Facebook Twitter

ას-771-1404-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი სარჩელის მიხედვით: იჯარით აღებული ფართის გამოთავისუფლება.

დავის საგანი შეგებებული სარჩელის მიხედვით: 500 აშშ დოლარის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 7 აპრილს ჯ. შ-ემ გ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის ცენტრალური ბაზრის სარდაფიდან მოპასუხის გამოსახლება და მისთვის გამოთავისუფლებული ფართის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

ქ. ბათუმის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულებით იჯარით აიღო 40 კვ.მ სათავსი, რომელსაც იყენებს შემნახველ საკნად. იგი ამ ფართით სარგებლობს 12 წელია. ავადმყოფობის გამო იჯარით აღებულ ობიექტში დროებით სამუშაოდ დატოვა მისი ნათესავი გ. შ-ე, რომელმაც მისი თანხმობის გარეშე მითითებული ფართი დროებითი სარგებლობისათვის დაუთმო მოპასუხეს.

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე დაკავებულ ფართს არ ათავისუფლებს და დღემდე უკანონოდ სარგებლობს.

გ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მოსარჩელისათვის 500 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ დასახელებული თანხა მოსარჩელემ მას გამოართვა იჯარით აღებული ობიექტში წესრიგის დასამყარებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე გამოსახლდა მის მიერ დაკავებულ 40 კვ.მ ფართიდან და მოსარჩელეს ჩაბარდა გამოთავისუფლებული.

შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

უმაღლესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ბაზრის 40 კვ.მ სარდაფი. მითითებული სარდაფი, ავადმყოფობის გამო, დროებითი სარგებლობის მიზნით, გადასცა მის ბიძაშვილს გ. შ-ეს, რომელმაც ეს ფართი ერთი წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადასცა გ. ბ-ს.

უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს, სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, მსგავსად მესაკუთრისა გამოეთხოვა იჯარით აღებული სარდაფი, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული არ იყო.

უმაღლესმა სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში მიუთითა, რომ მისი ავტორი ვერ ადასტურებდა მოსარჩელისათვის 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.

2003წ. 30 ნოემბერს გ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე აჭარის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

მისი მოსაზრებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს ჯ. შ-ე იყო არასათანადო მოსარჩელე, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასული იყო და იგი ვერ ჩაითვლებოდა სადავო სარდაფის კეთილსინდისიერ მფლობელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო სადავო სარდაფის კეთილსინდისიერი მფლობელი. მას მითითებული სარდაფი აღებული ჰქონდა იჯარით და იჯარის ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2003წ. დეკემბრის ბოლოს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ იყო სადავო სარდაფის კეთილსინდისიერი მფლობელი, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. მითითებული საკითხი სრულყოფილად აქვს გამოკვლეული უმაღლეს სასამართლოს და დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ მოსარჩელეს ბაზრის ადმინისტრაციასთან დადებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება 2003წ. დეკემბრის ჩათვლით.

მითითებული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებითაც, რომლის 7.1 პუნქტით იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2003წ. 31 დეკემბრის ჩათვლით.

სკ-ის 159-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო სარდაფს ფლობდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ამ სარდაფზე მოსარჩელის მართლზომიერი, კეთილსინდისიერი მფლობელობის საფუძველია.

იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, დამქირავებელს ეკრძალება იჯარით აღებული სადგომის, როგორც ნაწილის, ისე მთლიანი ფართის ქვეიჯარით გადაცემა.

ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პირობის შესაბამისად, არც მოსარჩელეს და არც გ. შ-ეს უფლება არ ჰქონდათ, სადავო სადგომი ქვეიჯარით გადაეცათ გ. ბ-ისათვის, ვინაიდან არ არსებობდა სადგომის მესაკუთრის თანხმობა. ასეთ ვითარებაში მოპასუხის მხრივ სადავო სარდაფის ფლობა ვერ ჩაითვლება მართლზომიერ-კეთილსინდისიერ მფლობელობად.

სკ-ის 160-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია, მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა, ხოლო 164-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ისე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი.

ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელი, უფლებამოსილი იყო, სადავო სარდაფი გამოეთხოვა მოპასუხისაგან (არამართლზომიერი, უკანონო მფლობელისაგან), ხოლო მოპასუხე ვალდებულია, უფლებამოსილ პირს (მოსარჩელეს) დაუბრუნოს გამოთავისუფლებული სარდაფი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა ჯ. შ-ეზე 500 აშშ დოლარის ვერც გადაცემის ფაქტი და ვერც გადაცემის სამართლებრივი საფუძვლიანობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა გ. ბ-ს უარი მითითებული თანხის მოსარჩელისთვის გადასახდელად დაკისრებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინება.

გ. ბ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 13 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ბიუჯეტის ¹012103162 ანგარიშზე _ კოდი ¹2201011107.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.