Facebook Twitter

საქმე # 330100114681934

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№943აპ-19 ქ. თბილისი

გ. გ. 943აპ-19 27 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. გ-ს ბრალეულობას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს ბრალად დაედო ქრთამის აღება - მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა, რათა ამ მოხელემ თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო მფარველობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ. გ. 2014 წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ... თანამდებობაზე და იყო მოხელე. 2014 წლის აგვისტოში გ. გ-მ განიზრახა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის სახით, უკანონო მფარველობის გასაწევად, მოეთხოვა თანხა თავისი ნაცნობის - ლ. ა-საგან, რომლისგანაც გაიგო, რომ ეწეოდა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე. გ. გ-მ ლ. ა-ს სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოსთხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან წილი, თვეში - 4000 ლარი. 2014 წლის ნოემბერში გ. გ-მ ლ. ა-საგან, მისი უკანონო საქმიანობისათვის სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო, ჯამურად - 1500 ლარი.

3. გ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა გ. გ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მტკიცება, თითქოსდა, გ. გ-მ, როგორც საქართველოს ... უფროსმა, 2014 წლის აგვისტოში განიზრახა, სამსახურებრივი მფარველობა გაეწია სენაკში ლ. ა-სა და სხვათა უკანონო საქმიანობისათვის (საბურავების ქურდობისა და შემდგომი რეალიზაციისათვის), აშკარად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებითაც დგინდება, რომ გ. გ. 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე იყო ... და სადავო პერიოდში ვერაფრით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას ლ. ა-ს, ხოლო, მეორე მხრივ, მტკიცებულებების გამოკვლევისას გაჩენილი ეჭვი - გამოიწვია თუ არა საბურავების დანაკლისი სწორედ ლ. ა-სა და მის მიერ მითითებული პირების - ბ. ბ-სა და უ. ჯ-ს დანაშაულებრივმა ქმედებებმა, როდესაც მოწმე ლ. ბ-ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო მოწმეებმა - ბ. ბ-მ და უ. ჯ-მ კატეგორიულად გამორიცხეს დანაშაულში თავიანთი მონაწილეობა, სადავო საბურავები კი გამოძიებას არ ამოუღია - ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ყურადსაღებია, რომ გ. გ-სა და ლ. ა-ს შეხვედრისას ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც, ამ მტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსგავსი კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე და რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლოს, უშუალოდ და ობიექტურად შეაფასოს ბრალად წარდგენილი ქმედების დროს შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ გ. გ-მ სწორედ ქრთამი აიღო ლ. ა-საგან და მისთვის ნასესხები თანხა არ გამოურთმევია; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებების იმგვარი ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ. გ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაზე.

10. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი