Facebook Twitter

საქმე # 160100120003923318

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №558აპ-21 ქ. თბილისი

დ. ა., 558აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. დ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. დ-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულებები; მართალია, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დანაშაულის შეტყობინების ოქმი, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და შესაბამისი ფოტომასალა, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმი საკმარისია გამართლებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. დ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ა. დ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ... დ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. დ-მ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის მოთხოვნის გამო წამოჭრილი კონფლიქტის დროს, მის მიერ ნასროლი ქვის თავში გარტყმით, იძალადა მამაზე - ს. დ-ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ა. დ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი 2000 (ორი ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ი. ს-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ა. დ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. უსაფუძვლოა პროკურორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული და რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. დ-ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის შემსწრე ერთადერთმა პირმა, დაზარალებულმა ს. დ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი შვილის - ა. დ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სხვა მტკიცებულებები სასამართლოში არ გამოკვლეულა, რადგან ყველა მათგანი მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებს: დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმს, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და ფოტომასალას, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმს, არცერთი ეს მტკიცებულება არ წარმოადგენს ა. დ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას. დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმში მითითებული ინფრომაცია, რომ დაზარალებულ ს. დ-ს ყურის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ერთი მხრივ, არ შეესაბამება მის მიმართ შემთხვევიდან მეორე დღეს, 2020 წლის 24 აგვისტოს ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის № დასკვნას, რომლის თანახმად, მას გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ ოქმში მითითებული დაზიანება მას ა. დ-მ მიაყენა. რაც შეეხება დაზარალებულ ს. დ-ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმს, მოცემულ შემთხვევაში მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი