საქმე # 820100118002744224
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №972აპ.-19 22 ნოემბერი, 2021 წელი
ზ-ე ჯ-ლ, 972აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2018 წლის 5 ნოემბერს ჯ. ზ. ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც ორი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
1.2. 2018 წლის 7 ნოემბერს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 5 ნოემბრიდან.
1.3. 2018 წლის 17 დეკემბერს ჯ. ზ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ხოლო გირაოს თანხად განისაზღვრა 8000 ლარი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
1.4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ჯ. ზ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
1.5. ამავე განაჩენით ჯ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.6. 2019 წლის 15 ივლისს მსჯავრდებულ ჯ. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ჯ. ზ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.7. 2019 წლის 22 ივლისს პროკურორმა აკაკი მოქერიამ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ჯ. ზ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
1.8. 2019 წლის 13 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2019 წლის 19 სექტემბერს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.9. 2019 წლის 8 ოქტომბერს მსჯავრდებულ ჯ. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჯ. ზ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1.2018 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმში, ფ. ხ-შის გამზირის № -ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,-’’ ეზოში, ჯ. ზ-ემ თავის მეუღლეს - ნ. ა-ეს ზურგში ჩაარტყა ხელი, სწვდა თმაში და გაათრია ავტომანქანისკენ, რა დროსაც ნ. ა-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე იგი ნ. ა-ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2.2018 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმში, ფ. ხ-ის გამზირის №-ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,-’’ ეზოში, ჯ. ზ-მ მარჯვენა მხარზე ხელი დაარტყა ლ. კ-ეს და ყელზე ხელი მოუჭირა ბ. ჩ-ეს, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარეს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ჯ. ზ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, არ წარმოუდგენია.
3.2. კასატორის აზრით, დაზარალებულ ლ. კ-ეს ჯ. ზ-ის ქმედებით ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რაც დადასტურებულია თავად დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ექსპერტიზის დასკვნაში მსჯელობა ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ ფიქსირდება).
3.3. საკასაციო საჩივრის ავტორის შეფასებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯ. ზ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ბ. ჩ-ის თავდასხმის დროს, რაც, კასატორის აზრით დადასტურებულია მოწმეების - მ. ბ-ისა და ჯ. ზ-ის ჩვენებებით.
3.4. ადვოკატი დ. ჯ-ე საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებზე.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ჯ. ზ-ის მსჯავრდებისათვის არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
4.2. ჯ. ზ-ის მიერ ლ. კ-ზე მხარზე ხელის დარტყმის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ლ. კ-ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე სრულად დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, ასევე - მოწმე მ. ბ-ის ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4.3. ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა განსახილველ საქმეში შესაძლებელია როგორც დაზარალებულ ლ. კ-ის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის დაზიანება, რაც მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედებით მიაყენა დაზარალებულს (ლ. კ-ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად) და რაც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა (სუბიექტური და ობიექტური ტესტები).
4.4. რაც შეეხება ბ. ჩ-ის ეპიზოდს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ჯ. ზ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების სავალდებულო ელემენტების (უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი) არსებობას, კერძოდ, დადასტურებულია, რომ პირველად ჯ. ზ-მ იძალადა ბ. ჩ-ზე, რაც გახდა მათ შორის შეხლა-შემოხლის საფუძველი და რის შედეგადაც ბ. ჩ-ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
4.5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე