ას-768-1393-03 19 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 12 ნოემბერს თ. მ.-მ და ე. პ.-მ მ. გ.-ისა და შ. კ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: შპს „შ.-ს“ 1995წ. 2 ოქტომბრის პარტნიორთა კრებისა და ¹2 ოქმის ბათილად ცნობა, ზ. მ.-ის სახელით 1996წ. 14 თებერვალს ნ.მ.-ს სახელზე გაგზავნილი მიწერილობის ანუ შ.კ.-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მინდობილობის ბათილად ცნობა, დამნაშავე პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ოფისის გახსნა, ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვაზე ხელშეშლის აღკვეთა, შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაციის აღდგენა, შპს „შ.-ს“ სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება და მათ სახელზე აღრიცხვა იმ საფუძვლით, რომ შ.კ.-ე არ ყოფილა შპს „შ.-ს“ წევრი და წესდების თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საპრივატიზაციო კომისიის მუშაობაში; 1995წ. 2 ოქტომბრის ¹2 ოქმი ყალბად ცნობა ვინაიდან მასში არ მონაწილეობდა ზ.მ.-ი, თ.მ.-ი, ე.პ.-ი და ოქმზე მათი ხელმოწერები არ არის, ზ.მ.-ის ხელმოწერა კი გაყალბებულია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს შპს „შ.-ს“ მთელი საწესდებო კაპიტალისა და არასაცხოვრებელი ფართობის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
მითითებული დავა არაერთგზის განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
მოსარჩელეებს შპს „შ.-ს“ 1995წ. 2 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ¹2 ოქმის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გასვლის გამო, ბ.კ.-ის შპს „შ.-ს“ უკანონო წევრად ცნობის შესახებ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო დარეგისტრირებული მითითებული შპს-ს პარტნიორად. გ.მ.-ის სახელით 1996წ. 14 თებერვლის თარიღით ნ.მ.-ს სახელზე გაგზავნილი მიწერილობა ჩაითვალა ბათილად. შ.კ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე და მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სარჩელი მატერიალური (2750) და მორალური ზიანის (3000 ლარი) ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნის თაობაზე და მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელეებისათვის ფირმის ოფისის პარტნიორთა საქმიანობისათვის გამოყენების ხელშეშლის აკრძალვა;
სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე,
შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაციის კანონიერად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
შპს „შ.-ს“ სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმებისა და პირველადი დოკუმენტების საფუძველზე თ. მ.-ისა და ე. პ.-ის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაფორმების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. გ.-ი ცნობილ იქნა შპს „შ.-ს“ საწესდებო კაპიტალის 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, აგრეთვე, მასვე 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება რომლითაც დადგინდა, რომ შ. კ.-ე არ იყო შპს „შ.-ს“ პარტნიორი, ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 14 თებერვლის თარიღით შედგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რომლითაც დადგინდა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნა და ხელშეშლის აღკვეთა. მათ ასევე მიუთითეს, რომ სასამართლოს გ. უნდა ეცნო საწესდებო კაპიტალის არა 1/3-ის მესაკუთრედ, არამედ ამ კაპიტალის მთელი ოდენობის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ასევე არასაცხოვრებელი ფართის 1/2-ის ანუ 46 კვ.მ-ის მესაკუთრედ.
მოსარჩელეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის 2/3-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი შპს „შ.-ს“ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის 46 კვ.მ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 15 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება და საქმის განხილვა დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „შ.-ს“ საწესდებო კაპიტალის 1/3-ის მესაკუთრე გახდა მ. გ.-ი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს საწესდებო კაპიტალი 4 თანაბარ ნაწილად განაწილებულად არ უნდა ჩაეთვალა.
სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა იგივე დარჩა, ხოლო ე. პ.-მ მოითხოვა არასაცხოვრებელი ფართობის 1/3-ის მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 14 თებერვლის თარიღით შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და არ დაკმაყოფილდა შ. მ.-ისა და ე. პ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ზ. მ.-ის სახელით 1996წ. 14 თებერვლის თარიღით ნ. მ.-ს სახელზე გაგზავნილი მიწერილობის _ შ. კ.-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების ბათილად ცნობის თაობაზე;
გაუქმდა ამავე გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. მ.-ისა და ე.პ.-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნის თაობაზე და რომლითაც მოპასუხეებს დაევალათ ხელშეშლის აღკვეთა და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნისა და ამ მოპასუხეთა მხრივ ფირმის ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისას ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
ასევე გაუქმდა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ.-ე _ მ.-ის შეგებებული სარჩელი არასაცხოვრებელი ფართის 46 კვ.მ-ზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ... მდებარე 46 კვ.მ-ის 1/3-ზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა მ.გ.-ი, ხოლო 1/3-ზე _ ე. პ.-ი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ¹4 სამშენებლო სარემონტო სამმართველოს, თბილისში, სურამის ქ. ¹1-ში, დაკავებული ჰქონდა 145 კვ.მ.
შპს „შ.-ა“ რეგისტრაციაში გატარდა 1995წ. 27 იანვარს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დამფუძნებლები იყვნენ აწ გარდაცვლილი ბ. მ.-ი, თ. მ.-ი და ე. პ.-ი, რომელთაც შპს „შ.-ს“ საწესდებო კაპიტალში გააჩნდათ თანაბარი წილები.
1995წ. აპრილში შპს „შ.-ს“ იჯარით 5 წლის ვადით გადაეცა ... მდებარე 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი.
შპს „შ.-ს“ საბჭოს 1995წ. 2 ოქტომბრის ოქმის თანახმად, პარტნიორი ე. პ.-ი გაირიცხა საზოგადოებიდან და მის ნაცვლად მიღებულ იქნა შ. კ.-ე.
შპს „შ.-ს“ დირექტორმა ზ.მ.-მ წარმომადგენლობით უფლებამოსილება საპრივატიზაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მიანიჭა შ. კ.-ს.
საპრივატიზაციო კომისიის დასკვნით შპს „შ.-ს“ მიერ იჯარის ხელშეკრულებით დაკავებული 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის ღირებულება შეადგენდა 2755,91 აშშ დოლარს.
შ. კ.-მ გადაიხადა 1740 ლარი ანუ 1378,86 აშშ დოლარი, კერძოდ _ ობიექტის ღირებულების 50%, დანარჩენი 1377,24 აშშ დოლარი დაიფარა 46 ვაუჩერით ანუ ობიექტის მთლიანი ღირებულება დაიფარა სრულად და 1996წ. 18 აპრილს შპს „შ.-ზე“ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ქონების გამოსყიდვაში მოსარჩელეებს მონაწილეობა არ მიუღიათ და იგი გამოისყიდეს შ. კ.-მ და ზ. მ.-მ.
ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.6 და 5.4 მუხლების შესაბამისად, არ მოხდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა შპს „შ.-ს“ პარტნიორობიდან ე.პ.-ის გასვლის თაობაზე, ამჟამად შპს „შ.-ს“ პარტნიორებად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა აწ გარდაცვლილი ზ. მ.-ის მემკვიდრე მ. გ.-ი, თ. მ.-ი და ე. პ.-ი.
ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართის შ. კ.-ის მიერ თავისი სახელით განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ძალაშია, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ გაუქმებულა (გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული). მ. მ.-ისა და ე. პ.-ის მოთხოვნა კ.-ის სახელზე გაცემული წარმომადგენლობის დოკუმენტის ბათილობის შესახებ უსაფუძვლო იყო. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ძალაში იყო შ.კ.-ესა და საპრივატიზაციო კომისიას შორის 1996წ. 2 აპრილის ობიექტის მიღებ-ჩაბარების და შ. კ.-ის, როგორც შპს „შ.-ს“ წარმომადგენლის, მიერ შენობის ღირებულების გადახდის აქტი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მ.გ.-ე მ.-ის სააპელაციო საჩივარი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა შ.კ.-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნის შესახებ, ვინაიდან საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია და იგი არ ფუნქციონირებდა, ამიტომ მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნის, საწარმოს ფუნქციონირებისა და მისი საქმიანობის ხელშეშლის ნაწილში უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად ცნო მ. გ.-ი, როგორც ზ. მ.-ის მემკვიდრე, შპს „შ.-ს“ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 1/3-ის მესაკუთრედ, ვინაიდან შპს „შ.-ს“ პარტნიორები იყვნენ მ. გ.-ი, ე. პ.-ი და შ. მ.-ი. ამავე პირობის შესაბამისად, 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ე.პ.-იც.
რაც შეეხება შ.მ.-ის წილს, იგი სააპელაციო სასამართლომ არ განსაზღვრა, ვინაიდან საქმის განხილვის დროს შ. მ.-მ უარი განაცხადა მისთვის, როგორც პარტნიორისათვის, წილის განსაზღვრასა და მიკუთვნებაზე.
2003წ. 4 ნოემბერს თ. მ.-მ და ე. პ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა შპს „შ.-ს“ ოფისის გახსნისა და მათ მიერ ფირმის ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისას მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის აღკვეთი, მ. გ.-ისა და ე. პ.-ისათვის 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ამ ნაწილში მათ მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
1) კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1995წ. 2 ოქტომბრის ოქმი, რომლითაც ე. პ.-ის ნაცვლად საზოგადოებაში პარტნიორად მიიღო შ. კ.-ე, ყალბია, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია იმის შესახებ, რომ შ. კ.-ე არ ითვლება შპს „შ.-ს“ პარტნიორად იმიტომ, რომ 1995წ. 2 ოქტომბრის ოქმის შესაბამისად, სათანადო ცვლილება არ არის განხორციელებული სამეწარმეო რეესტრში, საფუძველს მოკლებულია.
2) კასატორთა მოსაზრებით, შ. კ.-მ საპრივატიზაციო კომისიაში მუშაობისათვის კანონის დარღვევით თავისი თავი დანიშნა და ნ. მ.-ს სახელზე 1996წ. 14 თებერვლის მიწერილობას ზ. მ.-ის ნაცვლად (იგი გარდაიცვალა 1996წ. 1 აპრილს) თვითონ მოაწერა ხელი.
3) ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ მ. გ.-ის მემკვიდრეობის საკითხს საზოგადოების გარდაცვლილი პარტნიორის ზ. მ.-ის წილზე.
4) მათ უკანონოდ მიაჩნიათ ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის დადგენილება შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
5) ქ. თბილისში, ... მდებარე 92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს კასატორები მ. გ.-ისა და შ. კ.-ის ბრალით წლების განმავლობაში ვერ იყენებენ, სასამართლომ რატომღაც პარტნიორებს შორის გაანაწილა მხოლოდ 46 კვ.მ, ამასთან მ.-ის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა წილის გამოყოფაზე, არ დააკმაყოფილა.
2003წ. 7 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა შ. კ.-მ და მა. გ.-მ.
კასატორებმა მოითხოვეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „შ.-ს“ საწესდებო კაპიტალის (1995წ. მდგომარეობით) ზ. მ.-ის უფლებამონაცვლე მა. გ.-ის, ასევე ქ.თბილისში, ... მდებარე 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის თანაბარ წილში მ. გ.-ე მ.-ისა და შ. კ.-ის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით:
1) სადავო ფართის საიჯარო ქირა, ასევე მისი გამოსყიდვის თანხა პირადად გადაიხადეს ზ. მ.-მ და შ. კ.-მ. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ე. პ.-ი აღიარებულია 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 15,3 კვ.მ-ის მესაკუთრედ.
2) შ. კ.-ე, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორად მიღების საკითხი რეგისტრირებული არ იყო სამეწარმეო რეესტრში, სასამართლოს მაინც უნდა ეცნო პარტნიორად, ხოლო ე. პ.-ი პარტნიორობიდან გარიცხულად, ვინაიდან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია დროულად ვერ მოხერხდა საზოგადოების დირექტორის გარდაცვალების გამო.
3) შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც ეს საზოაგდოება, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობს, ამიტომ კასატორებს მიაჩნიათ, რომ დარჩენილი საწესდებო კაპიტალისა და შეძენილი ქონების გაყოფა, როგორც ყოფილ პარტნიორებს, ისე ამ ქონების შეძენაში მონაწილე სხვა პირებს შორის, უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, არავინ არ უნდა გამდიდრდეს უსაფუძლოდ, სხვის ხარჯზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ შპს „შ.-ა“ რეგისტრაციაში გატარდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მისი დამფუძნებლები იყვნენ აწ გარდაცვლილი ბ. მ.-ი, თ. მ.-ი და ე. პ.-ი. საზოგადოებაში სამივე პარტნიორს გააჩნდათ თანაბარი წილი.
საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 6 მილიონი კუპონით.
1995წ. აპრილში შპს „შ.-ს“ იჯარით 5წ. ვადით გადაეცა ... მდებარე 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
საპრივატიზაციო კომისიის დასკვნით შპს „შ.-ს“ მიერ იჯარის ხელშეკრულებით დაკავებული 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ღირებულებამ შეადგინა 2755,91 აშშ დოლარი.
შ. კ.-მ გადაიხადა 1740 ლარი ანუ 1378,76 აშშ დოლარი, ობიექტის ღირებულების ნახევარი. დანარჩენი 1377,24 აშშ დოლარი დაიფარა 46 ვაუჩერით ანუ ობიექტის მთლიანი ღირებულება დაიფარა სრულად და 1996წ. 18 აპრილს შპს „შ.-ზე“ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ქონების გამოსყიდვაში მოსარჩელეებს მონაწილეობა არ მიუღიათ და იგი მთლიანად გამოისყიდეს შ. კ.-მ და ზ.მ.-მ.
საქართველოს პარლამენტის 1996წ. 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995წ. 1 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 1996წ. 30 აგვისტოს განხორციელდა შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ იგი გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია.
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი.
ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილის შესაბამისად.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო კასატორთა მოთხოვნები საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან მათი მოთხოვნების (მოთხოვნები დასაზუსტებელია მხარეთა მიერ) განხილვისა და დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნია ქვემდგომი სასამართლოს მიერ დანიშნულ სალიკვიდაციო კომისიას, ხოლო ქონების განაწილებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისა, სათანადო სარჩელის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სააპელაციო სასამართლო გასცდა თავის ფუნქციას, როგორც საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილების განსაზღვრის თვალსაზრისით, ისე ქონების გაყოფის ნაწილში. გაუქმებულ საზოგადოებაში პარტნიორთა წილების ხელახალი განსაზღვრა, დაუშვებელია (მითუმეტეს მოცემულ შემთხვევაში პარტნიორებს შორის წილი მკვეთრად განსაზღვრული იყო და იგი დავას არ იწვევდა, ხოლო ქონების განაწილებას აწარმოებს სალიკვიდაციო კომისია).
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.