Facebook Twitter

ას-801-1435-03 19 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ქ.-ის“ დირექტორმა ჟ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ი. ნ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 24365 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: ი. ნ.-მ 1997წ. 27 ნოემბერს უცხოურ კომპანია „ვ.-ის“ სახელით შპს „ქ.-თან“ დადო კონტრაქტი, რომლის მიხედვით მოპასუხეს უნდა მიეღო 32000 დეკალიტრი სხვადასხვა ღვინომასალა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო მხოლოდ 10089.4 ლარის ღირებულების 20881.7 დეკალიტრი ღვინო. ხელშეკრულების 4.1 მუხლის შესაბამისად, შპს „ქ.-ს“ ევალებოდა ღვინო, თავისი ტრანსპორტითა და სახსრებით გადაეტვირთა სს ღვინის ქარხანა „ვ.-ში“, რაც მოსარჩელემ შეასრულა. ამავე 4.1 მუხლის შესაბამისად, ყოველ გადატვირთულ ღვინომასალაზე მოპასუხეს მისი ღირებულება უნდა გადაეხადა.

1998-99 წწ. მოპასუხემ ბუღალტრული ანგარიშსწორების გვერდის ავლით ღვინომასალების ღირებულების ნაწილი აანაზღაურა.

1999წ. 6 აპრილს შპს „ქ.-სა“ და ი. ნ.-ს შორის შედგა ოქმი, რომლითაც ი. ნ.-მ აღიარა ვალი 21000 დოლარის ოდენობით. ამავე ოქმით ი. ნ.-ს ვალის გადახდის თაობაზე უნდა მიეღო ყველა იურიდიული საბუთი აქციზისა და დღგ-ს აღნიშვნით ისეთი ფორმით, რომელიც დააკმაყოფილებდა სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნებს. გადახდა მოხდებოდა ყველა საბუთის გაფორმებიდან 30 დღის ვადაში. მოპასუხემ 2000 წელს გადაიხადა მხოლოდ 20000 ლარი, გადასახდელი დარჩა 24 365 ლარი.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ანგარიშფაქტურების ა-სერიის ¹... და ¹...-ის გადაცემა. მან მიუთითა, რომ 2000 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა 23000 ლარი, მოწინააღმდეგე მხარე კი დღემდე არ აძლევს ანგარიშფაქტურებს, რის გარეშეც ღვინის რეალიზაციას ვერ ახდენს. სათანადო საბუთების უქონლობის გამო იზარალა 116000 ლარი. შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვს ამ თანხის ანაზღაურებას, შემდეგ შეამცირა დავის საგანი 24000 ლარამდე.

საქმის განხილვამდე მოსარჩელემ შეამცირა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა 6365 ლარის გადახდა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ს შპს „ქ.-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2419,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ.-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2003წ. 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

1999წ. 6 აპრილის ოქმით ი. ნ.-მ ივალდებულება ჟ. რ.-ისათვის 21000 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი იურიდიული საბუთების გაცემის მოთხოვნით. სასამართლომ დაადგინა, რომ 1999წ. 6 აპრილის ოქმით ნაკისრი ვალდებულება ი. ნ.-მ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2000წ. 31 მაისს, 29 ივნისს, 29 და 31 ივლისს. იგი არ დალოდებია და შემდეგშიც არ მოუთხოვია შესაბამისი საბუთების გაფორმება, ვიდრე შპს-მ სარჩელი არ აღძრა მის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ქ.-ის“ მიერ 1999წ. 2 ივლისს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ¹... ღვინომასალების მყიდველის „ვ.-ის“ სახელზე (კონტრაქტის საფუძველზე) და შპს ვალდებული არ იყო, ი. ნ.-ის სახელზე გამოეწერა იმავე სახით ახალი ანგარიშფაქტურა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება აპელანტის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარჩენილ ნაწილზე უარის თქმისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1999წ. 6 აპრილს შედგენილი ოქმი ნამდვილია და ჟ. რ.-ს, რომელიც წარმოადგენდა შპს-ს, უფლება ჰქონდა, დაედო ეს გარიგება.

სასამართლომ მიუთითა სკ-ის 111-ე, 361-ე, 493-ე, 495-ე მუხლებზე.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა 493-ე მუხლზე, რადგან ამ ნორმით ი. ნ.-ს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა საქონლის მიღებაზე, როცა მას გამყიდველმა იმაზე ნაკლები ღვინომასალები მიაწოდა, რაც გათვალისწინებული იყო კონტრაქტით, ი. ნ.-მა ნორმის ეს მოთხოვნა არ განახორციელა, რადგან მან მიიღო ნაკლული ღვინომასალები. მითითებული მუხლის საფუძველზე, იგი ვალდებულია, გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასი მიღებული საქონლის პროპორციულად.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი (ი. ნ.-ი) სასამართლოს მეწარმე სუბიექტად არ უნდა მიეჩნია, მასზე არ უნდა გაევრცელებინა 495-ე მუხლის მოთხოვნა. კონტრაქტის საფუძველზე ი. ნ.-ი წარმოადგენს ფირმა „ვ-ს“ და იგი ვალდებული იყო, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენზია წარედგინა გამყიდველისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლის გამო, მას ერთმეოდა შემდეგში მოთხოვნის უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ.-მ.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 493-ე და 495-ე მუხლები, რადგან ი. ნ.-ი არ არის მეწარმე, თუმცა იგი არ უარყოფს ღვინომასალების მიღების ფაქტს.

კასატორი თვლის, რომ 1999წ. 6 აპრილის „ოქმით“ მას ფულადი ვალდებულება არ უნდა შეესრულებინა, ვიდრე ანგარიშ-ფაქტურას არ გასცემდა შპს „ქ.-ი“. სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი ანგარიშფაქტურის გაცემის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში.

სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება ანგარიშფაქტურის ¹... მყიდველზე ჩაბარების თაობაზე, რადგან იგი კანონის მოთხოვნათა დაცვით არაა შედგენილი, ხოლო ¹... ანგარიშ-ფაქტურა „ქ.-ს“ საერთოდ არ გამოუწერია. საქმის მასალებში წარმოდგენილია ლაგოდეხის საგადასახადო ინსპექციის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ სადავო ანგარიშფატურები არ არის ჩაბარებული, რამაც კასატორს ზიანი მიაყენა. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ მისცა მას შეფასება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 493-ე, 495-ე მუხლები. აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ მყიდველის უფლებას, უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა იმაზე ნაკლები რაოდენობით მიაწოდა მას საქონელი, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ასევე ადგენს მყიდველის მიერ ნაკლის მქონე ნივთის მიღების წესს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა აღნიშნულ ნორმებზე, რადგან დადგენილია, რომ შპს „ქ.-სთან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თ. ნ.-ი (კასატორი) იყო მეწარმე სუბიექტის _ ფირმა „ვ.-ს“ წარმომადგენელი და იგი აღნიშნული ნორმის თანახმად, საქონლის ნაკლის აღმოჩენისას ვალდებული იყო, შესაბამის ვადაში გამყიდველისთვის წარედგინა პრეტენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლის გამო, აღნიშნული ნორმით მას ერთმევა შემდეგში მოთხოვნის უფლება.

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს „ქ.-ი“ 1999წ. 6 აპრილის ოქმით ვალდებული, იყო თ. ნ.-ზე გაეცა ანგარიშფაქტურები.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თ. ნ.-ი იყო საწარმოს წარმომადგენელი (1999წ. 6 აპრილის ოქმით თ. ნ.-ი წარმოადგენს შპს „დ.კ-ს“). აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მას, როგორც ფიზიკურ პირს, უფლება არა აქვს, მოპასუხეს მოსთხოვოს მის სახელზე ანგარიშფაქტურების გაცემა. ამდენად, შპს „ქ.-ის“ მიერ თ. ნ.-ზე ანგარიშფაქტურების გაუცემლობით რაიმე ზიანის მიყენება გამორიცხულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონდარღვევის გარეშე, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.