საქმე # 190140021004274561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №442I-21 თბილისი
ქ-ე დ. 442I-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 18 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან შევიდა მსჯავრდებულ დ. ქ-ს პირადი საქმის მასალები.
2. მსჯავრდებულ დ. ქ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
დ. ქ-ე, - დაბადებული …. წლის …. ოქტომბერს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 14 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
2.2. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით:
დ. ქ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლდა.
დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, 9 თვითა და 12 დღით და საბოლოოდ დ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 9 თვითა და 12 დღით. დავით ქაშიბაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 5 დეკემბრიდან.
2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილება შევიდა, კერძოდ, დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. ქ-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვითა და 9 დღით, საიდანაც 30 წელი, 5 თვე და 9 დღე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. დ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 8 აპრილიდან.
2.4. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით (ამნისტიის გამოყენების თაობაზე):
დ. ქ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წელი გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - 29 წელი, 11 თვე და 9 დღე.
2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით:
მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2.6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელი - 28 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - ამავე განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 5 წელი და საბოლოოდ დავით ქაშიბაძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 34 წლით, 11 თვითა და 8 დღით, საიდანაც 29 წელი, 11 თვე და 8 დღე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. დ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 ოქტომბრიდან.
2.7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით (ამნისტიის გამოყენების თაობაზე):
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად, დ. ქ-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ამნისტირებული სასჯელი - 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 29 წელი, 6 თვე და 17 დღე. დ. ქ-ს აღნიშნული ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 30 ნოემბრიდან.
2.8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 წლით, 4 თვითა და 15 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 22 წელი, 4 თვე და 15 დღე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. დ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
2.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით:
მსჯავრდებულ დ. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ნ. ქ-ს შუამდგომლობა დ. ქ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. კასატორი - მსჯავრდებული დ. ქ-ე ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებას, კერძოდ, მოსახდელი სასჯელისათვის 3 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოკლებას, ვინაიდან 2008 და 2009 წლის კანონებით (,,ამნისტიის შესახებ“), მას მოსახდელად სწორედ სამი თვე დარჩა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლსა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მე-2 მუხლის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით დ. ქ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით (როგორც აღნიშნულია, მისი გამოტანის დროს იყო ნასამართლობის მქონე) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით (ე.ი მასზე გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი); რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, იმავე განჩინებაში მითითებულია, რომ მოცემულ მუხლზე გავრცელებული იყო 2008 და 2009 წლების ამნისტიის კანონები და რუსთავის საქალაქო სასამართლომ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (მოცემულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამაც იმსჯელა 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით). შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ დარჩენილ, მოსახდელ სასჯელს გამოსაკლები აქვს სამი თვე, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილ საბოლოო სასჯელში საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი გათვალისწინებული არ არის.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ქ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი