Facebook Twitter

საქმე # 190100120004046155

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №541აპ-21 ქ. თბილისი

ჯ. ნ., 541აპ-21 12 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ ნ. ჯ-ს ბრალდების ერთ ეპიზოდში (ბ. ჯ-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) არსებული მტკიცებულებები სრულიად საკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო იგივე მტკიცებულებები დარაჩენ ეპიზოდებში მიიჩნია არასაკმარისად, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ. ჯ-ს ბრალეულობას ბრალდების ყველა ეპიზოდში.

- მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ჯ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი ნ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე წარმოდენილი მტკიცებულებები და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ბრალდების მხარეს ბრალდების არცერთ ეპიზოდში არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის - დაზარალებულის მიმართ არ ჩატარებულა ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ჯ-ს ბრალად ედება:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ.

ნ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ნ. ჯ. ცხოვრობდა .. მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მამასთან - ბ. ჯ-თან ერთად, რომელსაც 2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად, შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა, რომ ფულის არმიცემის შემთხვევაში მოკლავდა, ხოლო 2020 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე კვლავ ფულთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ზამთრის ფეხსაცმელი. ნ. ჯ-ს ქმედებებით ბ. ჯ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

- 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ..საცხოვრებელ სახლში, ნ. ჯ-მ შვილს - ე. ჯ-ს გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მკლავზე, რის შედეგედაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, .. საცხოვრებელ სახლში, ნ. ჯ. შვილს - ე. ჯ-ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ თუ არ წავიდოდა სახლიდან, მოკლავდა. ე. ჯ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით ნ. ჯ. - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ე. ჯ-ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ნ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ჯ-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ ნ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ნ. ჯ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 30 სექტემბრიდან. ნ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფის პერიოდი - 2020 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

აღნიშნული განაჩენით ნ. ჯ-ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.

ნ. ჯ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნ. ჯ. ცხოვრობდა .. მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მამასთან - ბ. ჯ-თან ერთად, რომელსაც 2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად, შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა, რომ ფულის არმიცემის შემთხვევაში მოკლავდა. ნ. ჯ-ს ქმედებებით ბ. ჯ-მ განიცადა ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. ჯ-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, თავისი შვილის - ე. ჯ-ს მიმართ. სასამართლომ დადასტურებულად ასევე არ მიიჩნია ნ. ჯ-ს ბრალეულობა 2020 წლის 26 იანვარს თავისი მამის - ბ. ჯ-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ჯ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ნ. ჯ-ს ბრალეულობა ბ. ჯ-ს სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდების ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ე. ჯ-ს, ე. ჯ-ს, ჩვენებებით, გამომძიებლების - გ. ნ-სა და ა. მ-ს ჩვენებებით, თარჯიმან თ. კ-ს ჩვენებით, 2020 წლის 27 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით. მოწმეები - ე. ჯ. და ე. ჯ. ნ. ჯ-ს მხრიდან ბ. ჯ-ზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატური შეურაცხყოფის უშუალო შემსწრე პირები და, შესაბამისად, პირდაპირი მოწმეები არიან, ხოლო გამომძიებლები და თარჯიმანი კი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის ნაამბობ გარემოებებს, რაც სრულად შეესაბამება მოწმეთა - ე. ჯ-სა და ე. ჯ-ს ჩვენებებს და, ამასთან, ისინი განმარტავენ, რომ ნ. ჯ-ს ქმედებების შედეგად დაზარალებული ბ. ჯ. იყო ძლიერ აღელვებული და შეშინებული. შესაბამისად, ბ. ჯ-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში წარმოდგენილია იმ პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ნ. ჯ-ს მიმართ ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ განსხვავებით ბ. ჯ-ს სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდების ეპიზოდისა, ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებში არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ნ. ჯ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ე. ჯ-ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი