საქმე # 160100120003505105
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№543აპ-21 ქ. თბილისი
ვ. მ. 543აპ-21 6 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის შეცვლასა და მ. ვ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით - დაზარალებულ რ. ო-სა და მოწმე კ. ი-ს ჩვენებებით, მოწმე რ. გ-ს გამოკითხვის ოქმით, რ. ო-ს საფულისა და შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ვ-მ ნამდვილად ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.
2. მსჯავრდებულ მ. ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა. საკასაციო შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ვ-ს ბრალად დაედო ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ... სათამაშო აპარატების სალონ ,,..-ის“ მიმდებარედ არსებულ საკონდიტრო მაღაზია ,,ო-ს“ უკან, ბ. მ-მ რ. ო-ს მუშტი დაარტყა სახის არეში და იმავდროულად, მ. ვ-მ თანხის წართმევის მიზნით სცემა მას, კერძოდ: ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ძალით ჩაუყო ჯიბეში ხელი და ამოაცალა 1050 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. მ. ვ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით: მ. ვ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 8 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 26 თებერვლიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ამავე განაჩენით ბ. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ვ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü ქ. ... სათამაშო აპარატების სალონ ,,-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ვ-მ ურთიერთშელაპარაკების გამო ჯგუფურად, ბ. მ-თან ერთად, სცემა რ. ო-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მ. ვ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოდ მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მ. ვ-სათვის წარდგენილი ბრალდება 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებასთან მიმართებით - მ. ვ-მ და ბ. მ-მ მხოლოდ სცემეს რ. ო-ს, თუ მსჯავრდებულმა ძალადობით გასტაცა მას თანხა - დაზარალებულის მონათხრობი არსებითად ეწინააღმდეგება ფაქტის უშუალო თვითმხილველების, როგორც მ. ვ-ს თანამსჯავრდებულის - ბ. მ-ს, ასევე - ნეიტრალური მოწმის - კ. ი-ს ჩვენებებს; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც არ არის ასახული დანაშაულის ფაქტი; საფულის დათვალიერების ოქმი, რომელშიც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ იდო თანხა და მოწმე რ. გ-ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ შემთხვევის დღეს რ. ო-ს ნამდვილად ჰქონდა თან გარკვეული თანხა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, ხოლო, მეორე მხრივ, მ. ვ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი