Facebook Twitter

საქმე # 200100119002805076

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№9აპ-20 ქ. თბილისი

ა. გ. 9აპ-20 21 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულებმა - ე. ა-მ და დ. ა-მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა გ. ა-ს ბრალეულობა, კერძოდ: ე. ა-ს განცხადებით დგინდება, რომ გამოძიების ეპატზე იგი ამხელდა შვილს სისტემატურ მუქარაში; ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გ. ა. იყო ძალიან აგრესიული; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს დანა, რომლითაც გ. ა. ემუქრებოდა მშობლებს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ა-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ. ა. 2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ... მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ე. ა-ს და მამას - დ. ა-ს, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით გ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ მართებულად ვერ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. ა-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - ე. ა-მ და დ. ა-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არაფრისმთქმელია და ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ გ. ა. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თავის მშობლებს; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა გ. ა-ს ბრალეულობაზე.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი