Facebook Twitter

¹ას-781-1415-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ზ-ესა და სს «ს-ის» ყოფილ გენერალურ დირექტორ გ. ვ-ს შორის 2002წ. 8 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ. ზ-ე ექვსი თვით დაინიშნა სააქციო საზოგადოების საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2002წ. 8 ოქტომბრის ¹393-კ ბრძანებით დ. ზ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შკკ-ს 30-ე მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე, შრომის ხელშეკრულებით დაწესებული ვადის გასვლის გამო.

დ. ზ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ 2002წ. 8 აპრილს გაფორმებულ კონტრაქტში 2002წ. 17 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილება და კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა არა ექვსი თვით, არამედ ერთი წლით, მაგრამ იგი მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო რაიონული (საქალაქო) სასამართლოში ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთთვიანი მიმართვის ვადა. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, მან რეალურად დადო შეთანხმება 2002წ. 17 ივნისს მოპასუხე სააქციო საზოგადოების ყოფილ დირექტორთან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის განჩინებით დ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით _ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული და აღდგეს ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ზ-ემ, რომლითაც ითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის I პუნქტი და არ გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის მე-3 პუნქტი, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას სასამართლოსთვის მიმართვის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გაშვებული აქვს საპატიო მიზეზით. ამდენად, განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტების თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ზ-ე სააქციო საზოგადოება «ს-ის» საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა «ს-ის» გენერალური დირექტორის 2002წ. 8 ოქტომბრის ბრძანებით. ასევე დადგენილია, რომ დ. ზ-ემ დარღვეული უფლებების გამო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2002წ. 2 დეკემბერს, ანუ თითქმის ორი თვის შემდეგ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, რადგან შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, სარჩელი სამუშაოდან დათხოვნის გამო სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. საქმის ფურცელ ¹5-ზე წარმოდგენილ ბრძანებაზე ზ-ის მიერ გაკეთებული მინაწერით ირკვევა, რომ მას ბრძანება ჩაბარდა 2002წ. 9 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა 2002წ. 9 ნოემბრამდე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩაეთვალა, რადგანაც იყო ავად და მკურნალობდა, წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ირკვევა, რომ იგი ავად იყო 2002წ. 1 ნოემბრიდან - 30 ნოემბრამდე. სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მას ჩაბარდა 2002წ. 9 ოქტომბერს, რის შემდეგაც მას 22 დღის განმავლობაში შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.