Facebook Twitter

საქმე # 140100120004190549

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№793აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ღ. ვ., 793აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მორის ჩუბინიძის

ადვოკატ - ზ. ბ-ს

მსჯავრდებულ - ვ. ღ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ღ. - დაბადებული ... წლის 5 მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 18 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ღ-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ. ღ-მ დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დააზიანა ... მდებარე შპს .. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი და ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს .. კუთვნილ - 5418 ლარს, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო მასთან მყოფმა პირმა შეძლო მიმალვა. აღნიშნული ქმედებით შპს ... მიადგებოდა - 5418 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა საკასაციო შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

7. 2021 წლის 20 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ადვოკატ ზ. ბ-ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ ვ. ღ-ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმება დადებულია ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

8. 2021 წლის 20 ოქტომბერს პროკურორმა ია მეფარიშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ ვ. ღ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:

8.1. ვ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 11 თვე და 14 დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 6 თვე და 16 დღე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 4 წელი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა.

10. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მორის ჩუბინიძემ, მსჯავრდებულმა ვ. ღ-მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-მ იმ პირობით, რომ:

10.1. ვ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 11 თვე და 10 დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 6 თვე და 20 დღე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 4 წელი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ია მეფარიშვილსა და მსჯავრდებულ ვ. ღ-ს შორის უნდა დამტკიცდეს შეცვლილი პირობებით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: დაზარალებულ ე. ლ-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - რ. მ-ს, მ. მ-სა და ნ. დ-ს ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის № და ტრასოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:

ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

ü მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. ღ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ვ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 11 თვე და 10 დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 6 თვე და 20 დღე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 4 წელი;

5. ვ. ღ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს - 2020 წლის 18 ნოემბრიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი