საქმე # 330100120003568495
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №516აპ-21 ქ. თბილისი
დ. ს. 516აპ-21 11 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ს. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ძირითადი კონფლიქტი მოხდა გ. ა-სა და დაცვის პოლიციელ მ-ს შორის, ხოლო ს. დ. ამ კონფლიქტში მონაწილეობდა მხოლოდ როგორც გამშველებელი და ხელების აქტიური მოძრაობით ცდილობდა გაშველებას. მას არც ხელი დაურტყამს და არც იდაყვი ჩაურტყამს გ. მ-სათვის, რასაც ასევე ადასტურებს საქმეში არსებული, მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი; ს. დ-მ საერთოდ არ იცოდა, რომ პოლიციელი თავის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ა. წინააღმდეგობას ამის გამო უწევდა. შესაბამისად, დ-ს ვერანაირად ვერ ექნებოდა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა. დაზარალებული გ. მ. ცრუობს, როდესაც განმარტავს, რომ ს. დ-მ კონფლიქტში ჩართვის შემდეგ ხელი დაარტყა სახეში და იდაყვი ჩაარტყა. ასევე ცრუობს მოწმე ა. გ-ც, რომელიც უთითებს, რომ დ-მ ხელი დაარტყა მ-ს. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ნათლად იკვეთება, რომ ს. დ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ მასში კი არ ერთვება, არამედ - ხელის მოძრაობით აშველებს მოჩხუბრებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ს. დ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ს. დ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით გ. ა., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. დ-მ და გ. ა-მ ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ.
ს. დ-სა და გ. ა-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 16 თებერვალს, დღის საათებში, ... გ. ა. და ს. დ., რომლებიც იყვნენ ნასვამები, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით წინააღმდეგობა გაუწიეს შსს ... პოლიციის უფროს ლეიტენანტს გ. მ-ს, კერძოდ: გ. მ. მოუწოდებდა მათ, დაეცვათ წესრიგი და .. ტერიტორიაზე არ შეეტანათ ალკოჰოლური სასმელი, რის პასუხადაც გ. ა-მ ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და ბოთლების სროლით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. მ-ს, თავის მხრივ, ს. დ-მ დაზარალებულს ხელი დაარტყა სახეში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ და მსჯავრდებულ გ. ა-ს ინეტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მ.
- მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
- მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის არასაპატიმრო სასჯელის დაკისრება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს პრეტენზია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ს. დ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო სასამართლოს ს. დ-სათვის შერაცხული ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. მ-ს ჩვენებით, მოწმეების - ა. გ-ს, ო. ზ-ს, დ. ძ-ს, თ. ც-ს, გ. გ-ს ჩვენებებით, მოწმე თ. ხ-ს გამოქვეყნებული ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ. მ-ს მონაწილეობით ჩატარებული, 2020 წლის 25 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმებით, გ. მ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - ქ. ბ-ს ჩვენებით, 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს პირდაპირი მოწმეების - დაზარალებულ გ. მ-სა და შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, ასევე პირდაპირი, ნეიტრალური მოწმის - ა. გ-ს ჩვენებები, რომლებიც ზუსტად ერთმანეთის ანალოგიურად გადმოსცემენ საქმის ფაქტობრივ გარემობებს და, ამასთან, მათი ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელთა თანახმად, დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც გ. ა-მ ხელი დაარტყა დაზარალებულს, ს. დ-ც ჩაერთო კონფლიქტში, რომლის როლიც არ შემოიფარგლა მხოლოდ გაშველებით, როგორც დაცვის მხარე უთითებს, არამედ - მანაც მხარი აუბა გ. ა-ს, ჩაერია ფიზიკურ კონფლიქტში და დაზარალებულს თვითონაც დაარტყა ხელი სახეში, შემდეგ კი მოხრილი ხელი (იდაყვი) - გვერდში. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულ გ. მ-სა და ნეიტრალური მოწმის - ა. გ-ს დაინტერესებას გ. ა-სა და ს. დ-ს მიმართ, არცერთ მათგანს წარსულში მათთან რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია და ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ გ. მ. და ა. გ. არიან ცრუ მოწმეები; ამასთან, სააპელაციო პალატამ ნათლად დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები და რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი