ბს-1374-948(კ-05) 9 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 15 ნოემბერს ზ. დ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 13200 ლარის გადახდის დაკისრება, შემდეგი საფუძვლით:
ზ. დ-ე 1997წ. ნოემბრიდან 2004წ. ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში ... თანამდებობაზე, საიდანაც სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გავიდა პენსიაზე. 2000წ. აპრილში საგადასახადო დეპარტამენტმა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გადაურიცხა 3,4 მილიონი ლარი, რომელიც განაწილებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებზე პრემიის სახით, რაც არ მოხდა და მითითებული თანხის 90% უკანონოდ გადაირიცხა სხვა ორგანიზაციებში საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე რ. რ-ს განკარგულებით, რაზეც თანხმობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა დააფიქსირეს წერილობით. მოსარჩელის განმარტებით, მას პრემიის სახით ერგებოდა 15000 ლარი, მაგრამ მიღებული აქვს მხოლოდ 1800 ლარი, რის გამოც უნდა მიეცეს დარჩენილი თანხა 13200 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული რ. რ-ა, ხოლო ამავე სასამართლოს 2005წ. 11 იანვრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზ. დ-მ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 13200 ლარისა, მოითხოვა 11000 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრათ 6527 ლარის გადახდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ აჭარის საგადასახადო დეპარტამენტს გადაერიცხა 3,4 მლნ ლარი, რომელიც უნდა განაწილებულიყო პრემიის სახით საგადასახადო ინსპექციის მუშაკებზე. საგადასახადო ინსპექციის თავმჯდომარე რ. რ-მ თანხის გადარიცხვის თაობაზე თანამშრომლებისაგან მიღებული თანხმობის საფუძველზე, გამოსცა ბრძანება ¹29, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მუშაკების კუთვნილი 3398300 ლარიდან პრემიებისათვის გამოიყო 456300 ლარი, 5000 ლარი დეპარტამენტის ფონდში გადასარიცხად, ხოლო 2848900 ლარი ნაწილ-ნაწილ ჩაირიცხა აჭარის ა/რ მშვიდობის დაცვისა და დეპარტამენტის განვითარების ფონდში. აღნიშნულის გამო, რ. რ-ს მიმართ 2004წ. 13 ივნისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 2004წ. 10 სექტემბერს იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძველი გახდა აჭარის კონტროლის პალატის 2004წ. 5 ივლისის აქტი, რომლის მიხედვით რ. რ-ს ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის სტიმულირების განაწილების კომისიის სხდომის 2000წ. 11 აპრილის ¹6 ოქმი, სადაც განხილულ იქნა სტიმულირების ფონდის და არა პრემიის ფონდის განაწილების საკითხი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ რ. რ-მ საერთო კრებაზე აიძულა თანამშრომლები, თანხმობა განეცხადებინათ თანხების გადარიცხვაზე, რისთვისაც რ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ. რაიონულმა სასამართლომ აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის სტიმულირების განაწილების კომისიის სხდომის 1999წ. 23 აპრილის ¹17 ოქმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-ს პრემიის სახით უნდა მიეღო 11543 ლარი და რ. რ-ს მიერ თანხების გადარიცხვით მას მიადგა მატერიალური ზიანი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-ს მიღებული აქვს 1865 ლარი. საგადასახადო ინსპექციის გაანგარიშებით, 1999წ. იანვარ-ივლისში ზ. დ-ს პრემიის სახით უნდა მიეღო 11000 ლარი, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ზ. დ-ს 1865 ლარის გარდა მიღებული აქვს თანხა, წარმოდგენილი ვერ იქნა.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ზ. დ-მ საერთო კრებაზე გამოხატა ნება კუთვნილი პრემიის ფონდში გადარიცხვის შესახებ, რაც რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს იძულებით გადარიცხულად, რის გამოც მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია, თანახმად სკ-ის 86-ე მუხლისა. სასამართლოს მითითებით, იძულების ფაქტი დადგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 სექტემბრის განაჩენით, რომელსაც, სსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, აქვს პრეიუდიციული ძალა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. რ-ა წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მოსარჩელის მიმართ და აიძულა კუთვნილი თანხის ჩუქება ფონდისათვის, რის გამოც სასამართლომ სკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზ. დ-ის მოთხოვნა მიიჩნია სამართლიანად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. დ-მ, ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ზ. დ-მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და მის სასარგებლოდ ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროსათვის 11543 ლარის გადახდის დაკისრება, შემდეგი მოტივით:
1998-1999 წლებში მისაღები პრემია მას სრულად არ მიუღია, რის გამოც მის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 11543 ლარს, კერძოდ, აჭარის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სტიმულირების ფონდის კომისიის 1999წ. 23 აპრილის ¹17 ოქმის დანართის მიხედვით, ზ. დ-ს ეკუთვნოდა 1999წ. თებერვლის პრემია _ 550 ლარი, 1999წ. 5 მაისის ¹18 ოქმის დანართის მიხედვით, მარტის პრემია _ 1087 ლარი, 1999წ. 31 მარტის ¹20 ოქმის დანართის თანახმად, აპრილის პრემია – 1898 ლარი, 1999წ. 15 ივნისის ¹21 ოქმის დანართის მიხედვით, მაისის პრემია _ 1245 ლარი, 1999წ. 10 ივლისის ¹24 ოქმის დანართის მიხედვით, ივნისის პრემია _ 1797 ლარი, ხოლო 1999წ. 29 აგვისტოს ¹27 ოქმის დანართის მიხედვით, ივლისის პრემია _ 3840 ლარი, 1999წ. 14 აპრილის ¹16 ოქმის დანართის შესაბამისად, 1998წ. მაისი-დეკემბრისა და 1999წ. იანვრის პრემიის სახით ზ. დ-ს უნდა მიეღო 11543 ლარი.
აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მან ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თანხა მთლიანად არ მიუღია, რაც არასწორია, რადგან, აპელანტის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი უწყისებიდან დგინდება, რომ ზ. დ-ს მითითებული თანხები არ მიუღია.
ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
ზ. დ-მ 1999წ. იანვარ-ივლისში პრემიის სახით მიიღო 1800 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხების მიღებაზე საკუთარი ნებით განაცხადა უარი და თანხები გადარიცხულ იქნა აჭარის აღმშენებლობისა და განვითარების ფონდში, რის გამოც სახელმწიფო ვერ აუნაზღაურებს ზიანს, რომელიც მიადგა საკუთარი ნების გამოხატვის შედეგად. ხოლო ის გარემოება, რომ რ. რ-ა ემუქრებოდა, აპელანტის მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა, რადგან რ. რ-ს მიმართ ბრალდების გამო წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, აჭარის ა/რ პროკურატურის 2004წ. 4 აგვისტოს დადგენილებით, სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი ზ. დ-ე, ხოლო დაზარალებულ ზ. დ-ის 2004წ. 4 აგვისტოს დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ. დ-მ აღნიშნა, რომ რ. რ-ს ქმედებით მან განიცადა მატერიალური ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ ზ. დ-ს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს რ. რ-საგან და არა ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო დეპარტამენტისაგან.
აპელანტმა ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია სკ-ის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს 1 წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. შესაბამისად, ზ. დ-ს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც გარიგება კანონიერად უნდა ჩაითვალოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების _ ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ზ. დ-ის მოთხოვნა პრემიალური თანხების _ 6527 ლარის მოპასუხეებზე დაკისრების შესახებ, რადგან ზ. დ-მ თავისი ნება-სურვილით გადარიცხა აღნიშნული თანხები ფონდში და თანხმობა დაადასტურა წერილობით 2000წ. 11 აპრილის აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომელთა საერთო კრების ოქმზე თავისი ხელმოწერით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ამ ეტაპზე თანხების უკან მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, იმ მოტივით, რომ ზ. დ-მ თანხების გადარიცხვაზე გამოხატა თავისი ნება-სურვილი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ გაზიარებულ იქნება მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2000წ. 11 აპრილის საერთო კრებაზე ზ. დ-ის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, კერძოდ, რ. რ-ა დაემუქრა მას სამსახურიდან გათავისუფლებით, რის გამოც კრების ოქმზე ხელმოწერა მოხდა იძულებით და თუ აღნიშნული ფაქტი სკ-ის 89-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, ამავე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა და, ამდენად, გარიგება კანონიერად უნდა ჩაითვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ რ. რ-ა კრების ჩატარებიდან ორი-სამი თვის შემდეგ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ზ. დ-ს საშუალება ჰქონდა მისი უფლებების აღდგენისა და იძულებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მიემართა სასამართლოსათვის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოსათვის, მან კი ეს გააკეთა 4 წლისა და 5 თვის შემდეგ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელმწიფომ ზ. დ-ს გამოუყო პრემიალური თანხა და მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა, მიეღო იგი და საკუთარი სურვილით არ გადაერიცხა სხვა დანიშნულებით, მაგრამ იმის გამო, რომ ზ. დ-მ თავისი სურვილით მოახდინა მითითებული თანხების ფონდში გადარიცხვა, მისი მოთხოვნა სახელმწიფოსაგან კვლავ, მეორეჯერ საპრემიო თანხების გამოყოფაზე არის უსაფუძვლო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზ. დ-ის განმარტება თანხების იძულებით გადარიცხვასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება ზ. დ-ზე რაიმე ზეწოლის ფაქტის არ არსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან რ. რ-ს მიერ უხეში გაუფრთხილებლობა ან განზრახ მოქმედება ზ. დ-ის იძულების შესახებ არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, გარდა ზ. დ-ის ახსნა-განმარტებებისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-მ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროსათვის 13200 ლარის გადახდის დაკისრება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დაარღვია სკ-ის 68-ე და მე-19 მუხლები, რადგან გარიგებად მიიჩნია კრების ოქმზე ხელის მოწერა, რასაც გარიგების ფორმა არ ითვალისწინებს. ამასთან, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარებულ საერთო კრებაზე თანხების გადარიცხვაზე თანხმობის გამოცხადება არ წარმოადგენდა მის ნამდვილ სურვილს და სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულზე მითითება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. კასატორის მითითებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადასტურებულია თანამდებობრივი დანაშაული და ძალადობა.
ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება სკ-ის 89-ე მუხლზე, რადგან 2004 წლამდე გასაჩივრება იყო შეუძლებელი და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 128-ე მუხლით, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას, რადგან სადავო საკითხების გასაჩივრების ვადა კანონით არ არის დადგენილი.
ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება და ზ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
ზ. დ-ის მოთხოვნა 1998-1999 წლებში მიუღებელი პრემიალური თანხების _ 11543 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან 2000წ. 11 აპრილს აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომელთა საერთო კრების ¹1 ოქმზე თავისი ხელმოწერით გამოხატა ნება პრემიალური თანხების აჭარის ა/რ აღმშენებლობისა და დემოკრატიის განვითარების ფონდში გადარიცხვის შესახებ, რის გამოც აღნიშნული თანხების უკან მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსაზრება, რომ პრემიალური თანხების ფონდში ჩარიცხვა მოხდა იძულებით, აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე რ. რ-ს ზეწოლის შედეგად, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 89-ე მუხლი, ამასთან, დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა თავის დასკვნებსა და მოსაზრებებზე, არ დაასაბუთა, მიიჩნია თუ არა სარჩელი ხანდაზმულად და რის საფუძველზე და გადაწყვეტილება ააგო მხოლოდ ვარაუდზე იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ადგილი ჰქონდა ზ. დ-სთან იძულებითი გარიგების დადებას, იგი შეიძლებოდა სადავოდ გაეხადა ზ. დ-ს ერთი წ. განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. თუმცა, მითითებული ვარაუდის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000წ. 11 აპრილს ჩატარებულ საერთო კრების ოქმზე ხელმოწერით ზ. დ-მ გამოხატა რა ნება-სურვილი, მხარეებს შორის დაიდო გარიგება, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია კანონიერად ზ. დ-ის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ 2000წ. 11 აპრილს აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღება აჭარის ა/რ მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდში ქველმოქმედების სახით თანხების გადარიცხვის შესახებ არ წარმოადგენს სკ-ის 50-ე მუხლით განსაზღვრულ გარიგებას, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. მართალია, ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია, მაგრამ ნების არა ყოველგვარი გამოვლენა წარმოადგენს გარიგებას. გარიგებად მიიჩნევა ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა საერთო კრების მიერ თანხების მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდში გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარიგებად, რადგან ნების გამოვლენა გამომდინარეობდა არა გარიგების დადების სურვილიდან, არამედ უფლებამოსილებიდან, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება სხვადასხვა, მათ შორის საქველმოქმედო მიზნით მიმართოს თავისი სახსრები.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხის ანაზღაურების შესახებ ზ. დ-ის მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში იმ მოტივით, რომ თანხების გადარიცხვაზე თანხმობის გამოცხადებით ზ. დ-მ გამოხატა ნება-სურვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, ზ. დ-ის მიმართ იყო თუ არა იძულების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია, 2004წ. 13 ივნისს აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ რ. რ-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმითა და დამნაშავედ ცნობის შესახებ განაჩენით დადგენილ იქნა თუ არა იძულების განხორციელების ფაქტი და აღნიშნულ განაჩენს უნდა მიენიჭოს თუ არა სსკ-ის 106-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა.საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესბამისად, რა წარმოადგენს სარჩელის საფუძველს, კერძოდ, ზ. დ-ე თანხის ანაზღაურებას ითხოვს თუ არა მითითებული განაჩენის საფუძველზე. ასევე უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს თუ რა ოდენობის თანხა იქნა გამოყოფილი საგადასახადო ინსპექციისათვის პრემიის სახით გასახარჯად და რა თანხა უნდა მიეღო კონკრეტულად ზ. დ-ს.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა აღნიშნული ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე, მაგრამ სკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უნდა იქნეს გამოყენებული არა იმ მოტივით, რომ რ. რ-ს მიერ იძულების შესახებ უხეში გაუფრთხილებლობის ან განზრახვის ფაქტი არ დასტურდება, არამედ იმის გამო, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა მიუღებელი პრემიის ანაზღაურება, ზემოაღნიშნული ნორმა კი განსაზღვრავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში კი დავის საგანს არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 2005წ. 25 ნოემბრის ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2006წ. 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ უზრუნველეყოთ აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოებს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა./რ უმაღლესი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც, მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.