Facebook Twitter

საქმე # 150100119002900105

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№954აპ-19 ქ. თბილისი

ჩ. ვ., 954აპ-19 21 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. ჩ-სათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, სასჯელის პირობითად ჩათვლის გარეშე; კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ინტენსივობა, კერძოდ: ჩადენილია განზრახ ძალადობრივი დანაშაული, ვ. ჩ. მეუღლეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა; ყურადსაღებია, რომ დაზარალებული არ შერიგებია მსჯავრდებულს, ისინი განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხვრობენ, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით ვ, ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის იძულება - ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ვ. ჩ. მეუღლეს - ა. ა-ს 2018 წლის ოქტომბრიდან .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მათ შორის - 2019 წლის 9 თებერვალს, საღამოს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ვ. ჩ-მ მეუღლეს - ა. ა-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, ასევე მოქაჩა თმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ვ. ჩ-ს სისტემატური ძალადობის შედეგად ა. ა. განიცდიდა ტანჯვას.

3.2. ვ. ჩ. მეუღლეს - ა. ა-ს 2018 წლის ოქტომბრიდან .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად, თვეში რამოდენჯერმე, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების დაფარვის მიზნით, ვ. ჩ. ემუქრებოდა მეუღლეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ძალადობის ფაქტზე მოუყვებოდა თავის ახლობლებს, იგი სახლ-კარს გადაუწვავდა მამამისს და არ აცოცხლებდა მათ, ასევე, თუ მას დაიჭერდნენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა მას.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ ჭყონიძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. ჩ-სათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, სასჯელის პირობითად ჩათვლის გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად - ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის - ამოქმედდა 2019 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა - დამამძიმებელი გარემოების - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას - ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბერს. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვ. ჩ-ს მსჯავრი დაედო 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 9 თებერვლის ჩათვლით ჩადენილი დანაშაულებისათვის, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის (თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელები არის კანონიერი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულების ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებითა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების (ვ. ჩ. მეუღლესთან განქორწინებულია და ისინი ერთად არ ცხოვრობენ) მხედველობაში მიღებით, ვ. ჩ-ს შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ჩაუთვალეს პირობითად, რომლის გამკაცრება და რეალურად მოხდა სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ერთი მხრივ, სისტემატურობა ვ. ჩ-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს წამახალისებელი ნორმაა და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი