¹ბს-1373-947(კ-05) 18 იანვარი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიული საზოგადოება «ს-ი»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 1 თებერვალს შპს «ს-მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹01-2/53 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის კონტროლის განყოფილებამ შეამოწმა შპს ,,ს-ის" ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე. აღნიშნული შემოწმება, რომელიც შეეხებოდა 1996 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 აპრილამდე პერიოდს, არ ჩატარდა სწორად და ამის შედეგად შედგენილი აქტი უნდა გაუქმებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის ზემოხსენებულ აქტში აღნიშნული იყო, რომ თითქოს წინა შემოწმება, რომელიც შეეხებოდა 1996 წლის 1 იანვრამდე პერიოდს და დარიცხული თანხა განისაზღვრა 8168 ლარით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან ქ. სოხუმის დაცემის შემდეგ საზოგადოების საკუთრებაში არსებული 3 სეინერის, რომლებიც გამოტანილ იქნა აფხაზეთიდან და ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსდა, ბაზაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ შეიქმნა ,,სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიული საზოგადოება ,,ს-ი", რომელსაც, ფაქტობრივად, არ უწარმოებია არავითარი სამეწარმეო საქმიანობა და ამდენად, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ წარმოშობია, ხოლო საზოგადოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, კერძოდ, სეინერები გათავისუფლებული იყო ქონების გადასახადისაგან. ზემოხსენებულ აქტში მითითებული იყო, რომ თითქოს დარიცხული 8168 ლარიდან ბიუჯეტში გადახდილი იყო ძირითადი თანხა _ 1149 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა ჩამოიწერა. მოსარჩელემ გადაიხადა 1149 ლარი მოპასუხის არასწორი მოთხოვნის შესაბამისად, თითქოს მოსარჩელეს წინასწარ ევალებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გადასახადის გადახდა. რაც შეეხება რევიზიას, იმ პერიოდში საერთოდ არ ჩატარებულა და მოსარჩელისთვის გაუგებარი იყო, თუ საიდან მოახდინა საგადასახადო ინსპექციამ აღნიშნული 8168 ლარის დარიცხვა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია და შესაბამისად, საბუღალტრო დოკუმენტიც არ შედგენილა;
2. იმ შემოწმებასთან დაკავშირებით, რომელიც ზემოთ მითითებული აქტის მიხედვით, შეეხებოდა 1996-2000 წლებს, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თევზსაჭერ სეინერზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ მან განახორციელა რამდენიმე საცდელი გასვლა შემოწმების მიზნით, რა დროსაც დაფიქსირდა უმნიშვნელო რაოდენობის ქაფშიის დაჭერა, რაც ნაჩვენები იყო რეწვის ჟურნალში და რომლის შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტები აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულ იქნა 1997 წლის ბოლოს, რის შესახებაც არსებობს ამოღების ოქმი, შესაბამისი საბუთები კი, მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი თხოვნისა, მისთვის არ დაუბრუნებიათ. იმ პერიოდში არამართლზომიერად და თვითნებურად, არარსებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მოგონილი ციფრებით განხორციელდა თანხების დარიცხვა. ერთადერთი სიმართლე, რომელიც აისახა ზემოთ ნახსენებ აქტში, იყო ის, რომ მოსარჩელემ 1998-1999 წლებში უკრაინის საზღვაო საწარმოებს ხელშეკრულების საფუძველზე, არენდით გადასცა სეინერები _ ,,რ-ა" და ,,ი-ი" და მიღებული საარენდო თანხა 1800 ლარის ოდენობით მთლიანად ჩარიცხა ბიუჯეტში. სხვა შემოსავლები საზოგადოებას არ ჰქონია და შესაბამისად, ზემოთ მითითებულ აქტში მოყვანილი თანხები იყო არარეალური. მოსარჩელემ სწორად აწარმოვა მის მიერ შესრულებული უმნიშვნელო სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტები და შესაბამისი თანხა დროულად და სრულად გადაიხადა ბიუჯეტში, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო 2000 წლის 13 ნოემბრის უკანონო აქტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო შპს «ს-ის» სასარჩელო განცხადება და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა სადავო აქტში მითითებული, 1996 წლის 1 იანვრამდე ჩატარებული წინა შემოწმების აქტის მიხედვით დამატებით დარიცხული თანხები, ვინაიდან სადავო აქტი მოიცავდა 1996 წლის იანვრიდან 2000 წლის 1 აპრილამდე პერიოდს, ხოლო 1996 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესწავლა განხორციელდა წინა საგადასახადო შემოწმებით, რომლითაც დარიცხული იყო 8168 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელემ მოახდინა 2000 წლის 13 ნოემბრის აქტის არასწორი ინტერპრეტაცია. არასწორი იყო ასევე მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო აქტით 1998 წლამდე თანხების დამატებით დარიცხვა თითქოს უსაფუძვლო იყო, რადგან აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს ყველა საბუღალტრო დოკუმენტი იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდებით. რაც შეეხებოდა 1998-1999 წლების პერიოდს, მოსარჩელე ნაწილობრივ აღიარებდა შესაბამისი აქტის სისწორეს, ხოლო იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც არ ეთანხმებოდა, არ მოჰყავდა არანაირი მტკიცებულება და არგუმენტაცია, გადასახადის დარიცხვის მცდარობის ტვირთი კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 257-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს. ამასთან, შპს «ს-მა» არ ისარგებლა აღნიშნული ნორმით და გაუშვა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 256-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტი დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 237-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს უფლება ჰქონდა დარიცხვა და გადასინჯვა მოეთხოვა მხოლოდ 6 წლის ფარგლებში, ხოლო 1996 წლიდან უკვე 9 წელი იყო გასული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებლის ავტორმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის აქტი შპს «ს-ის» ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების შესახებ 2000 წლის 13 ნოემბრისა და 2000 წლის 28 ნოემბრის სახესხვაობით და გაუქმდა მხარეებს შორის ამ აქტის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები; მოპასუხეებს დაევალათ სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიული საზოგადოება «ს-ის», ........... კოლმეურნეობისა და შპს «ს-ის» სამართალმემკვიდრის შემოწმება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული მოთხოვნების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების დადგენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექ სის 26-ე მუხლზე, აგრეთვე _ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და 439-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი არ იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ორივე მოპასუხის ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი, მოცემული დავა იყო არა აფხაზეთის ა/რ საერთო სასამართლოების, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი, განსჯადობის წესების დაუცველობით კი, სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიულმა საზოგადოება «ს-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, როგორც უშუალო მოპასუხეს შპს ,,ს-ი" არ ცნობს იმის გამო, რომ შპს ,,ს-ის" სასარჩელო მოთხოვნა ეხება აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის, რომელიც არის შპს ,,ს-ის" უშუალო სათანადო მოპასუხე, ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას, ხოლო მოსარჩელე შპს ,,ს-ი" წარმოადგენს აფხაზეთის ა/რ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, სათანადო მოპასუხე აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექცია კი _ აფხაზეთის ა/რ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მოცემულ საქმეზე სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სწორია, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის, აგრეთვე _ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და 439-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი არ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ორივე მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემული დავა არის არა აფხაზეთის ა/რ საერთო სასამართლოების, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი, განსჯადობის წესების დაუცველობით კი, სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს შპს ,,ს-ი" არ ცნობს, როგორც უშუალო მოპასუხეს იმის გამო, რომ შპს ,,ს-ის" სასარჩელო მოთხოვნა ეხება აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის, რომელიც არის შპს ,,ს-ის" უშუალო სათანადო მოპასუხე, აგრეთვე, იმას, რომ მოცემულ საქმეზე სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სწორია, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმებულიყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექცია შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში და აღნიშნული დეპარტამენტი თავიდანვე ჩართული იყო მოცემულ საქმეში მოპასუხედ _ თვით მოსარჩელემ მიუთითა მასზე, როგორც თანამოპასუხეზე, თავის სასარჩელო განცხადებაში. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, როგორც სათანადო მოპასუხეს, სრული უფლება ჰქონდა სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლი, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის გარდამავალ დებულებებს, განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობას, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, სწორად გადაწყვიტა მოცემული საქმის განსჯადობის საკითხი და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიული საზოგადოება «ს-ის» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად და მოცემული საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სარეწაო პროდუქციის მოპოვებისა და რეალიზაციის კოოპერატიული საზოგადოება «ს-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება;
3. მოცემული საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.