Facebook Twitter

საქმე # 010142221700139243

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №34აგ-21 თბილისი

მ. რ., 34აგ-21 13 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

რ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი;

რ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებით რ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენით რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით - გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით: რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

საბოლოოდ, რ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი.

რ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. 2021 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ კანონით შესული ცვლილების საფუძველზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენიდან ამოერიცხა ნარკოტიკული საშუალება ,,მდმას’’ ,,დიდი ოდენობით’’ შეძენა - შენახვიდან, სიტყვები - ,,დიდი ოდენობა’’. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

რ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, ,,ე’’ ქვეპუნქტებიდან (2019 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ,,ე’’ ქვეპუნქტებზე. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინება) დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ქ-მ, დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენის გაუქმებასა და რ. მ-ს საპატიმრო სასჯელისგან განთავისუფლებას შემდეგი მოტივებით: კასატორს მიაჩნია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ კანონით შესული ცვლილების მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „მდმას“ შემთხვევაში იწყება - 0.5 და არა - 0,05 გრამიდან, როგორც ამას სააპელაციო პალატა უთითებს, ხოლო ვინაიდან რ. მ-ს „შემხებლობა ჰქონდა“ 0.5 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება „მდმასთან“, იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. ამასთან, დაცვის მხარეს გაურკვევლად მიაჩნია, თუ რომელი კლასიფიკაციითაა დასჯადი ნარკოტიკული საშუალება „2 ს-ბ“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონით, ნარკოტიკული საშუალება ,,მდმას’’ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის, მცირე ოდენობად განისაზღვრა - 0,05 გრამიდან 0.5 გრამამდე, ხოლო დიდ ოდენობად - 0.5 გრამიდან 1 გრამამდე, განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 1 გრამიდან ზემოთ ოდენობა.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განაჩენით რ. მ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0.1492 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა-სა“ და ასევე, დიდი ოდენობით - 0.0157 გრამი ნარკოტიკული საშუალება „2ს-ბ-ს“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

5. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მსჯავრდებულ რ. მ-ს სამართლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა იმ თვალსაზრისით, რომ მის მიერ შეძენილი და შენახული - 0.1492 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა’’ აღარ წარმოადგენდა „დიდ ოდენობას“, სააპელაციო სასამართლომ მითითებული განაჩენიდან კანონიერად ამორიცხა სიტყვები - ,,დიდი ოდენობა’’. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა რ. მ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციაზე, რადგან ამავე განაჩენით მას მსჯავრი ასევე დაედო სხვა - 0.0157 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „2ს-ბ-ს“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საწყისი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „მდმა-ს“ შემთხვევაში იწყება - 0.5 და არა - 0,05 გრამიდან, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღინიშნა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა-ს’’ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის, მცირე ოდენობად განისაზღვრა - 0,05 გრამიდან 0.5 გრამამდე, ხოლო დიდ ოდენობად - 0.5 გრამიდან 1 გრამამდე, განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 1 გრამიდან ზემოთ ოდენობა. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალება „2 ს-ბ-ს“, იგი მითითებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის, 28-ე ჰორიზონტალურ გრაფაში და მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის მცირე ოდენობა. შესაბამისად, ამგვარი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი, მათ შორის - ერთი მოხმარებისთვის საჭირო ან უფრო მცირე ოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის დაკვალიფიცირდება როგორც დიდი ან, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

7. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით რ. მ-ს მსჯავრი ასევე დაედო - 0.2611 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა-სა’’ და - 1.3 გრამი მომწვანო მცენარეული მასის, რომელიც შეიცავს „ADB-FUBINACA-ს“ და მიეკუთვნება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს, უკანონო შეძენა, შენახვისათვის (2019 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი); ასევე, დიდი ოდენობით - 0.7009 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა-ს’’ უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღებისათვის (0.5893 გრამი და 0.1116 გრამი - ოქტომბრის ეპიზოდი).

8. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ რ. მ-ს არც ერთი განაჩენით მსჯავრდების არცერთ ეპიზოდში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მასში 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონით შესული ცვლილების გათვალისწინებით, მსჯავრი არ დასდებია ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა-ს’’ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობაზე (0,05 გრამი) ნაკლები ოდენობის უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისათვის, რის შესაბამისადაც, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა რ. მ-ს საპატიმრო სასჯელისგან განთავისუფლების შესახებ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი