Facebook Twitter

ას-792-1053-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. შ.-ს წარმომადგენელმა დ. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ა.-ის“ მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 2003წ. 17 იანვარს შპს „ა.-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ინდივიდუალური სარგებლობის ძირითად აპარატზე სააბონენტო გადასახადი გაიზარდა 100%-ით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების უფლება აქვს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს, კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მართვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ვინაიდან შპს „ა.-ი“ განეკუთვნება კერძო იურიდიულ პირს და იგი არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, მოსარჩელემ მოითხოვა 2003წ. 17 იანვრის ¹01\-1 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. შ.-ს სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

2003წ. 21 ოქტომბერს სასამართლოს საჩივრით მიმართა ს. შ.-ს წარმომადგენელმა დ. შ.-მ და მოითხოვა ზემოაღნიოშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა უზენაესი სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, რის დამადასტურებლადაც წარმოადგინა ცნობა უზენაეს სასამართლოდან.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ს. შ.-ს წარმომადგენლის, დ. შ.-ს, საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე იმის გამო, რომ ს. შ.-ს წარმომადგენელმა დ. შ.-მ დატოვა სასამართლო სხდომა, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ს. შ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს. შ.-ს წარმომადგენელმა დ. შ.-მ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დაირღვა სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი. კერძოდ, სასამართლოს მიერ მხარე გაფრთხილებული არ იქნა პროცესის დატოვების შედეგებზე, იმაზე, რომ იგი ჩაითვლება გამოუცხადებლად და გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა.-მ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარე რაიონულ სასამართლოში მოწვეულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მხარემ პროცესი დატოვა სარჩელის გამოქვეყნების შემდეგ მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ისე, რომ სასამართლო ვერ გააფრთხილებდა მას იმ შედეგის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ შპს „ა.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2003წ. 25 ნოემბერს დანიშნული იყო სხდომა ს. შ.-ს წარმომადგენლის, დ. შ.-ს, 2003წ. 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2003წ. 8 ოქტომბერს დ. შ.-მ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე მისვლა, რის გამოც გააუქმა 2003წ. 8 ოქტომბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. სხდომის მიმდინარეობის დროს ს. შ.-ს წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა სასამართლო სხდომაზე და როცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, დატოვა სასამართლო სხდომა, რაც გახდა მიზეზი მის მიმართ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა. სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლო სხდომის დატოვების დროს შ.-ა არ ყოფილა გაფრთხილებული სხდომის დატოვების შედეგების შესახებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შ.-ს სააპელაციო საჩივარი და გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ პროცესი დატოვა სარჩელის გამოქვეყნებისთანავე მოულოდნელად, ისე, რომ სასამართლო მას ვერ გააფრთხილებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა ამისა, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო უწყებით, რომელიც მას ჩაბარდა სასამართლო სხდომამდე.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწვევის უწყების ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ გაფრთხილებად, რადგან სასამართლო უწყებით მხარე გაფრთხილებული იყო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე და არა სხდომის მიტოვების შედეგებზე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.