ას-770-1024-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ხ.-მ 2001წ. 22 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ზ. ჩ.-სთან, რომლის თანახმად ა. ხ.-მ 1500 აშშ დოლარი ასესხა სამი თვის ვადით უპროცენტოდ ზ. ჩ.-ს. მოვალემ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა საკუთარი 58-ე ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში.
ანა ხ.-მ 2003წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. ჩ.-ის მიმართ და მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია, რადგან ზ.ჩ.-მ არ გადაუხადა ნასესხები თანხა ა.ხ.-ს, მას ვადის გადაცილებისათვის უნდა ასევე გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საფუძველზე _ ნასესხები თანხის 50%, ე.ი. 750 აშშ დოლარი. ასევე, ზ.ჩ.-მ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი _ 1035 აშშ დოლარი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ხ.-ის სარჩელი : ზ. ჩ.-ს დაეკისრა სესხის სახით მიღებული 1500 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო _ 750 აშშ დოლარი, სულ მთლიანად _ 2350 აშშ დოლარი და წარმომადგენლის ხარჯები _ 45 აშშ დოლარი. ზ. ჩ.-ის იპოთეკით დატვირთული ქონება _ საცხოვრებელი 58-ე ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში, სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული იძულებითი წესით აუქციონზე, რომლის ჩატარებაც დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
ზ. ჩ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რადგან იგი არ არის დადებული სკ-ის 625-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ არ გაიზიარა ზ. ჩ.-ის ის მოსაზრება, რომ მას, როგორც მოპასუხეს არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში და გამოეყენებინა თავისი საპროცესო უფლებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003წ. 26 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილ იქნა არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რის შედეგად აპელანტს საშუალება მიეცა, სააპელაციო წესით გაესაჩივნებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ იქვე მიუთითა, რომ, თუ რაიონულ სასამართლოში ზ. ჩ.-მ ვერ შეძლო ამ უფლებების რეალიზება, ეს შეუძლია სააპელაციო სასამართლოში, როცა საქმე არსებითად იხილებოდა.
ზ.ჩ.-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო სხდომაზე ზ.ჩ.-ის წარმომადგენელმა დ. ჩ.-მ და ა. ხ.-ის წარმომადგენელმა კ.წ.-მა წარმოადგინეს მორიგების აქტი, და მოითხოვეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ზ. ჩ.-ე თანახმაა, შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება იმ პირობით, რომ იგი გადაუხდის ა. ხ.-ს 1500 აშშ დოლარს 2005წ. 11 თებერვლამდე;
ა. ხ.-ე თანახმაა, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება იმ პირობით, რომ ზ. ჩ.-ისაგან მიიღებს 1500 აშშ დოლარს 2005წ. 11 თებერვლამდე;
ზ. ჩ.-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდბა იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში ... ზ. ჩ.-ის კუთვნილი ¹58-ე საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია ვალის უზრუნველყოფის მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მორიგების აქტის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ჩ.-ის წარმომადგენელი დ. ჩ.-ისა და ა. ხ.-ის წარმომადგენელი კ. წ.-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ზ. ჩ.-ე გადაუხდის ა. ხ.-ს 1500 აშშ დოლარს 2005წ. 11 თებერვლამდე; ზ. ჩ.-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდეს იპოთეკით დატვირთული, ქ. თბილისში ... ზ. ჩ.-ის კუთვნილი ¹58-ე საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია ვალის უზრუნველყოფის მიზნით.
მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის განჩინება, ასევე, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჩ.-ის წარმომადგენელ დ. ჩ.-ესა და ა. ხ.-ის წარმომადგენელ კ. წ.-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
ზ. ჩ.-ე გადაუხდის ა. ხ.-ს 1500 აშშ დოლარს 2005წ. 11 თებერვლამდე; ზ. ჩ.-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდეს იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში ... ზ. ჩ.-ის კუთვნილი ¹58-ე საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია ვალის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ მორიგების შემდეგ მხარეებს ერთმანეთთან სადავო არაფერი აქვთ.
გაუქმდეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის განჩინება, ასევე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.