საქმე # 010100120003953184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №713აპ-21 ქ. თბილისი
ს-ე გ, 713აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ს-ს, - დაბადებულს .... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც არ არის სახიფათო სიცოცხლისათვის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 2 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ბ-ში, ა-ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ს-მ თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მამას - გ. ს-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია;
· 2020 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ა-ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ს-მ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, მამას - გ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით:
გ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1500 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - თ. გ-ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ გ. ს-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმება, გ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით, ეს დანაშაული განზრახია.
7.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების დასაკვალიფიცირებლად კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საფუძვლიანი შიშის გაჩენა, რაც მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
8. 2020 წლის 13 აგვისტოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ ,,112-ში“ შესული №....... შეტყობინების თანახმად, მოქალაქე გ. ს-მ განაცხადა შვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, კერძოდ, ფეხის მოტეხვის თაობაზე.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ. ს-მ (გამართლებულის მამამ) და მოწმე მ. თ-მ (გამართლებულის დედამ) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - გ. ს-ის წინააღმდეგ.
10. მოწმეების - თ. ქ-ს და მ. პ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2020 წლის 13 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ შეტყობინების ინციატორი გ. ს. რომელმაც განუცხადა, რომ 2020 წლის 2 მაისს მასზე იძალადა შვილმა - გ. ს-მ და ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. თავის დროზე პოლიციას არ მიმართა იმიტომ, რომ არ უნდოდა შვილის პასუხისგებაში მიცემა და აპატია. მისივე განმარტებით, 2020 წლის 13 აგვისტოს, ღამის 01:00 საათისთვის მთვრალმა გ. ს-მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც შეეშინდა და მოითხოვა სამართლებრივი დაცვა პოლიციისგან. პოლიციელთა განმარტებით, გ. ს აგრძელებდა მამის ლანძღვა-გინებას და იგი დააკავეს ბრალდებულის სახით.
11. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 27 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მ-ის“ ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გ. ს. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას 2020 წლის 2 მაისიდან იმავე წლის 8 მაისამდე და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები - თ. ქ. და მ. პ. არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი მონათხრობი ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულს არ დაუდასტურებია და ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება გ. ს-ს სხეულზე დაზიანება - მარჯვენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა ცდომით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, დაზარალებულს დაზიანება მიაყენა თუ არა გ. ს-მ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში გ. ს-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
17. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი