Facebook Twitter

საქმე # 020142221700145966

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №49აგ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი

ჯ-ი ბ., 49აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.

1. საპროცესო მოქმედებები:

1.1. 2018 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ და „დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

1.2. 2018 წლის 29 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვალს ბ. ჯ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

1.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 13 მარტს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

1.4. 2021 წლის 8 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა ნ. ჩ-მა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა.

1.5. აპელანტი ახლად გამოვლენილ გარემოებად უთითებდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას („გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლითაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნის დადასტურება მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენებებისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თუ სამართალდამცველებს შეეძლოთ, მაგრამ არ მიმართეს ზომებს ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად და თუ ბრალდებული სადავოდ ხდის ამოღებული ნივთების მფლობელობის ფაქტს. ასევე პირის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

1.6. 2021 წლის 22 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნო.

1.7. 2021 წლის 3 აგვისტოს ადვოკატმა ნ. ჩ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.

2. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები.

2.2. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ ადვოკატის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ხსენებული ნაწილი შეეხება 2021 წლის 1 ივლისის შემდგომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, როდესაც უკვე განხორციელდება გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

2.3. რაც შეეხება შუამდგომლობის იმ ნაწილს, რომელშიც ადვოკატი მიმოიხილავს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატი არ უთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის საქმის განხილვის დროს, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის საფუძველი იქნებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვისთვის.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინება და მიუთითოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

3.2. ადვოკატი ნ. ჩ-ი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 საქმე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რამდენადაც კანონს უნდა მიეცეს უკუძალა, თუ იგი ამსუბუქებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კი შემოთავაზებულია ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც, კასატორის აზრით, შეამსუბუქებს ბ. ჯ-ის სამართლებრივ მდგომარეობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ და „დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

4.3. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადადების შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა გადავადდა 2021 წლის პირველ ივლისამდე.

4.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიაჩნია, რომ ადვოკატის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ხსენებული ნაწილი შეეხება 2021 წლის 1 ივლისის შემდგომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. შესაბამისად, დათქმის მიზნიდან, გამომდინარე მისი გავრცელება 2021 წლის 1 ივლისამდე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე არაგონივრული იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობისათვის სასარგებლო განმარტების მიღება, რამდენადაც სამართალდამცავი ორგანოები, ცხადია, იმოქმედებდნენ 2021 წლის 1 ივლისამდე მოქმედი საკანონმდებლო ინსტრუქციით 2018 წელს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის N6აგ.-21 განჩინება).

4.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე