საქმე # 010142221700194369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №61აგ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი
მ-ე გ, 61აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ე, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ასევე გურამ გურგენიძე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატ ნ. ლ-ა და მსჯავრდებულ გ. მ-ა და მისი ადვოკატის - გ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2021 წლის 1 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ პუნქტების საფუძველზე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. კასატორი - მსჯავრდებული გ. მ-ე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. კასატორი მიუთითებს, რომ მის მიმართ დაირღვა საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა დაზარალებულის ბინაში ქურდობის მცდელობის მიზნით მისი შეღწევის ფაქტი.
5. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
6. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენში მითითებული სხდომის მდივნები და პროკურორები ნამდვილად მონაწილეობდნენ გ. მ-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაში სხდომის მდივნად მონაწილეობდა სოფიკო კაპანაძე; 2020 წლის 17 იანვარს - მარიამ ირემაშვილი; სხვა სხდომებში კი მონაწილეობდა ნადეჟდა მარანელი. ასევე, 2019 წლის 29 ნოემბრის, 2020 წლის 17 იანვრის, 2020 წლის 14 თებერვლისა და 2020 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომებში მონაწილეობდა პროკურორი დავით შაკიაშვილი. შესაბამისად, განაჩენში ასახულია ყველა ის პირი (მათ შორის სხდომის მდივანი და პროკურორი), რომლებიც მონაწილეობდნენ საქმის განხილვის პროცესში მისი დაწყებიდან განაჩენის დადგენამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განაჩენი არ გამოუტანია სასამართლოს უკანონო შემადგენლობას.
7. საქართველოს სსსკ-ის 310 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი ახალი ფაქტის ან მტკიცებულების არსებობა, „რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.
8. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე პროკურორს არ წარმოუდენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დაზარალებულის ბინაში ქურდობის მცდელობის მიზნით მისი შეღწევის ფაქტი; გამოკვლეულo მტკიცებულებები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ბინის დათვალიერების ოქმი, მსჯავრდებულის განმარტებით, ადასტურებენ არა მის ბრალეულობას, არამედ მის უდანაშაულობას) იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ისეთ ახალ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომლის წარმოდგენაც დაცვის მხარეს დაინტერესების შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის დროს არ შეეძლო.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი