ას-775-1409-03 30 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სასესხო დავალიანების დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქოების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს-ის” წარმომადენელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “მ-ის” წინააღმდეგ. მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 2002წ. 31 ივლისს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 250000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, სარგებლის წლიური 24%-ის გადახდევინებით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2002წ. 21 ივლისის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის 4240 კვ.მ. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... მიუხედავად ბანკის მხრიდან წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას სესხის დაბრუნების გრაფიკის დაცვის შესახებ. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ პროცენტთან ერთად შეადგინა 299703 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სასესხო დავალიანების დაკისრება და ამ დავალიანების დასაფარავად სკ-ის 300-301 მუხლების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
მოპასუხეზე მხარის მიერ შესაგებელი შემოტანილი არ ყოფილა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოებით შეწყვეტა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სესხი ფაქტობრივად არ არის გაცემული, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე ხელშეკრულება სკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, არარა გარიგებებია, რომლებსაც არ შეიძლება იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
მორიგების აქტით მხარეები მოითხოვდნენ ...... მდებარე 4240 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზაციას. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მორიგების აქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრების ობიექტია, წარმოდგენილი არ აის თანამესაკუთრეთა თანხმობები მათი წილი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მორიგების აქტი ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მორიგების აქტზე ხელმომწერი პირების (მ. გ-ი, ე. მ-ი) მინდობილობები არ არის გაფორმებული სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული საფუძვლით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო და საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მხარეებს უარი უთხრა მორიგების დამტკიცებაზე.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტლება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სს “ს-ის” წარმომადგენელი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეში არსებული მორიგების აქტის დამტკიცებას შემდეგი საფუძვლებით:
1. _ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის მე-3-ე, 131-ე და 133-ე მუხლები;
2. _ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 59-ე და 173-ე მუხლები;
3. _ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 98-ე მუხლი და სკ-ის 289-ე მუხლი;
4. _ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სკ-ის 300-ე და 301-ე მუხლები;
მოწინააღმდეგე მხარემ სასარჩელო მოთხოვნები სცნო, მოითხოვა მისი აღიარების, სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, საკმარის მტკიცებულებად ჩათვლა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა ასევე წარმოადგინეს ახალი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამათლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.
ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს დადგენილება გამოტანილია გადაწყვეტილების ფორმით, ამასთან საქმე ასებითად არ არის გადაწყვეტილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დამაყოფილების ან სარჩელზე უარის თქმის შესახებ. სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მხოლოდ სასამართლოს დადგენილებას მორიგების აქტის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც საქმე არსებითად არ არის გადაწყვეტილი,
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან მოცემული დავა არ არის არსებითად გადაწყვეტილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და სსკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე იგი უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოცემული დავა უნდა გადაწყვიტოს არსებითად, გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღნიშნოს სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას, მისი აღიარება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით, ასევე საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციასაც მოითხოვს მოსარჩელე, არის საერთო საკუთრების ობიექტი. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს მხოლოდ საქმეში არსებული მასალების მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწამეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.