Facebook Twitter

ას-806-1431-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ღ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 2001წ. 20 დეკემბერს გამართულ იძულებით აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ....... მდებარე დ. ლ-ის კუთვნილი ბინა ¹66. ბინაში დღემდე ცხოვრობს დ. ლ-ე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას. მოსარჩელემ მოითხოვა დ. ლ-ის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად, ამასთან, ბინის ქირის ყოველთვიურად 125 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება, 2002წ. 12 თებერვლიდან ბინის საბოლოო გათავისუფლებამდე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა _ დარეჯან ლ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ....... ბინა ¹66-დან. დ. ლ-ეს დაეკისრა ბინის ქირის სახით ყოველთვიურად 125 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა ლ. ღ-ას სასარგებლოდ, 2002წ. 12 თებერვლიდან ზემოაღნიშნული ბინის გამოთავისუფლებამდე.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ლ. ღ-ა, მიიჩნია, რომ სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხდება საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ლ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რაზედაც წინასწარ გააფრთხილა სააპელაციო პალატა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ლ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2003წ. 20 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე იგი ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, რაზედაც ეცნობა სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ღ-ას სარჩელი და მოპასუხე დ. ლ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან, ასევე ბინის ქირის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 125 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა ლ. ღ-ას სასარგებლოდ, 2002წ. 12 თებერვლიდან ზემოაღნიშნული ბინის გამოთავისუფლებამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს არ გამოცხადდა დ. ლ-ე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ლ-ემ. 2003წ. 20 ოქტომბერს დანიშნული იყო დ. ლ-ის საჩივრის განხილვა. საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა ლ-ე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ლ-ემ იცოდა სხდომის თარიღის შესახებ და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე, რის გამოც მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ მართალია, კასატორისათვის ცნობილი იყო სხდომის დრო, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია საკონსულტაციო _ სამკურნალო ცენტრის ცნობა, რომლის თანახმად, დ. ლ-ე 2003წ. 20 ოქტომბერს სტაციონარში მკურნალობდა დიაგნოზით მწ. ბრონქონევმონია (ბრონქოსპაზმი) ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ კასატორი საქმის განხილვის დღეს იმყოფებოდა სტაციონარში სამკურნალოდ, რის გამოც მას არ შეეძლო სხდომაზე მისვლა და წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინება.

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 241-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.