრო აღარ მოვა“. აღნიშნული ცნობილი გახდა თ-ში მცხოვრები ... მხარდამჭერი, დ. ჯ-სათვის. დ. ჯ-მ ჩათვალა, რომ რ. ფ-მ, ჩამოხია რა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის - გ. ვ-ს პლაკატი, თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ატვირთა და დაწერა კომენტარი: „ნ-ს დრო აღარ მოვა“, რითაც მან დაარღვია დ. ჯ-ს უფლება, რომ მისთვის სასურველი კანდიდატის პლაკატი ყოფილიყო გაკრული და განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა რ. ფ-ს ცემა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 13:45 საათზე, მივიდა .. მდებარე პარტია ... თ-ს რაიონული ორგანიზაციის შტაბის წინ, დაურეკა და გარეთ გამოიყვანა რ. ფ. იგი გამოვიდა ოფისიდან და ამ დროს დ. ჯ-მ სახეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც წაიქცა, ხოლო დ. ჯ-მ ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა წაქცეულს. ცემის დროს იმავდროულად ეძახდა - „ეხლა განახებ, თუ ჩვენი დრო არ მოვაო“ და თან აგინებდა, როგორც რ. ფ-ს, ასევე პარტია ... დ. ჯ. რ. ფ-ს სცემდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ჩაჯდა ავტომანქანაში და მიიმალა.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ჯ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება.
- მსჯავრდებულ დ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. მ-მ და გ. რ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ჯ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ დ. ჯ-მ რ. ფ-ზე ფიზიკურად იძალადა სწორედ მის მიერ გამოთქმული აზრის გამო და მისი პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა დ. ჯ-ს სასარგებლოდ.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯემალ ნათელაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი