საქმე # 160100119003301752
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №693აპ-21 ქ. თბილისი
გ-ი ა, 693აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ა და მსჯავრდებულ ე. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:
1.1. ე. თ-ი, - დაბადებული .... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 ნოემბრიდან.
1.2. ა. გ-ი, - დაბადებული .... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით ა. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. თ-ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ხოლო ა. გ-ა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.მ-ი, მ-ს ს-ო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. გ-ს მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, ე. ი-ა, ე. თ-ი და 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ა. გ-ი ჯგუფურად თავს დაესხნენ ა. გ-ს და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე დანის დემონსტრირებით და მოკვლის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ფულს და სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, რითაც ა. გ-ს მიადგა 400 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა. გ-ს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ე. თ-ს დანიშნული სასჯელის შემცირება და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.
5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ ზემოჩამოთვლილ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მსჯავრდებულების - ა. გ-ა და ე. თ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულების - ა. გ-ა და ე. თ-ს აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების - რ. ბ-ს, მ. ქ-ს, გ. უ-ს, ზ. მ-ს, ვ. პ-ს, ლ. კ-ს, ნ. გ-ს, დ. კ-ს, ქ. ჰ-ა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, პირის ამოცნობისა და ამოღების ოქმებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორების მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ა. გ-ა და ე. თ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
12. კასატორის - ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ა. გ-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: ა. გ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი; ამასთან, მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული; იგი ე. თ-ა და მათთან მყოფ მესამე პირთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის დემონსტრირებით, მოკვლის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულს და სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, რითაც დაზარალებულ ა. გ-ს მიადგა 400 ლარის ქონებრივი ზიანი; ა. გ-ი ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირობითი მსჯავრისა და მისთვის გამოსაცდელი ვადის განსაზღვრამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნები; ამდენად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
14. კასატორის - მსჯავრდებულ ე. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს ძირითად არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონტექსტში წარმოადგენს: მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და დანაშაულის აღიარება, მსჯავრდებულის ასაკი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის - ადვოკატ მ. პ-ს მიერ დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არ არის საკმარისი და მხედველობაშია აგრეთვე მისაღები საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები.
15. საქმის მასალების თანახმად, ე. თ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი; ამასთან, მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული; იგი ა. გ-ა და მათთან მყოფ მესამე პირთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის დემონსტრირებით, მოკვლის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულს და სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, რითაც დაზარალებულს მიადგა 400 ლარის ქონებრივი ზიანი; მან დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულების - ა. გ-ა და ე. თ-ს დანიშნული სასჯელები არასამართლიანია და ისინი უნდა შეიცვალოს მათ სასიკეთოდ.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ა და მსჯავრდებულ ე. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი