საქმე # 110100117001955165
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№891აპ-19 ქ. თბილისი
გ. თ. 891აპ-19 27 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და თ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - თ. ს-მ, ნ. გ-მ, და მოწმე რ. გ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - თ. ს-ს, ნ. გ-ს, ნ. ა-ს, მ. მ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა თ. გ-ს ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. გ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2001 წლის თებერვლიდან თ. ს. დაქორწინებულია თ. გ-ზე. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ... თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - ნ. გ. (დაბადებული ...), რ. გ. (დაბადებული ...) და ე. გ. (დაბადებული ..). თ. გ. თ. ს-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედას, ოჯახის წევრებს (ახლობლებს) და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ:
2001 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. გ-მ თ. ს-ს ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში.
2002 წლის 27 ივლისს ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. გ-მ თ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე შეაგინა დედა და აიძულა სახლიდან წასვლა. მეუღლის ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ტანჯვა.
2002 წლის დეკემბრერში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამმა თ. გ-მ ორსულ თ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე შეაგინა დედა და ოჯახის წევრები (ახლობლები). ამის შემდეგ მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და აიძულა სახლიდან წასვლა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ. გ. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2003 წლის დეკემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ. გ-მ თ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენჯერმე შეაგინა დედა და ოჯახის წევრები (ახლობლები). ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ორივე ფეხის არეში. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2011 წლის 10 აგვისტოს ... მდებარე თ. ს-ს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ. გ-მ ორსულ თ. ს-ს რამდენჯერმე შეაგინა დედა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2012 წლის მაისში ... მდებარე თ. ს-ს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. გ-მ თ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე შეაგინა დედა და ოჯახის წევრები (ახლობლები). ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2016 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ...მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამმა თ. გ-მ თ. ს-ს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე შეაგინა დედა და რამდენჯერმე დაარტყა მუშტები სახის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ნ., რ. და ე. გ-ები. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2.2. 2017 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამმა თ. გ-მ თ. ს-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე შეაგინა დედა და ოჯახის წევრები (ახლობლები). ამის შემდეგ ეზოდან შემოიტანა რეზინის მილი, კვლავ განაგრძო თ. ს-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და რეზინის მილი ერთხელ დაარტყა მეუღლეს მარჯვენა ბეჭის არეში. თ. ს-მ დატოვა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ თ. გ. კვლავ განაგრძობდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ნ. და ე. გ-ები. თ. გ-ს ძალადობის შედეგად თ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2.3. 2017 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ. გ-მ უმიზეზოდ, თავის არასრულწლოვან შვილს - ნ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა მუშტი კისრის არეში, უკანა მხარეს. თ. გ-ს ძალადობის შედეგად ნ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2017 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ...მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამმა თ. გ-მ თ. ს-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ. გ. მეუღლის ძალადობის გამო თ. ს-მ სწრაფად დატოვა საცხოვრებელი სახლი. მას დაედევნა ნ. გ. აღნიშნულის დანახვისას, ოთახიდან გამოსულ ნ. გ-ს ეზოში დაეწია თ. გ. და ფეხი ჩაარტყა ზურგის ქვედა ნაწილში, რის შედეგადაც ბავშვი პირქვე დაეცა, თუმცა სწრაფად წამოდგა და გაიქცა. თ. გ-ს ძალადობის შედეგად ნ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი).
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით თ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და თ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა თ. გ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - თ. ს-მ, ნ. გ-მ და მოწმე რ. გ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის ან/და მათი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მიცემული განმარტებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: მოწმეების - თ. ს-ს, ნ. გ-ს, ნ. ა-სა და მ. მ-ს ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით, ერთი მხრივ, არის ირიბი, ხოლო, მეორე მხრივ, არაფრის მთქმელი და, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, რომ დაზარალებულ ნ. გ-ს აღენიშნებოდა ნაჭდევი წელის არეში, ხოლო დაზარალებულ თ. ს-ს - სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების იმგვარი ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ. გ-ს ბრალეულობაზე.
10. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი