საქმე # 330100121004447416
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №572აპ.-21 15 ნოემბერი, 2021 წელი
ჩ-ი ლ. , 572აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2021 წლის 4 მარტს ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
1.2. 2021 წლის 4 მარტს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2021 წლის 3 მარტიდან.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 3 მარტიდან - 2021 წლის 29 აპრილის ჩათვლით.
1.4. 2021 წლის 16 მაისს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ლ. ჩ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
1.5. 2021 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2021 წლის 22 ივნისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.6. 2021 წლის 23 ივნისს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ჩ-ისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
1.7. 2021 წლის 2 ივლისს მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-ემ წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2021 წლის 1 მარტს ლ. ჩ-ის მიერ დედაზე - ნ. თ-ზე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ლ. ჩ-ს აეკრძალა ნ. თ-ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, ნ. თ-ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვრა 30 დღე.
2.2. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 2 მარტს, 23:57 საათზე, 2021 წლის 3 მარტს, 00:25 საათზე, 00:29 საათზე, 00:31 საათზე, 07:25 საათზე, 07:26 საათსა და 07:27 საათზე ლ. ჩ-მა მობილური ტელეფონის საშუალებით დაურეკა ქ. თბილისში, -- -ში მყოფ ნ. თ-ეს, ხოლო 2021 წლის 3 მარტს, დილის საათებში, ლ. ჩ-ი მივიდა ნათელა თოთლაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის აზრით, მსჯავრდებულ ლ. ჩ-ისთვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, ვინაიდან სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ლ. ჩ-ი მსჯავრდებულია ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე სათანადო ყურადღება არ მიექცა ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და ხასიათს.
3.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორ როინ ხინთიბიძის პოზიციას სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ლ. ჩ-სთვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ლ. ჩ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის - აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია) და სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
4.2. საკასაციო სასამართლოს აზრით, ლ. ჩ-ისთვის განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
4.3.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე