Facebook Twitter

საქმე # 240100121004478589

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №779აპ-21 ქ. თბილისი

ფ-ა გ, 779აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით:

1.1. გ. ფ. - დაბადებული .... წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

1.2. პატიმრობის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 4 დღე), საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, გ. ფ-ს შეუმცირდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 1 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი. საბოლოოდ გ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

1.3. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ფ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით) აღსრულების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

1.4. გაუქმდა მსჯავრდებულ გ.ფ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 6 მარტს შემაკავებელი ორდერით გ.ფ-ს 30 დღით აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფებოდა და ცხოვრობდა მსხვერპლი, მისი მეუღლე თ. ბ-ე. ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან, თ. ბ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2021 წლის 6 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ. ფ-მ დაარღვია 2021 წლის 6 მარტის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, შევიდა ქ. ს-ში, ვ. გ. ქუჩის №....-ში მდებარე, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილი მეუღლის, თ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა გ. ფ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ფ-ისთვის იმავე სახის სასჯელის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მოცემულ შემთხვევაში კასატორების - მსჯავრდებულ გ. ფ-სა და მისი ადვოკატის - გ. ა-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

8. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. ფ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორების - მსჯავრდებულ გ. ფ-სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გ. ფ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის შეფარდებისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი (მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული), საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას შეფარდებული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: გ. ფ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში; დაზარალებულმა თ. ბ-მ განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტა, რომ შეურიგდა მსჯავრდებულს, არ გააჩნია პრეტენზია და სურს, რომ სასჯელის სახედ განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი (ტ.1.ს.ფ.144). შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ფ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი