საქმე # 010100115794409
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №956აპ-19 ქ. თბილისი
ვ. დ., 956აპ-19 20 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და დ. ვ-სათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან დ. ვ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დგინდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით.
2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დ. ვ-ს ბრალად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 1998 წლის 14 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევმა დ. ვ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა, რომლებსაც სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო ხელებზე - ხელთათმანები, აივნიდან უკანონოდ შეაღწიეს ... მდებარე ვ. პ-ს ძე ბ-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლის ბინადრებს ეძინათ. როცა შექმნილ ხმაურზე გაეღვიძათ, თავდამსხმელებმა ვ. ბ-ს შეუკრეს ხელ-ფეხი და მისგან მოითხოვდნენ ფულსა და ძვირფასეულობას, ხოლო უარის მიღების შემდეგ, საძინებლიდან გამოიყვანეს მისი მეუღლე - ლ. ბ., რომელსაც ასევე შეუკრეს ხელ-ფეხი და აწამეს, ვ. ბ-ს სარჩილავი (ე.წ. ,,პაიალნიკი“) აპარატით დაუწვეს კიდურები. თავდამსხმელები დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უკანონოდ, ყაჩაღურად დაეუფლნენ ბ-ების ფულს - 230 ლარსა და სხვადასხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2.2. 2002 წლის 17 აგვისტოს დ. ვ. ... მდებარე პურის მაღაზიაში, ო. ზ-ს ჩანთის ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა - 2350 აშშ დოლარსა და პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. დ. ვ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით დ. ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ü საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ü გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა დ. ვ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ბრალდების მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულების - ვ. ბ-სა და ლ. ბ-ს გამოქვეყნებული ჩვენებების შესაბამისად, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და მათი სახეები არ დაუნახავთ; დაზარალებულ ლ. ბ-ს დამატებითი ჩვენების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მან დაინახა თავდამსხმელის სახე, როდესაც იგი ნიღაბს ისწორებდა, ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის შედეგად დაზარალებულმა ამოიცნო თავდამსხმელი, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ოქმში არ არის მითითებული ამოცნობილი პირის ვინაობა; სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ. ვ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება; დაზარალებულ ო. ზ-ს გამოქვეყნებული ჩვენების თანახმად, მას არ დაუნახავს, ვინ მოჰპარა საფულე, ხოლო მოწმე ნ. ი-ს გამოქვეყნებული ჩვენება, რომლის მიხედვითაც, დ. ვ-ს განმარტებით, ... ქუჩაზე არსებულ პურის მაღაზიაში რუს ტურისტს მოჰპარა 2500 აშშ დოლარი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის - ირიბი და ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ დ. ვ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა დ. ვ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი