Facebook Twitter

საქმე # 330140017001857757

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№72აპ-20 ქ. თბილისი

მ. ნ., 72აპ-20 21 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; პროკურორის მითითებით, განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად შეაფასა, ხოლო, მეორე მხრივ, საერთოდ მხედველობიდან გამორჩა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ნ. მ-ს ბრალდებას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემატური ნახაზი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობა, დაზარალებულ გ. ლ-სა და მოწმეების - ი. ხ-ს, ს. ბ-ს, ლ. ჭ-ს, ჯ. ა-ს, ნ. დ-ს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ-ს ბრალად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე, .. ნ. მ. მოძრაობდა ავტომობილით „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით ... მოძრაობისას მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით მგზავრს - გ. ლ-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. ნ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ნ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ. მ-ს მონაწილეობას 2016 წლის 7 მარტს ... მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში. მხოლოდ მოწმეთა ვარაუდები, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახეს გ. ლ., რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ბრალდებული, რომელიც ნერვიულობდა, თავისთავად არ ადასტურებს ნ. მ-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს; საყურადღებოა, რომ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილზე მყოფი ვერცერთი მოწმე (მათ შორის ვერც დაზარალებული) ვერ უთითებს, რომ დაზარალებულის დაზიანების დროს ავტომანქანა „ჰონდა ფიტს“, რომელსაც მართავდა ნ. მ., რაიმე შეხება ჰქონდა გ. ლ-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტს“ რაიმე შეჯახების ობიექტური ნიშანი (კვალი) არ აღენიშნებოდა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოტექნიკური № ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული სამი მტკიცებულებიდან (ბრალდებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (თანდართული სქემით) და ვიდეოჩანაწერი), რომლებსაც ექსპერტიზა დაეყრდნო, ბრალდებულმა ნ. მ-მ არ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევაში თავისი მონაწილეობა, ვიდეოჩანაწერი წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, ხოლო დათვალიერების ოქმით, ცალკე აღებული, ვერაფრით დადგინდება, რომელი ავტომანქანა შეეჯახა ქვეითს. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ. მ-ს ბრალეულობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი