Facebook Twitter

ას-795-1424-03 4 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: კავშირის საერთო კრების (ყრილობის) შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ-ამ და ნ. ქ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს უსინათლოთა საზოგადოების მე-12 და მე-15 ყრილობების შედეგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 15 მაისის მე-11 ყრილობის შედეგები არჩევნების ნაწილში და ორგანიზაციის ადმინისტრაციას დაევალა, უზრუნველეყო გამგეობისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იგი საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული) იმავე წლის 5 აგვისტოს ჩატარდა რიგგარეშე მე-12 ყრილობა. მოსარჩელის მოსაზრებით, ეს ყრილობა კანონდარღვევით იქნა მოწვეული, რადგან არჩევნები უნდა ჩაეტარებინა მე-10 ყრილობისა და არა მე-11 ყრილობის მიერ არჩეულ ადმინისტრაციას, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ამ დროისათვის უკვე გაუქმებული იყო.

მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე კანონდარღვევით იქნა ჩატარებული კავშირის მე-15 ყრილობაც, რადგან ეს ყრილობაც ჩაატარა მე-12 ყრილობის მიერ არჩეულმა გამგეობამ. ამ ყრილობის ჩატარებისას დაირღვა ასევე წესდების მე-4 მუხლის მოთხოვნა, რადგან ფილიალებში ჩატარებული კრების კვორუმის არარსებობის გამო, იგი უფლებამოსილი არ იყო, მიეღო გადაწყვეტილება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა მე-12 ყრილობა, რომელმაც გამოასწორა მე-11 ყრილობის მოწვევისას დაშვებული შეცდომები. მოპასუხემ მიუთითა, რომ ასევე კანონიერად ჩატარდა მე-15 ყრილობაც.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა უსინათლოთა საზოგადოების (კავშირის) 1997წ. 5 აგვისტოს ჩატარებული მე-12 ყრილობის დადგენილება არჩევნების შედეგების ნაწილში, ასევე კავშირის 2001წ. 7 სექტემბრის მე-15 ყრილობის დადგენილება არჩევნების შედეგების ნაწილში. სასამართლომ მე-12 ყრილობის ჩატარებისას კანონდარღვევით მიიჩნია ის გარემოება, რომ საზოგადოების გამგეობამ ყრილობა მოიწვია და ჩაატარა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობა, რომელიც მე-11 ყრილობით იყო არჩეული, უკვე გაუქმებული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1997წ. 5 აგვისტოს ჩატარებული რიგგარეშე მე-12 ყრილობის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო მე-15 ყრილობის მოწვევისა და ჩატარებისას წესდების მითითებული (4) მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა საკასაციო სასამართლომ, რადგან მიიჩნია, რომ დავა ხანდაზმული არ არის. მე-12 ყრილობის ჩატარების კანონიერების საკითხის დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს მე-15 ყრილობის მოწვევისა და ჩატარების კანონიერბაზეც.

თბილისის საოლქო სასამართლომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

1997წ. 15 მაისს ჩატარდა უსინათლოთა საზოგადოების მე-11 ყრილობა, რომლებზეც განხილული და გადაწყვეტილი იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის არჩეულ იქნა საზოგადოების გამგეობისა და პრეზიდიუმის ახალი წევრები.

თბილისის ისანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა უსინათლოთა საზოგადოების 1997წ. 15 მაისის ყრილობის დადგენილება არჩევნების ჩატარების ნაწილში და გაუქმდა აღნიშნული არჩევნების შედეგები, რადგან ნაცვლად ფარულისა, ღია კენჭისყრით ჩატარდა, ასევე გაუქმდა 1997წ. 15 მაისის ყრილობაზე არჩეული პრეზიდიუმის 1997წ. 20 მაისის დადგენილება. ამავე გადაწყვეტილებით კავშირის ადმინისტრაციას დაევალა, კავშირის წესდების მოთხოვნათა დაცვით გამგეობისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

1997წ. 5 აგვისტოს ჩატარდა უსინათლოთა კავშირის მე-12 ყრილობა, რომელზეც აირჩიეს გამგეობის პრეზიდიუმის იგივე წევრები, მაგრამ უკვე ფარული კენჭისყრით.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ კავშირის მე-12 ყრილობის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან იგი მოწვეული იყო გაუქმებული მე-11 ყრილობის არჩეული გამგეობის მიერ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით, მართალია, გაუქმდა უსინათლოთა კავშირის მე-11 ყრილობის შედეგები არჩევნების ნაწილში, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი საკასაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა, ე.ი. 1997წ. 9 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-11 ყრილობაზე არჩეული გამგეობა ჯერ კიდევ უფლებამოსილი იყო, მოეწვია და ჩაეტარებინა საზოგადოების რიგგარეშე მე-12 ყრილობა, რის გამოც ამ ყრილობის შედეგები ვერ იქნება ცნობილი ბათილად მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ იგი მოწვეული იყო არაკანონიერი გამგეობის მიერ, ხოლო სხვა საფუძველი ამ ყრილობის შედეგების ბათილად ცნობისა მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია.

პალატამ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ მე-12 ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში ვერ აღსრულდება სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება შეუძლებელი გახდეს, ამიტომ მოსარჩელეს ეძლევა უფლება, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, რაც მოსარჩელეებს საქმის განხილვისას არ მოუთხოვიათ. აღნიშნულს კი მოჰყვა ის, რომ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია უსინათლოთა კავშირის 2001წ. 7 სექტემბრის მე-15 ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა. მოსარჩელემ ამ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ის, რომ ყრილობა მოწვეული იყო მე-12 ყრილობაზე არჩეული გამგეობის მიერ, რომელიც მოსარჩელეთა აზრით, უკანონო და არაუფლებამოსილია, მოიწვიოს და ჩაატაროს კავშირის ყრილობები. გარდა ამისა, მე-15 ყრილობა, მოსარჩელეთა აზრით, მოწვეული იყო კავშირის წესდების 15.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მე-12 რიგგარეშე ყრილობის მოწვევა კანონიერია, მე-15 ყრილობა ჩატარდა კავშირის წესდების მოთხოვნათა შესაბამისად. წესდების 15.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, აგრეთვე, უცხოეთში კავშირმა შეიძლება შექმნას ფილიალები. წესდების 9.5 მუხლით გათვალისწინებულია, რომ კავშირის ყრილობის დელეგატებად აირჩევიან კავშირის ფილიალის წევრები 5 წლის ვადით დადგენილი კვოტის მიხედვით. დელეგატები აირჩევიან ფილიალების კრებაზე ფარული ან ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. დელეგატების წარმომადგენლობის კვოტს ადგენს კავშირის გამგეობა. წესდების 15.4 მუხლი კი ადგენს, რომ ფილიალის კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს წევრთა (კრების დელეგატთა) არანაკლებ ნახევარი მაინც. კრების დელეგატთა კვოტს განსაზღვრავს ფილიალის ხელმძღვანელობა. უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული კვოტა ანუ კრების ჩასატარებლად კავშირის წევრთა აუცილებელი მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, თუ ფილიალის რამდენ წევრს აქვს გადაადგილებისა და კრებაში მონაწილეობის მიღების უნარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრებას არ შეიძლება დაესწროს უფრო მეტი წევრი, როგორც ამას მოსარჩელეები მიიჩნევენ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კვოტების დადგენით არ შეზღუდულა ფილიალის წევრების უფლებები, რადგანაც ამით განისაზღვრებოდა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობისათვის საჭირო დამსწრე წევრთა მინიმალური რაოდენობა და არა მაქსიმალური ზღვარი. აქედან გამომდინარე, კავშირის მე-15 ყრილობა ჩატარდა წესდების მოთხოვნათა დაცვით და მისი შედეგების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, ვინაიდან ნ. ქ-ე ესწრებოდა კავშირის ფილიალის 2001წ. 30 ივნისის კრებას, კვოტები არასწორადაც რომ დადგენილიყო, მისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები ამ კრების მსვლელობისას არ დაირღვეოდა. რაც შეეხება ნ. ქ-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი სხვა ფილიალებშიც ესწრებოდა კრებას და ისინი ან დარღვევით ტარდება, ან ზოგიერთში საერთოდ არ ჩატარებულა, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, ამით ნ. ქ-ის, როგორც კავშირის თბილისის ფილიალის წევრის უფლებები არ შეზღუდულა, ხოლო სხვა ფილიალების წევრებს სარჩელი მათი უფლებების დარღვევის შესახებ არ აღუძრავთ. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ქ-ემ მონაწილეობა მიიღო მე-15 ყრილობაში, სადაც კენჭყს იყრიდა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ანუ იგი ცნობდა კავშირის მე-15 ყრილობის ჩატარების კანონიერებას, მისი ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერ გაიმარჯვა არჩევნებში, სასამართლოს მიმართა სარჩელით ამ ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ქ-ა 2003წ. 24 მარტიდან აღარ არის კავშირის წევრი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 264-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მიიჩნია, რომ 1997წ. 24 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ ყველა მოქმედება, რაც მე-11 მოწვევის ყრილობის მიერ არჩეულმა გამგეობამ განახორციელა, კანონსაწინააღმდეგოა. სასამართლომ არასწორად მიუთითა მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგზე, რადგან სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულება გარანტირებულია კონსტიტუციის 82-ე და სსკ-ის მე-10 მუხლით. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 191-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სსკ-ის 264-ე მუხლთან დაკავშირებით, რადგან სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ანალოგიურ წესს ადგენდა სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (1964წ.) I მუხლის მე-3 ქვეპუნქტიც. კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს სასამართლოს 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესსზე, ამიტომ მითითება 264-ე მუხლზე არასწორია. რაც შეეხება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, იმ დროს მოქმედი საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი ადგენდა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი არ იყო გასაჩივრებული, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისას, თუ იგი არ გაუქმებულა – ზემდგომ სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 1997წ. 24 ივლისს მიიღო სასამართლომ, გასაჩივრდა საკასაციო წესით და ვიდრე იგი კანონიერ ძალაში შევიდოდა, 1997წ. 5 აგვისტოს ჩატარდა რიგგარეშე მე-12 ყრილობა. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, სასამართლომ არ გამოიყენა (სამოქალაქო სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), რის გამოც ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა ის ხარვეზი, რაც წინა ყრილობაზე გამგეობის არჩევისას (არჩენების ჩატარება ღია კენჭისყრით, ნაცვლად ფარული კენჭისყრისა) იქნა დაშვებული, რიგგარეშე ყრილობაზე ჩატარებული ხელახალი არჩევნებისას მოპასუხემ გამოასწორა.

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებანი რიგგარეშე ყრილობის ჩატარების კანონიერების თაობაზე, სწორია, რადგან საზოგადოების მართვის ორგანოებს აკრძალული არ ჰქონდა რაიმე მოქმედების (მათ შორის ყრილობის მოწვევა) შესრულება. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობაზე, რადგან დასაშვებია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი აღსრულება შეუძლებელი გახდეს (მაგ. სადავო ნივთი გაიყიდოს). განსახილველ შემთხვევაშიც, რიგგარეშე ყრილობამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაითვალისწინა და შეასრულა ის, რაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაევალა საზოგადოების მართვის ორგანოებს _ რიგგარეშე ყრილობაზე ჩატარებულმა ახალმა არჩევნებმა გააუქმა წინა არჩევნების შედეგები. 1997წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებაც წინა არჩევნების შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითვალისწინებდა. ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი აღსრულება უკვე შეუძლებელია, რადგან მე-11 ყრილობის შედეგები უკვე აღარ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ-ასა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.