Facebook Twitter

ას-789-1421-03 26 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სახლის ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონის სოფ. ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე იყო მ. ყ-ი. მ. ყ-ის კომლის წევრად ირიცხება შვილიშვილი _ ა. თ-ი.

1984წ. ივლისში მ. ყ-ს ნება დაერთო, რომ ძველი ამორტიზებული სახლის ადგილზე აეშენებინა ახალი საცხოვრებელი სახლი.

1987 წელს გარდაიცვალა მ. ყ-ი. ამ დროისათვის აშენებული იყო სახლის პირველი სართული. მეორე სართულის მშენებლობა დამთავრდა მ. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ.

ახალი საცხოვრებელი სახლი ..... სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნში აღირიცხა ა. თ-ის სახელზე. ქ. წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ბიუროში საცხოვრებელი სახლი ა. თ-ზე ირიცხებოდა 1990 წლიდან.

2000 წელს ა. თ-ის ძმამ _ მ. თ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში სოფ. ..... გამგეობისა და ქ. წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ ა. თ-ის სახელზე რიცხული სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. 1973წ. 12 დეკემბერს მ. ყ-ის მიერ შედგენილი ანდერძის საფუძველზე სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ ა. თ-მა, როგორც მესამე პირმა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვა მის სახელზე რიცხულ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახლის პირველი სართული ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი მ. ყ-ის საკუთრებად და სახლის ეს ნაწილი მიეკუთვნა მ. თ-ს. მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა. თ-ის სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურსა და სოფ. ..... გამგებელს დაევალა სარეგისტრაციო ჩანაწერებში სათანადო ცვლილებების შეტანა.

ა. თ-ის მამამ – ა. თ-მა სარჩელი აღძრა მ. თ-ისა და სოფ. ..... გამგებლის მიმართ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მესაკუთრედ ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენდა სახლის ამ ნაწილის თანაამშენებელს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. თ-ი ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2½-ის თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ.

2002წ. ივლისში ა. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. თ-ის მიმართ სახლის მეორე სართულის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განჩინებით ა. თ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღების დაუშვებლობის გამო.

ა. თ-მა განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საქმის წარმოება შეწყდა. განჩინებაზე ა. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. თ-ის სარჩელი, იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით სახლის პირველის სართულის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. თ-ი, ხოლო მეორე სართულის მესაკუთრეა ა. თ-ი.

ა. თ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 22 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ა. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას. კასატორი მიუთითებს, რომ ა. თ-ის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით მ. თ-ი წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს. მ. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ იგი წარმოადგენდა სადავო სახლის მეორე სართულის ერთ-ერთ კანონიერ მფლობელს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. თ-ი 1975 წლიდან ირიცხებოდა მ. ყ-ის კომლის (ოჯახის) წევრად. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1987წ. მარტში. სახლი, რომლის მშენებლობა დამთავრდა მ. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ, ა. თ-ზე აღირიცხა 1987 წელს ... სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნში, ხოლო 1990 წელს _ წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ბიუროში.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახლის პირველი სართული მიეკუთვნა მ. თ-ს. არ დაკმაყოფილდა მესამე პირის _ ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა სახლის მისი კომლის საკუთრებად აღიარების შესახებ.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმულ მ. თ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ შეუტანია სააპელაციო საჩივარი და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 2002წ. 30 აპრილს ¹63 წერილში მითითებულია, რომ თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა მთლიან სახლზე ა. თ-ის საკუთრების უფლება, რის გამო, სახლის მეორე სართული დარჩა მესაკუთრის გარეშე.

მ. თ-ი აღიარებითი სარჩელით ითხოვდა, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მისი კომლის საკუთრებას.

სასამართლოს მიერ არ ყოფილა გაუქმებული ა. თ-ის საკუთრების უფლება სახლის მეორე სართულზე. მართალია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ უნდა გაუქმდეს წყალტუბოს ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საცხოვრებელი სახლის ა. თ-ზე აღრიცხვა, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილით არ არის დადგენილი მეორე სართულის საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი.

ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ჩანაწერებში სახლის მეორე სართული უნდა დარჩენილიყო აღრიცხული ა. თ-ის სახელზე.

სააპელაციო პალატამ მტკიცებულების სახით გამოიყენა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. თ-ის სარჩელი მ. თ-ის მიმართ სახლის მეორე სართულის მეაკუთრედ ცნობის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო, გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ქ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 3 აპრილს განხილულ საქმეში ა. თ-ი არ იყო ჩაბმული მხარედ, ამიტომ მის მიმართ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა პრეიუდიციული ძალა.

დავის გადაწყვეტისას არ არის გამოყენებული სკ-ის ნორმები. სააპელაციო პალატამ არ მიუთითა სადავო სახლის მეორე სართულის მესაკუთრედ ა. თ-ის ცნობის სამართლებრივ საფუძველზე.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985წ. 12 ივლისის ¹465-ე განკარგულებით ტექ-აღრიცხვის ბიუროებს დაევალათ სასოფლო საბჭოს აღმასკომების საკომლო წიგნებში არსებული ჩანაწერების მიხედვით სოფლის ტერიტორიაზე არსებული საბინაო ფონდების აღრიცხვა. სადავო სახლმფლობელობის ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია ა. თ-ის სახელზე მოხდა 1990 წელს ...... სასოფლო საბჭოს მიერ წარდგენილი სახლმფლობელთა სიის შესაბამისად. სასამართლოს არ დაუდგენია სახლის სამართლებრივი რეგისტრაციის პროცესში იყო თუ არა დარღვეული იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესები, მოქმედი კანონმდებლობის ნორმები.

სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სახლის სადავო ნაწილის ა. თ-ზე არასწორად აღრიცხვა საქმის მასალებით არ დასტურდება.

სათანადო შეფასება არ აქვს მიცემული იმ გარემოებას, რომ 1993წ. 15 დეკემბერს ..... მიწის რეფორმის კომისიის მიერ ა. თ-ზე გადაცემულია 0,50 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი.

ა. თ-მა სადავო სახლის მეორე სართულის მიკუთვნება მოითხოვა ა. თ-ზე სახლის აღრიცხვიდან ათი წლის შემდეგ. სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე.

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.