Facebook Twitter

საქმე # 330100119002837653

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №680აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი შ, 680აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების - შ. მ-ს და დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს, მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ლ.გ-ს ბრალად დაედო: მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; მასვე ბრალად დაედო: დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება; პ. დ-ს ბრალად დაედო: მძევლად ხელში ჩაგდების მომზადებაში თანამონაწილეობა იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; შ. მ-ს, დ. მ-ს და ვ. ხ-ს კი ბრალად დაედოთ: მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. დ-მ გადაწყვიტა თავისი ნაცნობის - ა. კ-ს არასრულწლოვანი ქალიშვილის, ნ. კ-ს მძევლად ხელში ჩაგდება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მშობლებისაგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით. იგი დაუკავშირდა ვ. ხ-ს და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მე-2 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს - დ. მ-ს, რომლებსაც მიაწოდა ინფორმაცია მსხვერპლის ოჯახის კარგი მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაარწმუნა/დაიყოლია დანაშაულის ჩასადენად, რის შემდეგაც ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენას მსხვერპლის ოჯახში არსებულ ვითარებაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდებით.

ვ. ხ-მ წინასწარი შეთანხმებით დ. მ-ან, ლ. გ-ს და შ. მ-თან ერთად დაიწყო პ. დ-ს მიერ მითითებული დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი პირობების განზრახ შექმნა. თავდაპირველად თ-ში, გ-ის მე-... მ/რ-ში, კორპუსი N...ა-ში, ბინა N...-ში იქირავეს ბინა, სადაც ადგენდნენ არასრულწლოვანი ნ. კ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდების გეგმას, ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების სხვადასხვა ხერხს. გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შემთხვევაში, განიხილავდნენ მოქმედების შესაბამის ვითარებასა და ნ. კ-ს მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისი ოჯახისაგან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროებით დაბინავდნენ დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, სადაც მიიტანეს დანაშაულის ჩასადენად გამზადებული ნივთები, კერძოდ: მსხვერპლის შესაბოჭად - წებოვანი ლენტი, ხოლო ავტომანქანის შესანიღბად - სამარშრუტო ტაქსის ნიშანი. ლ. გ. ასევე თ-ში, ფ-ი. ქ. N..-ის მიმდებარედ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ. მ-ს კუთვნილ ,,გაზ-2417-ის“ სანომრე ნიშანს, სახელმწიფო ნომრით - ...-... და მიიტანა ზემოაღნიშნულ ბინაში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უთვალთვალებდნენ ნ. კ-ს, სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.

მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, 2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შსს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, რითაც აღიკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:

ლ. გ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. ლ. გ. - დაბადებული .... წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - შინაპატიმრობა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ლ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ლ. გ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

პ. დ. - დაბადებული .... წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. პ. დ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

შ. მ. - დაბადებული .... წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. შ. მ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

დ. მ. - დაბადებული .... წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. დ. მ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

ვ. ხ. - დაბადებული .... წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით:

მსჯავრდებულ ლ. გ-ს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ლ-ს, მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ-ს, მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ს, მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ-ს, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ლ. გ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2020 წლის 13 ივლისის, N6753 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია). ლ.გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - შინაპატიმრობა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. ლ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

პ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. პ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

შ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. შ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. დ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

ვ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

4. მსჯავრდებულების - შ. მ-ს და დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება დ. მ-ს და შ. მ-ს მიმართ და მათი უდანაშაულოდ ცნობა. ალტერნატივის სახით ადვოკატმა პალატას შესთავაზა დ. მ-ს და შ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 144–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ,“ „ი“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსსკ-ის 269–ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო. საკასაციო საჩივრის თანახმად, ექსპერტის დასკვნა საექსპერტო–კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გასცა იმ პირობებში, როცა ექსპერტს არ ჰქონდა ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით იყო თუ არა მოპოვებული აუდიოჩანაწერები და იყო თუ არა ისინი პროკურორის სათანადო დადგენილებით განსაიდუმლოებული. საკვლევ ობიექტზე საექსპერტო კვლევის უფლებამოსილება ექსპერტს მხოლოდ მას შემდეგ აქვს, რაც ის დარწმუნდება ამ ობიექტის მოპოვების კანონიერებაში. თუ ექსპერტი სავალდებულოდ არ მოითხოვს შესაბამის სასამართლოს განჩინებას, არსებითად დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცული უფლებები. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მითითებული ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული. გარდა ამისა, არსებობს საფუძველი ექსპერტიზის ფარგლებში მოპოვებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაუშვებლად ცნობისა, ვინაიდან ისინი შედგენილია არაქართულ ენაზე, თარგმანის გარეშე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ განჩინებებში მითითებული იყო ხ. ფ. ხოლო დააკავეს სხვა პირი - ლ.გ. უნდა განიმარტოს, განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულებს - შ. მ-ს, დ. მ-ს, ვ. ხ-ს და ლ. გ-ს ჰქონდათ თუ არა უფლება, რომ განაჩენში აქცენტირებებული - 2018 წლის 23 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, მიეღოთ გადაწყვეტილება დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების თაობაზე და დრო, საშუალება შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. მოსაუბრეები ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ არ ჩამოყალიბებულან - განახორციელებდნენ თუ არა რეალურად დანაშაულებრივ ქმედებას ან, თუ შეასრულებდნენ - როდის, როგორ, სად და კონკრეტულად ვის მიმართ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი, მათ შორის, ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის - ე. ე-ს როგორც პატაკის ავტორის, ჩვენებას, რომელიც ემყარება მის მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებას.

5. მსჯავრდებულმა შ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის მასალებითა და შ. მ-ის აღიარებითი ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის ოქტომბერში მისი უშუალო მონაწილეობით ნამდვილად იგეგმებოდა არასრულწლოვან ნ. კ-ს მძევლად ხელში ჩაგდება. ამ მიზნით მან და მსჯავრდებულებმა შეასრულეს რამდენიმე მოქმედება, მათ შორის - ისაუბრეს, თუმცა 2018 წლის 19 დეკემბრს მან, ლ. გ-სთან შეთანხმებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შედეგად გადაწყვიტა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება. ლ. გ-ს ჩვენება მთლიანად გაითვალისწინა სასამართლომ დანაშაულის ნებაყოფლობით ხელის აღებაზე, თუმცა შ. მ-ს ქმედების ჭრილში - უარგუმენტოდ არ გაიზიარა. ამასთან, პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნებისთვის სრულად გაუმართლებელია იმგვარი მკაცრი სასჯელის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება შ. მ-ს ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

6. მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება პ. დ-ს მსჯავრდების ნაწილში და მისი უდანაშაულოდ ცნობა. საკასაციო საჩივრის თანახმად, გაუგებარია, თუ რაში გამოიხატა პ. დ-ს მიერ დანაშაულის მომზადება და თანამონაწილეობა, როცა ფარული თვალთვალის, მიყურადების, ფოტოგადაღების დროს, არსად პ. დ-ს სახელი და გვარი არ ფიგურირებს. მას ამ დანაშაულში მონაწილეობაში ბრალს სდებენ ვ. ხ. და დ. მ, რომლებიც ვერ ასაბუთებენ, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა დ-ს მონაწილეობა. სასამართლო იზიარებს ვ. ხ-ს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ პ. დ-მ თავისი მობილურიდან გადაუგზავნა ნ. კ-ს სურათი ვ. ხ-ს და შემდგომ მან ეს სურათი გადაუგზავნა მ-ს, ხოლო მ-მ კი - მ-ს და რომ პ. დ-ს მობილურში აღმოჩენილი ნ. კ-ს სურათი იდენტურია შ. მ-ს ტელეფონში აღმოჩენილი ნ. კ-ს სურათისა, - რაც არასწორია, ვინაიდან პ. დ-ს ტელეფონში არსებულ ნ. კ-ს სურათზე არაფერი წერია, ხოლო მ-ს ტელეფონში აღმოჩენილ სურათზე წერია - ,,პ-ა.“ სრულიად ბუნებრივია, რომ პ. დ-ს ჰქონდა მისი ნათლულის ფოტო ტელეფონში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შ. მ-ს პ. დ-მ გაუგზავნა ფოტოები დანაშაულის ჩასადენად. ის, რომ დაცვის მხარეს არ გააჩნია ზუსტი პასუხი კითხვაზე, რატომ დაასახელეს ის დანაშაულის მონაწილედ, არ ნიშნავს იმას, რომ პ. დ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა გატაცების სცენარში. ვ. ხ-ის ჩვენებით იკვეთება, რომ დ. საერთოდ არ ყოფილა დანაშაულის დაგეგმაში ჩართული და არც კი ესწრებოდა აღნიშნულ საუბრებს. მისი ჩვენებით დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება საერთო სურვილით. დ. მ-ც ადასტურებს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასა და იმას, რომ პ. დ. დანაშაულის მომზადებაში არ ყოფილა ჩართული. პ. დ-მ საკუთარ ჩვენებაში კატეგორიულად უარყო დანაშაულში მონაწილეობა.

7. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ვ. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობა. ალტერნატივის სახით ადვოკატი პალატას სთავაზობს ვ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას და დანიშნული სასჯელისაგან მის გათავისუფლებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო საჩივრის მიხედვით, იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებს საწყის ეტაპზე მართლაც ჰქონდათ გარკვეული დანაშაულებრივი განზრახვა და მათ შორის მიმდინარეობდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას არც დაცვის მხარე უარყოფს და მოცემული გარემოება ვ. ხ-მ აღიარა კიდეც; მაგრამ ვინაიდან გამოკვეთილია დაუმთავრებელი დანაშაული, სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედება დანაშაულის მომზადებას. მსჯავრდებულებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის ზუსტი დრო, არ ჰქონდათ შერჩეული არც სატრანსპორტო საშუალება, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა განზრახვის სისრულეში მოყვანა. არ ჰქონდათ დაგეგმილი, თუ როგორ და რა ვითარებაში უნდა გამოერთმიათ თანხა კ-ის, არ ჰქონდათ ზუსტად განსაზღვრული - სად უნდა წაეყვანათ და გაეჩერებინათ მსხვერპლი მოტაცების შემთხვევაში; ხოლო 23 დეკემბრის ჩანაწერების მიხედვით, დანაშაულის ობიექტშიც კი არ არიან ჩამოყალიბებულები. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არსებობს ექსპერტიზის ფარგლებში მოპოვებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ისინი თარგმანის გარეშეა წარმოდგენილი და შედგენილია უცხო (არაქართულ) ენაზე.

8. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

11. პ. დ. მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 18.25.144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ვ,“ ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება):

საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას პ. დ-ს მსჯავრდების ნაწილში და დამატებით უთითებს:

როგორც ვ. ხ-ს ჩვენებით დგინდება, პ. დ-მ მას უთხრა, რომ ნაცნობს მისი ვალი ჰქონდა (50000 ლარი) და თუ ვინმე მის დაბრუნებაში დაეხმარებოდა, ნახევარს მისცემდა. მოწმემ დასახმარებლად დ. მ-ს დაურეკა, რომელიც დასთანხმდა. მოწმის ჩვენების აღნიშნული ნაწილი, თავის მხრივ, შეესაბამება დ. მ-ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ ვ. ხ. მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის ახლობელს დასაბრუნებული ჰქონდა 50000 ლარი ვალი და ეძებდა ადამიანს, რომელიც დაეხმარებოდა. რამდენიმე დღეში ამის შესახებ უთხრა შ. მ-ს, რომელიც დახმარებაზე დასთანხმდა. ამასთან. ვ. ხ-მ ჩვენებაში აღნიშნა, რომ პ. დ-ს ნაამბობიდან გამომდინარე, მოვალეს ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც, გეგმის თანახმად, ერთი-ორი საათით სადმე უნდა შეეჩერებინათ, რა დროსაც პ. დ. აიღებდა ფულს. აღნიშნულ ნაწილში დ. მ-ს ჩვენება აგრეთვე შესაბამისია ვ. ხ-ს ჩვენებისა, კერძოდ, ვ. ხ-მ მას და შ. მ-ს უთხრა, რომ კაცს, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი, ჰყავდა ქალიშვილი. დამხმარეებს იგი 1-2 საათით ქუჩაში უნდა შეეყოვნებინათ, ხოლო ვ. ხ-ს ახლობელი ამ დროს თავად დაიბრუნებდა ვალს. ამასთან, ვ. ხ-ს ჩვენების მიხედვით, მას პ. დ-მ გაუგზავნა გასატაცებელი პირის სურათი, რომელიც, თავის მხრივ, გადაუგზავნა დანარჩენ ბრალდებულებს.

უდავო მტკიცებულებით დაზარალებულ ა. კ-ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი 25 წელია, იცნობს პ-ს, იგივე პ. დ-ს, რომელთანაც მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებს. მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა და მისი ოჯახის წევრების შესახებ პ-სთვის ბევრი რამ იყო ცნობილი. ა. კ-მ დაახლოებით ექვსი თვის წინ სოლიდურ თანხად გაყიდა სასტუმრო და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო პ. დ-საც. ამავე ჩვენებით დგინდება, რომ პ. დ-მ და ვ. ხ-მ დაახლოებით ერთი წლის წინ წამოიწყეს ბიზნესი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა და რამდენადაც მისთვის ცნობილია, ფინანსური პრობლემები აქვთ. ა. კ-ს ჩვენებაში იმის შესახებ, რომ მან ვ. ხ-საც უთხრა სასტუმროს გაყიდვის შესახებ, არაფერია ნათქვამი.

2019 წლის 31 იანვრის ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ პ. დ-ს მობილურ ტელეფონში ფიქსირდება ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები ნ. კ-ს გამოსახულებით.

2019 წლის 24 იანვრის ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შ. მ-ს მობილურ ტელეფონში ფიქსირდება ნ. კ-ს ფოტოსურათები; შ. მ-ს მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ნ. კ-ს ფოტოსურათს ზედა მხარეს აქვს ლათინური ასოებით შესრულებული წარწერა - „P-A“ და თარიღი: 21.10.2018 წელი; წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად პ.დ-ს განმარტებით, მას ზედმეტ სახელად ეძახიან ,,პ-ს.“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პირი, რომელიც ფლობდა ინფორმაციას ა. კ-ს ფინანსური მდგომარეობისა და სასტუმროს სოლიდურ ფასად გაყიდვის თაობაზე, იყო - პ. დ. ამასთან, თავის მხრივ, ა. კ-მ მიუთითა, რომ პ. დ-ს და ვ. ხ-ს, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. გარდა ამისა, ა. კ-ს ჩვენებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, ნ. კ-ს დაბადების დღეზე, სტუმართა შორის იყო პ. დ-ც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, რომ მსჯავრდებულს გასატაცებელი პირისათვის იქ გადაეღო სურათი. როგორც აღინიშნა, შ. მ-ს მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ნ. კ-ს ფოტოსურათს ზედა მხარეს ჰქონდა წარწერა - „P-A“ და თარიღი: 21.10.2018 წელი; ხოლო ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შ. მ-ს და პ. დ-ს მობილურ ტელეფონებში არსებული ნ. კ-ს ფოტოსურათები არის იდენტური.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები მიუთითებს, რომ პ. დ-მ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდების მომზადებაში თანამონაწილეობა იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს პ. დ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

12. შ. მ-ს, დ. მ-ს და ვ. ხ-ს მსჯავრდების ეპიზოდები (საქართველოს სსკ-ის 18.144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ვ,“ ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება):

საკასაციო პალატა მოცემული მსჯავრდების ეპიზოდში აგრეთვე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ:

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, აუდიოჩანაწერებით დასტურდება შ. მ-ს, დ. მ-ს და ვ. ხ-ს მიერ დანაშაულის მომზადების ფაქტი. აღნიშნულ მასალას სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულების ქმედებათა სამართლებრივი შეფასების ნაწილში ვრცლად მიმოიხილავს; საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ ამ მტკიცებულებების შინაარსი უშუალოდ მიუთითებს მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გეგმების შემუშავებზე, მათ შორის: თუ როგორ უნდა ჩაესვათ ნ. კ. მანქანაში, რა დროსაც შ. მ. არ გამორიცხავდა მისთვის დარტყმასა და გათიშვას. შ. მ. აგრეთვე საუბრობს გასატაცებელი პირის დღის განრიგზე. 2018 წლის 19 დეკემბერის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად, ასევე განიხილება საკითხი, რომ შ. მ. უკნიდან მიეპაროს ნ. კ-ს, დანა მიადოს და დასახიჩრების მუქარით გააჩუმოს, პარალელურად კი უნდა დაუჭირონ პირი ან გათიშონ, რომ არ იყვიროს. მათივე აზრით, ყველა ქალი მოერიდება სახეზე დანის დასმასა და სახის დასახიჩრებას. 2018 წლის 23 დეკემბერს შ. მ. აღნიშნავს, რომ გოგო მარტო არ დადის. ამ დროს, ვ. ეკითხება ძაღლთან ერთად გამოსვლის თაობაზე, რაზედაც შ. პასუხობს, რომ საერთოდ არ უნახავთ საღამოს ძაღლთან ერთად. ამ დროს დ. მ. განიხილავს შანტაჟის თემას. ამავე დღეს განიხილება ტაქსით გატაცების შემთხვევაც (შ-ს, დ-ს და ვ-ს შორის). გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 23 დეკემბერის ფარული ჩანაწერის მიხედვით, შ.მ დ. მ-ა და ვ. ხ-ს ემშვიდობება სიტყვებით: ,,დავაი, დავაი, ხარაშო, გაკეთდება რა.“

2019 წლის 24 იანვრის ლაზერული დისკის დათვალიერების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ საკომუნიკაციო პროგრამა ,,whatsapp-ში“ ვ. ხ-ს მობილური ტელეფონიდან დ. მ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე ფიქსირდება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მათ შორის - 2018 წლის 14 ნოემბერს განხორციელებული, ნ. კ-ს საპასპორტო მონაცემების, კერძოდ, სახელისა და გვარის მიწერის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ დ. მ. სამსახურებრივი ,,დიჯიპასით,“ რომელსაც გააჩნია ერთჯერადი პაროლი, გადაამოწმა მოქალაქეები: ნ. კ, ა. კ, ლ.ა, ბ. ლ, ი. ლ, გ. კ და ი.ყ.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ ჯგუფის წევრებს დაქირავებული ჰქონდათ ბინა, სადაც ხდებოდა მათი შეკრება, დანაშაულებრივი გეგმის შემუშავება და საჭირო ნივთების შენახვა.

2018 წლის 26 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ თ-ში, გ-ის მე-... მ/რ-ში, კორპუსი N...-ში მდებარე ბინა N...-დან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ერთი სახრახნისი, მწებავი ლენტის გორგალი, პლასტმასის საგანი (ტაქსის აბრა), წარწერით - ,,TAXI“ და ავტომანქანის ორი სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო ნომრით - ...-.... ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულ შ. მ-ს მიერ, შენიშვნა მასზე არ ფიქსირდება.

მოწმეების - ჯ. ჯ-ს და მ. მ-ს ჩვენებებით კი დადგინდა, რომ ჯ. ჯ-ს სახელზე რეგისტრირებული ,,გაზ-2410“ სახელმწიფო ნომრით - ...-..., 2004 წლიდან უძრავად დგას ფ-ის ქუჩაზე და მას ჰქონდა სანომრე ნიშნები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაკავშირების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ავტომანქანას სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა მოხსნილი; მოცემული ასევე დასტურდება ავტომანქანის დათვალიერების ოქმით. ავტომანქანას არ უყენია სანომრე ნიშანი არც წინ და არც უკანა მხარეს.

სააპელაციო სასამართლო მართებულად აღნიშნავს, რომ ვ. ხ-ს, დ. მ-ს და შ. მ-ს ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, მათ 23 დეკემბერს გადაწყვიტეს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება, მოკლებულია საფუძველს და ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის - ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებასთან, რომლითაც უტყუარად დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, დღის ბოლოს, მათ არ გადაუფიქრებიათ დანაშაულის ჩადენა, რადგან ხსენებულ დღეს მათ განიხილეს არაერთი ვარიანტი, მათ შორის - დაზარალებულების დაშანტაჟების, რასაც ამუშავებდნენ ერთობლივად, თუმცა არ იცოდნენ, მიიღებდნენ თუ არა ორგანიზატორისგან თანხმობას.

ადვოკატი დ. ს. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ექსპერტს გამოძიებამ არ წარუდგინა და არც თავად მოუთხოვია განჩინება, რომელიც აუცილებელი იყო მტკიცებულებათა კანონიერი გზით მოპოვების შეფასებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და სასამართლომ იგი არ უნდა გაიზიაროს. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და უთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლით (ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი) და სსსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექსპერტის უფლება-მოვალეობები) დადგენილი რომელიმე წესის უგულებელყოფა.

ადვოკატი აგრეთვე უთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი, მათ შორის, ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის - ე. ე-ს, როგორც პატაკის ავტორის, ჩვენებას, რომელიც მის მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას ემყარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ჩვენება მითითითებულია მხოლოდ იმ მტკიცებულებათა მიმოხილვის ნაწილში, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული.

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); სასამართლო არ არის ვალდებული, მხარის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

ამდენად, შ. მ-ს, დ. მ-ს და ვ. ხ-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის პოზიციებს საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს.

13. სასჯელის სამართლიანობა:

შ. მ. საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი მკაცრია და არ შეესაბამება ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის პარალელურად, მხედველობაში მიიღო შ. მ-ს წარსული ცხოვრება და ფაქტი, რომ დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, რის საფუძველზეც შეუმცირა დანიშნული სასჯელი და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა განუსაზღვრა.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში იმსჯელა საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - შ. მ-ს და დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს, მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი