საქმე # 330100121004448154
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №560აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ. 560აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და გ. გ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე იმ მოტივით, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს; ამასთან, სასამართლომ უფრო გულდასმით უნდა შეაფასოს, თუ რამდენად გულწრფელია დანაშაულის აღიარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ბრალდებულის აღიარება ატარებს გარკვეულ ფორმალურ ხასიათს და არ წარმოადგენს რეალურ სინანულს, არამედ - მიზნად ისახავს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას და ასევე, უნდა გაითვალისწინოს ამ კატეგორიის დანაშაულების სპეციფიკაც.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით გ. გ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გაუქმდა გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 9 თებერვლიდან 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. გ. და მ. კ. 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. უთანხმოების გამო, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2021 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, მ. კ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ... დაახლოებით 22:00 საათზე მასთან მივიდა ნასვამი გ. გ, რომელმაც დაუწყო საუბარი სხვადასხვა თემაზე. მ. კ-მ განუცხადა, რომ მისი საუბარი იყო უინტერესო და არ უნდოდა მისი გაგრძელება და მასთან ურთიერთობა, რის გამოც გ. გ. გახდა აგრესიული და მ. კ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: განუცხადა, რომ ,,მოკლავდა, არ აცოცხლებდა, დაახრჩობდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. გ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე – ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. გ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რომლის გულწრფელობისა და რეალურობის საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ნასამართლობის არმქონეა და დაზარალებულთან წარსულში კონფლიქტი არ ჰქონია; ამასთან, მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, ვინაიდან არსებობდა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლები, გ. გ-ს განსაზღვრული სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გაუქმება და სასჯელის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი