Facebook Twitter

საქმე # 020100120004224798

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №726აპ-21 ქ. თბილისი

ჭ-ა თ, 726აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით:

1.1. თ. ჭ. - დაბადებული .... წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით; მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი.

1.2. თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრთან ერთად დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს კვირაში მინიმუმ 70 ლარის ა. კ-ის გადაცემის ან სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვის ფორმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, არ მიიღოს ალკოჰოლი, 1 კვირის ვადაში ა. კ-ან ერთად შეიმუშაოს მეუღლეებს შორის ფუნქციების თანაბრად გადანაწილების თაობაზე ა. კ-ის მისაღები წერილობითი დოკუმენტი და ყოველდღიურად შეასრულოს აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მასზე დაკისრებული მოვალეობები; ა. კ-ს, ბ. და ი. ჭ-ებს ყოველთვის მიმართოს მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმებით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით.

1.4. თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი. მასვე პირობით მსჯავრთან ერთად დაეკისრა მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს კვირაში მინიმუმ 70 ლარის ა. კ-ის გადაცემის ან სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვის ფორმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, არ მიიღოს ალკოჰოლი, 1 კვირის ვადაში ა. კ-ან ერთად შეიმუშაოს მეუღლეებს შორის ფუნქციების თანაბრად გადანაწილების თაობაზე ა. კ-ის მისაღები წერილობითი დოკუმენტი და ყოველდღიურად შეასრულოს აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მასზე დაკისრებული მოვალეობები; ა. კ-ს, ბ. და ი. ჭ-ებს ყოველთვის მიმართოს მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმებით.

1.5. თ. ჭ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჭ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ. ჭ-მ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - ბ. და ი. ჭ-ების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ა. კ-ს, რა დროსაც ესროლა მას პლასტმასის კოლოფი, რაც ა. კ-ს მოხვდა თავის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ თ. ჭ-მ ხელი დაარტყა ა. კ-ს თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებთ 19:00 საათზე, თ. ჭ-მ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ა. კ-ს, რა დროსაც ფეხი დაარტყა მას ფეხის არეში, რის შედეგადაც ა. კ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებთ 16:30 საათზე, თ. ჭ-მ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - ბ. და ი. ჭ-ების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ა. კ-ს, რის შემდეგაც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და რამდენჯერმე გაისროლა სანადირო თოფიდან ჰაერში, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზ-ის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. თ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მასვე 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი -სანადირო თოფი.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი.

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე თ. ჭ-ს დაევალა გამოსაცდელი ვადის პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი.

3.5. თ. ჭ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით.

3.6. ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებული თ. ჭ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ თ. ჭ-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ თ. ჭ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს თ. ჭ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

11. პროკურორის ძირითად არგუმენტს თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, რომ თ. ჭ-მ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული ორ ეპიზოდად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. ამ შემთხვევაში, თ. ჭ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, პროკურატურა მას ედავებოდა ოჯახური დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენას ფიზიკური ძალადობით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რასაც თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.

12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, ქმედების ხასიათსა და ძალადობის ინტენსივობასთან ერთად (როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროკურორის ძირითად არგუმენტს), დამატებით უნდა შეფასდეს საქმის ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ:

13. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, თ. ჭ-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; ამასთან საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ა. კ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მას თ. ჭ-ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

14. ამდენად, თ. ჭ-ს მიერ ჩადენილი ძალადობის ხარისხისა და ინტენსივობის, ამასთან, საქმის მასალებით გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი