საქმე # 120100121004242222
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №521აპ-21 ქ. თბილისი
ბ. რ. 521აპ-21 11 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. ბ-ს ბრალეულობა; დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ რ. ბ. მას დაემუქრა ყელის გამოჭრით და ეს მუქარა მან აღიქვა საფუძვლიანად, რის გამოც მიმართა კიდეც პოლიციას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბ-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის ოჯახის წევრის მიმართ.
რ. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით რ. ბ. გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და პირობით მსჯავრდებულია.
2020 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ... -ში მდებარე თ. მ-ს საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან, რ. ბ. შურისძიების მოტივით, იმის გამო, რომ მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, თ. მ-ს მიმართ ძალადობების ჩადენისა და მუქარის ფაქტებზე მას მსჯავრი დაედო, ყელის გამოჭრითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. მ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით რ. ბ.,- დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა რ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
რ. ბ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მისი ბრალეულობა. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ რ. ბ-ს მუქარამ გამოიწვია დაზარალებულ თ. მ-ს საფუძვლიანი შიში, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მართალია, დაზარალებული თ. მ. თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ რ. ბ-ს მუქარა, რომ მას გამოსჭრიდა ყელს, აღიქვა რეალურად და განიცადა მუქარის განხორციელების რეალური შიში, მაგრამ აღნიშნული არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კერძოდ: დაზარალებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ რ. ბ. საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან საუბრისას დაემუქრა, რომ თუ გარეთ არ გაჰყვებოდა, ყელს გამოსჭრიდა, რისიც მას შეეშინდა და მისი ეს სიტყვები რეალურად აღიქვა, მაგრამ იმის გამო, რომ რ. ბ-ს ხმაური არ აეტეხა, მოერიდა მეზობლების და გაჰყვა მას. გარდა ამისა, იცოდა, რომ იგი იყო პირობით მსჯავრდებული და არ უნდოდა მისთვის პრობლემების შექმნა.
10. დაზარალებულის ეს განმარტება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას, ვინაიდან, ყელის გამოჭრის მუქარის რეალურად აღქმის შემთხვევაში, მხოლოდ მეზობლების რიდის გამო და რ. ბ-სათვის პრობლემების ასარიდებლად პოლიციაში დაუყოვნებლივ განუცხადებლობა ძალზე არადამაჯერებელია. ამასთან, სხვა მოწმეების ჩვენებებითაც არ დგინდება, რომ თ. მ-სა და რ. ბ-ს შორის იყო დაძაბული, კონფლიქტური ვითარება და დაზარალებული რეალურად იყო შეშინებული, კერძოდ: მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ როდესაც მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან, დაინახა, რომ რ. ბ-ს ხელი ჰქონდა ჩაკიდებული სახლის ფანჯრის მიღმა მდგომი დაზარალებულისათვის, რა დროსაც ისინი მშვიდად საუბრობდნენ. მოწმე ასევე განმარტავს, რომ მან თავისი ა/მანქანით რ. და თ. წაიყვანა აბასთუმანში, რა დროსაც ისინი უკანა სავარძელზე ჩახუტებულები ისხდნენ და ერთმანეთს დრო და დრო კოცნიდნენ. მათ შორის დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა და ისინი მშვიდად საუბრობდნენ. თ. მ-მ ურთიერთობისათვის ოფიციალური სახის მიცემაც კი სთხოვა რ. ბ-ს.
11. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მუქარის შემდეგ თ. მ. და რ. ბ. მ. ბ-ს ავტომანქანით გაემგზავრნენ აბასთუმანში, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში ერთად გაატარეს ღამე, რასაც არც დაზარალებული უარყოფს. რ. ბ-ს ჩვენებით კი დგინდება, რომ სასტუმროში ყოფნის დროს მათ ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა უნდა დაესრულებინათ, რადგან მას ჰყავდა საცოლე. აღნიშნულმა თ. ააღელვა, ხოლო იგი ცდილობდა მის დამშვიდებას.
12. ტაქსის მძღოლის - მოწმე გ. ი-ს ჩვენებით, რომელმაც თ. მ. და რ. ბ. აბასთუმნიდან უკან, ახალციხეში წაიყვანა, ირკვევა, რომ მგზავრობისას ისინი მშვიდად ისხდნენ და მათ შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა. თ. მ. მხოლოდ ავტომანქანიდან გადასვლის დროს განერვიულდა და მან რ. ბ-ს მიაძახა: „სულ ერთია, ციხეში ამოგალპობ, მეტის ღირსი არ ხარ შენ, დაგალპობ, ციხიდან ცხვირს არ გამოგაყოფინებ გარეთო“ და მანქანის კარი მიუჯახუნა.
13. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულის განმარტებას, რომ მუქარის შედეგად მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან, ერთი მხრივ, თუკი მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მეზობლების არშეწუხებისა და რ. ბ-სათვის პრობლემების თავიდან არიდების მოტივით, პოლიციისათვის დაუყოვნებლივ შეუტყობინებლობა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არადამაჯერებელია, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია ისიც, რომ მუქარის შემდეგ დაზარალებული ნებაყოფლობით გაჰყვა რ. ბ-ს და მათ სასტუმროში ერთად გაატარეს ღამე, რაც მუქარის საფუძვლიანობის აღქმის შემთხვევაში, ასევე ძალზე არადამაჯერებელია, ხოლო მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით დგინდება ისიც, რომ მათ შორის არათუ დაძაბული, არამედ - საკმაოდ თბილი და მეგობრული ვითარება იყო. მგზავრობისას კონფლიქტურ სიტუაციას გამორიცხავს მოწმე გ. ი-ც. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულმა თ. მ-მ პოლიციას განცხადებით მიმართა მუქარიდან ორი დღის შემდეგ, 2020 წლის 16 ნოემბერს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი