Facebook Twitter

ას-807-1434-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თვითნებურად დაკავებული ნომრიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1996წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქე ზ. ლ-ას უფლება მიეცა ეცხოვრა სასტუმრო “კ-ის” 84-ე ნომერში. იმავე წელს შიდა ბრძანებით ზ. ლ-ა სასტუმრო “კ-აში” არსებული ¹84 ლუქსის ნომრიდან გადაყვანილ იქნა ¹82 ნომერში. სასტუმროში 1996 წლიდან 2000წ. აპრილამდე 84-ე ნომერი ფუნქციონირებდა და საშუალოდ წელიწადში სასტუმროს აძლევდა 2400 ლარს. 2000წ. აპრილში 84-ე ნომერში შეიჭრნენ ზ. ჩ-ა და მ. წ-ა, რომელიც შემდეგში დაიბრუნა ზ. ლ-ამ, ხოლო 82-ე ნომერში გადავიდნენ ზ. ჩ-ა და მ. წ-ა.

2000წ. 7 აგვისტოს სასტუმრო “კ-ამ” აღძრა სარჩელი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში – მოპასუხეების, ზ. ჩ-ასა და მ. წ-ას მიმართ და ითხოვა მათი გამოსახლება 82-ე ნომრიდან, ასევე მოპასუხეების მიერ ნომრის გატეხვის შედეგად მიყენებული ზარალის 183 ლარისა და აღნიშნული ნომრის უმოქმედობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის – 800 ლარის გადახდა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 სექტემბრის განჩინებით სასტუმრო “კ-ა” ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და ამავე სასამართლოს 2000წ. 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოსარჩელედ ჩაბმულ იქნა თავდაცვის სამინისტრო. საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით, არასათანადო მოპასუხე მ. წ-ა შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ე. გ-ათი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხეები – ზ. ჩ-ა და ე. გ-ა მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ თავდაცვის სამინისტროს სასტუმრო “კ-ის” ¹82-ე ოთახიდან. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა: თავდაცვის სამინისტროს სასტუმრო “კ-ონის” დროებითი დებულების მიხედვით სასტუმრო “კ-ა” არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სასტუმრო “კ-ის” მართლზომიერ მფლობელს, აქედან გამომდინარე, სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, მას, როგორც მესაკუთრეს შეეძლო მოეთხოვა მოპასუხეების გამოსახლება სასტუმრო “კ-ის” სადავო ნომრიდან. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ნომერი დევნილებს არ გადასცემიათ კანონით დადგენილი წესით და არ ფლობენ მას მართლზომიერად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ჰქონია მოთხოვნა მოპასუხეების, მათთან მყოფ პირებთან გამოსახლების შესახებ. სასამართლომ საოქმო ჩანაწერით დასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხეების მიერ ¹82-ე ოთახის გამოთავისუფლება, რაც ნიშნავს სადავო ოთახის, მასში მცხოვრები ყველა პირისაგან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჩ-ას წარმომადგენელმა ნ. ლ-მა და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა: კასატორის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 18 იანვრის ¹17 ბრძანებულებით დამტკიცებული თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია და, შესაბამისად, განსაზღვრულია თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები; არანაირი დროებითი დებულებით არ შეიძლება განისაზღვროს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი სტრუქტურული ერთეულები. გარდა ამისა, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე უძრავი ქონება საერთოდ არავის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო არ წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს და არა აქვს უფლება გამოვიდეს მოსარჩელედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კასატორის აზრით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ბრძანებულება და “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით, საქართველოში დაწესებული ნორმის ფარგლებში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ თბილისში, ..... მდებარე შენობა, რომელშიც განთავსებულია სასტუმრო “კ-ა” თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ჩანაწერებით აღრიცხულია როგორც სახელმწიფო საკუთრება. თავდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე და იგი სასტუმროს მართლზომიერი მფლობელია.

სასტუმრო “კ-ს” 144 ნომრიდან 140 ნომერი დაკავებული აქვთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

ზ. ჩ-ას დაკავებული აქვს სასტუმროს ¹82-ე ოთახი ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ნივთი უკანონო მფლობელობიდან იმ საფუძვლით, რომ არ არის სადავო ფართის მესაკუთრე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის ან კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ თავდაცვის სამინისტრო სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია. კასატორს ამ მხრივ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელე სადავო ფართის მესაკუთრეა, შესაბამისად, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე არ მიუღია.

სკ-ის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამიწ. განმავლობაში შეუძლია, მოსთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. ეს წესი არ გამოიყენა მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსარჩელესთან შედარებით მფლობელობის უკეთესი უფლება არა აქვთ.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასამართლოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორს არა აქვს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ჩ-ას წარმომადგენელის ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.