Facebook Twitter

ას-759-1386-03 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა გასესხებული თანხის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რაც 1999წ. 26 სექტემბერს გაფორმდა წერილობით. მოსარჩელემ მოითხოვა თ. ჩ-ისაგან ხელწერილში მითითებული 1800 აშშ დოლარის დაბრუნება.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ თ. ჩ-ემ აღიარა 1800 აშშ დოლარის სესხის არსებობა.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება თ. ჩ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტის განმარტებით, მან 1998 წელს შვილიშვილისათვის ოპერაციის გასაკეთებლად მეზობლისაგან _ ჟ. ზ-ისაგან _ ისესხა 300 აშშ დოლარი. ჟ. ზ-ე მისთვის უცნობი პირების მეშვეობით აშანტაჟებდა და ითხოვდა თანხის დაბრუნებას. 1999 წელს ამ უკანასკნელის კატეგორიული მოთხოვნით დააწერინეს ხელწერილი, რომ თითქოს მას ემართა ჟ. ზ-ის დის, თ. ფ-ის, ვალი 1800 აშშ დოლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, მან ქაღალდის ნაფლეთზე დაწერა ხელწერილი მისთვის გაუგებარი სიტყვებით გაუცნობიერებლად, რათა თავიდან აეცილებინა სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ვითარება.

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა დაედო საფუძვლად აღნიშნული ხელწერილი გადაწყვეტილებისათვის, რადგან იგი გაფორმებული არ არის სანოტარო ბიუროში, ამასთან, ხელწერილი დააწერინეს იძულებით, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარის ზეგავლენით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან თ. ფ-ისგან ისესხა 300 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით ნასესხები თანხის ოდენობა შეადგენს 1800 აშშ დოლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სავალდებულო არ იყო მხარეთა შორის არსებული შეთანხმების სანოტარო წესით გაფორმება, ხოლო მტკიცებულება იძულების ზეგავლენით დადებული ხელწერილის თაობაზე მხარეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო 2003წ. 2 აპრილის განჩინებას, რომლითაც უარყო თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

აღნიშნული სასამართლოს განჩინება თ. ჩ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რას ეფუძნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცებულებათა შეფასებისას და ასეთი შეფასება ასახული არ არის სასამართლოს განჩინებაში. სასამართლომ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა არ იქნა შეტანილი სხდომის ოქმში, რაზეც გაკეთდა შენიშვნები მისი წარმომადგენლის მიერ. განჩინება შენიშვნების თაობაზე მას არ ჩაბარებია. კასატორის აზრით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. მისი განმარტებით, ზეპირი ხელშეკრულება სესხის თაობაზე დაიდო მას და ჟ. ზ-ეს შორის და არა თ. ფ-თან, შვილიშვილისათვის ოპერაციის გასაკეთებლად. ხოლო მას და მისი ოჯახის წევრებზე მოკვლის მუქარის ზეგავლენით მოაწერა ხელწერილზე ხელი, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია. კასატორის აზრით, ხელშეკრულების წერილობითი ფორმა გულისხმობს სანოტარო წესით მის დამოწმებას. ასეთი სახის მტკიცებულება კი მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. სკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულია თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, აგრეთვე, მხარის წერილობითი აღიარებით. სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობების არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. საქმეში წარმოდგენილი თ. ჩ-ის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი ცხადყოფს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას, რომლის თანახმად, თ. ჩ-ეს თ. ფ-ისთვის გადასახდელი აქვს 1800 აშშ დოლარი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თითქოს აღნიშნულ ხელწერილზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მას, ვინაიდან იგი როგორც სარჩელში, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ხელწერილი იძულებით დააწერინეს. ამასთან, კალიგრაფიული ექსპერტიზის თაობაზე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში დაყენებულია მხარეთა პაექრობისას, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნას.

ამასთან, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმის თანახმად, თ. ჩ-ეს აწევს იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია არა თ. ფ-თან, არამედ ჟ. ზ-ესთან, სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 300 და არა 1800 აშშ დოლარზე, ხელწერილი დადებულია იძულებით. მხარის მიერ აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელია, გაზიარებულ იქნეს თ. ჩ-ის არგუმენტები მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების უარსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.