ას-783-1413-03 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ეზოს გაყოფა, ნაგებობის მონგრევა და გამოსახლება (ძირითად სარჩელში); საპირფარეშოს მონგრევა და სარკმლის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-მა და ს. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების, გ. ს-ის, ს. გ-ისა და ს. ს-ის მიმართ, ეზოს გაყოფის, ნაგებობის მონგრევისა და გამოსახლების შესახებ.
თავის მხრივ, მოპასუხე გ. ს-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ვ. ს-ის მიმართ საპირფარეშოს მონგრევისა და სარკმლის გაუქმების შესახებ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ისა და ს. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ¹818/15 26.06.98 ექსპერტის დასკვნის ¹1 დანართის მიხედვით და მხარეთა წილების გათვალისწინებით.
2. მოშლილ იქნა მოპასუხე ს. ს-ის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელიც ნაჩვენებია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ¹1 დანართის მწვანე ზოლში.
3. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხე ს. ს-ის გამოსახლებასა და ქირის გადახდევინებაზე.
4. მოპასუხე გ. ს-სა და ს. ს-ს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა მათი გამოუცხადებლობის გამო და უცვლელი დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან 2003წ. 13 ივნისს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს. გ-მა საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 ივნისს გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სხდომა დაინიშნა 2003წ. 24 სექტემბერს, ხოლო ს. ს-ის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებოს საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადის დარღვევის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ის 75-ე მუხლის მიხედვით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ს. გ-ის პრეტენზია, რომ სასამართლო სხდომის შესახებ არ იქნა გაფრთხილებული მისი წარმომადგენელი მ. მ-ი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ რწმუნებულებას ვადა გასული ჰქონდა.
ს. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 სექტემბრის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საოლქო სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო: კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ მას არ ჩაბარებია უწყება და იგი არ იქნა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის შესახებ, რომლითაც დაირღვა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნა. ასევე სასამართლო სხდომის შესახებ არ იქნა გაფრთხილებული მისი წარმომადგენელი მ. მ-ი. სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა სსკ-ის 241-ე მუხლი, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა ს. გ-ის საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად დარჩა თბილისის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 24 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ის უფლებამონაცვლის ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, რომ მას არ ჩაბარებია უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით ს. გ-ს გაეგზავნა უწყება დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე. უწყებაზე მითითებულია, რომ ამ უკანასკნელმა არ ჩაიბარა იგი.
სსკ-ის 75-ე მუხლის მიხედვით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია, განიხილოს საქმე.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, საოლქო სასამართლოს უნდა გაეფრთხილებინა დადგენილი წესით მისი წარმომადგენელი მ-ი, რომ შეგნებულად დაუკარგეს ს. გ-ს მისი რწმუნებულის, მ. მ-ის, რწმუნებულება.
საქმის მასალების თანახმად ს. გ-ის მიერ მ-ზე გაცემულ რწმუნებულებას ვადა სხდომის დღისათვის გასული აქვს. ამდენად, სასამართლო არ იყო ვალდებული, სხდომაზე მოეწვია მ. მ-ი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.