Facebook Twitter

საქმე # 330100120004134430

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №520აპ-21 ქ. თბილისი

ბ. მ., 520აპ-21 8 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას - მთლიანად არასაპატიმრო, ან ნაწილობრივ არასაპატიმრო (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით) სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სთანადოდო არ გაითვალისწინეს მ. ბ-ს პასუხისმგებლობის მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის. სასამართლომ, ფაქტობრივად ახალი დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილი ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ხელახლა შეფარდების გამო, განუსაზღვრა მას მკაცრი სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას.

2. თბილისის პროკურატურის პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით მ. ბ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

მ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 12 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 14 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

გაუქმდა მ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- მ. ბ. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - ლ. გ-სა და მათ საერთო შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ... ბოლო ერთი წლის განმავლობაში მ. ბ-მ დაიწყო ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღება და ნასვამი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს - ლ. გ-ს. ალკოჰოლური თრობის დროს მ. ბ., რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე, გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, რომელსაც აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. მსგავსი ფაქტები განმეორდა 2020 წლის აგვისტოში, კერძოდ: იმის გამო, რომ ლ. გ. იმყოფებოდა მეგობართან სტუმრად, სახლში დაბრუნების შემდეგ მ. ბ-მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც უწოდებდა ქალისათვის დამამცირებელ სიტყვებს და აგინებდა დედას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2020 წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მ. ბ. გაბრაზდა მეუღლის სახლიდან გასვლის გამო და აღნიშნულის ნიადაგზე, სახლში დაბრუნებულ ლ. გ-ს აგინა და ლანძღა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2020 წლის 11 სექტემბრიდან რამდენიმე დღეში, სექტემბერშივე, დღის საათებში, მ. ბ. დაბრუნდა სახლში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, რა დროსაც უმნიშვნელო მიზეზით, იმის გამო, რომ ჩართული იყო სარეცხი მანქანა და აწუხებდა ხმაური, ლ. გ-ს დაუწყო გინება, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა „ბოზს“ და ამცირებდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2020 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, მ. ბ. კვლავ ნასვამი დაბრუნდა სახლში და უმნიშვნელო მიზეზით მეუღლეს დაუწყო გინება და ლანძღვა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ლ. გ-მ განიცადა ტანჯვა და რადგანაც მ. ბ. ინტენსიურად აგრძელდებდა შეურაცხყოფას და დამცირებას, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გამოძახების საფუძველზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი მ. ბ-ს მიმართ, რომელსაც დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის - იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ლ. გ. ცხოვრობს. მ. ბ. მეუღლეს - ლ. გ-ს სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რასაც სჩადიოდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მიაჩნდა, რომ რადგანაც არის მამაკაცი, იყო ოჯახის უფროსი და ჰქონდა ქალზე მეტი უფლებები. ბოლო ერთი თვის მანძილზე თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა ლ. გ-ს, რომელსაც ეძახდა „ბოზს“ და „ქუჩის ქალს“, უკრძალავდა სახლიდან მარტო გასვლას. ყოველივე აღნიშნულს კი ახორციელებდა მისი და ლ. გ-ს 12 წლის ქალიშვილის - ე. ბ-ს თანდასწრებით, რომელიც ესწრებოდა მამამისის მიერ დედის სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას. 2020 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ. ბ-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და ალკოჰოლით მთვრალი მივიდა ..., სადაც ლ. გ. იმყოფებოდა და მოსთხოვა მას სახლიდან წასვლა. აღნიშნულზე ლ. გ-მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მ. ბ. დააკავეს ბრალდებულის სახით. მ. ბ-ს მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, ლ. გ. თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, დამცირებულად და დათრგუნულად, ყოველივე აღნიშნულმა კი გამოიწვია მისი ტანჯვა.

- მ. ბ. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - ლ. გ-სა და მათ საერთო შვილებთან ერთად ცხოვრობს ... . ბოლო ერთი წლის განმავლობაში მ. ბ-მ დაიწყო ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღება და ნასვამი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ლ. გ-ს. 2020 წლის 27 სექტემბერს, ლ. გ-ს გამოძახების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის მუშაკებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი N.., რომლის თანახმად, მ. ბ-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მისი მეუღლე ლ. გ. ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 14 სექტემბერს მ. ბ. მივიდა .... . მ. ბ. დააკავეს ბრალდებულის სახით შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მ. ბ-სათვის არასაპატიმრო სასჯელის - პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ მ. ბ-ს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც დაცვის მხარე აპილირებს საკასაციო საჩივარში. გარდა ამისა, პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: მ. ბ-მ ლ. გ-ს სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება ჩაიდინა თავიანთი არასრულწლოვანი ქალიშვილის - 12 წლის ე. ბ-ს თანდასწრებით, რაც, მართალია, მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, მაგრამ განსაკუთრებით უარყოფითად მეტყველებს მის პიროვნებაზე, ისევე როგორც: მისი ქმედებების აგრესიული და სისტემატური ხასიათი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა. ამდენად, მ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ როგორც არასაპატიმრო სასჯელის, ასევე - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი