საქმე # 330100120003947159
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№542აპ-21 ქ. თბილისი
ნ. გ. 542აპ-21 5 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა იმედა გუგუშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და გ. ნ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებასთან, ასევე - ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; გასათვალისწინებელია, რომ გ. ნ. არ შერიგებია დაზარალებულ მ. მ-ს და არ აუნაზღაურებია მისთვის მიყენებული ზიანი; მხედველობაშია მისაღები, რომ მსჯავრდებული არაერთხელ არის გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის.
2. მსჯავრდებული გ. ნ. საკასაციო შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ... გ. ნ-მ, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,BMW-ს”, სახელმწიფო ნომრით .. ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა (დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) და, ყოველგვარი ობიექტური ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, დაეჯახა ქვეით მ. მ-ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ნ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ნ-ს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე განუსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, მიისწრაფვის შეურიგდეს დაზარალებულს) გათვალისწინებითა და კანონით დადგენილი წინაპირობების (გ. ნ. წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივრშიც, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი