საქმე # 330802221005172585
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N444I-21 ქ. თბილისი
მ-ი ნ, 444I-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ.მ (N M.) და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. მ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2015 წლის 16 მარტს ნ. მ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს.
2015 წლის 17 მარტს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ნ. მ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვით.
2015 წლის 25 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. მ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 17 მარტის განჩინების შეცვლის თაობაზე.
2015 წლის 21 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ნ. მ-ის ექსტრადიციის თაობაზე ა-ი-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2015 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ნ. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2015 წლის 16 სექტემბრამდე.
2015 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ნ. მ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, გირაო - 5 000 ლარით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2017 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით მის მიმართ გამოყენებული გირაო შეიცვალა საექსტრადიციო პატიმრობით (ნ. მ-ის მიმალვასთან დაკავშირებით).
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნ. მ-ის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავების ღონისძიებების ორგანიზება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. 2019 წლის 24 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ნ. მ-ვი დააკავეს სისხლის სამართლის N......... საქმეზე და მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2019 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ნ. მ-ს სისხლის სამართლის N......... საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2020 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 24 დეკემბრიდან. ნ. მ. სასჯელს მოიხდის - 2021 წლის 24 დეკემბერს.
2. ნ.მ-ის მიმართ ა-ი-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2014 წლის 26 დეკემბერს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ის პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ნ. მ-ის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ნ. მ-ს ბრალი დაედო ა-ი-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იმავე დღეს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ს პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ნ. მ-ის ძებნა.
2015 წლის 2 თებერვალს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
3. ა-ი-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2014 წლის აპრილში ნ. მ-მ გამოაცხადა ვაკანსია სამუშაო ადგილებზე ა-ი-ის რესპუბლიკის ქ. მ-ში მდებარე აღმოსავლეთ რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კერძო ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგ, ნ. მ. ნდობის ბოროტად გამოყენებით დაჰპირდა ს. გ-ს მისი შვილის - ე. გ-ს მოცემული ორგანიზაციის განყოფილებაში ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებას, რის სანაცვლოდაც, 2014 წლის ივლისის ბოლოს ნ. მ-მ ც. ვ-ის ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში ს. გ-ს მოტყუებით გამოართვა 1 500 ა-ი მანათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მითითებულ თანხას.
2014 წლის მაისში ნ. მ-მ კვლავ გამოაცხადა ვაკანსია სამუშაო ადგილებზე ა-ი-ის რესპუბლიკის ქ. მ-ში მდებარე აღმოსავლეთ რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კერძო ორგანიზაციაში. აღნიშნულის შემდეგ, ნ. მ. ნდობის ბოროტად გამოყენებით დაჰპირდა გ. გ-ს მოცემული ორგანიზაციის განყოფილებაში დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე დასაქმებას, რის სანაცვლოდაც 2014 წლის მაისის დასაწყისში ნ. მ-მ, ც. ვ-ს ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში გ. გ-ს მოტყუებით გამოართვა 180 ა-ი მანათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მითითებულ თანხას.
2014 წლის ივლისის დასაწყისში აღმოსავლეთ რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კერძო ორგანიზაციაში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით ქ. მ-ში, ც. ვ-ის ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში მივიდა ფ. ი. თავისი შვილის - რ. ი-ს დასაქმების მიზნით. ნ. მ. ნდობის ბოროტად გამოყენებით დაჰპირდა ფ. ი-ს შვილის დასაქმებას, რის სანაცვლოდაც, 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში ნ. მ-მ ც. ვ-ს ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში ფ. ი-ს მოტყუებით გამოართვა 2 200 ა-ი მანათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მითითებულ თანხას.
გარდა ამისა, 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში, აღმოსავლეთ რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კერძო ორგანიზაციაში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, ქ. მ-ში, ც. ვ-ს ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში, მივიდა ა. გ, მისი შვილის - ს. გ-ის დასაქმების მიზნით. ნ. მ. ნდობის ბოროტად გამოყენებით დაჰპირდა ა. გ-ს შვილის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე დასაქმებას, რის სანაცვლოდაც, 2014 წლის 16 აგვისტოს ნ. მ-მ ც. ვ-ს ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ოფისში ა. გ-ს მოტყუებით გამოართვა 500 ა-ი მანათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მითითებულ თანხას.
4. 2021 წლის 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ნ. მ-ს ა-ი-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ი-ს რესპუბლიკის მ-ს პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2014 წლის 26 დეკემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ა-ი-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:
ნ. მ-ს ა-ი-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ი-ს რესპუბლიკის მ-ს პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2014 წლის 26 დეკემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ა-ი-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ნ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.
7. კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. მ. არის ა-ი-ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ,,სახალხო ფრონტის“ აქტიური წევრი და იდევნება ა-ი-ის ხელისუფლების მიერ. იგი რამდენჯერმე დააკავეს და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში ოპოზიციური მიტინგების დროს, სადაც მას სცემდნენ. ნ. მ, თავისი არატრადიციული ორიენტაციის გამო, მაღალი ალბათობით შესაძლოა, გახდეს ფსიქიკური და ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. ქვეყნის მიერ გაცემულ გარანტიებს არ გააჩნია სამართლებრივი ეფექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილება ნ. მ-ს განცხადება საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან, ნ. მ-ს ათზე მეტი ქრონიკული, მწვავე დაავადება აწუხებს.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
9. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება მტკიცების ტვირთი, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც წარმოშობს არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას. რაც შეეხება სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებულ ინფორმაციას ნ. მ-ს შესახებ, რომელიც მოწოდებულია მისი დის - გ. მ-ს მიერ, ამ უკანასკნელმა ვერ დაასახელა კონკრეტული და თანმიმდევრული ინფორმაცია, ნ. მ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის რისკის თაობაზე. გარდა იმ გარემოებისა, რომ გ. მ. დაინტერესებული პირია, მან ვერ მიუთითა, თუ რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში საქმიანობდა მისი ძმა და რა - სტატუსით, აღნიშნულის გამო დაუკავებიათ თუ არა იგი ოდესმე; აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გ. მ. არ ფლობდა ინფორმაციას, იდევნებოდა თუ არა ნ. მ. მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ა-ი-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ან/და მოქალაქეების მხრიდან. გ. მ-ს კონკრეტული ინციდენტიც კი არ დაუსახელებია აღნიშნულის დასადასტურებლად. პოზიციაში პროკურორი აგრეთვე უთითებს, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, ამასთან, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვის, ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნ. მ-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო პალატა თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
მოცემულ საქმეში ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ა-ი-ის კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე.
ამასთან, ექსტრადიციის ქვემდებარე ქმედებისათვის პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ა-ი-ის რესპუბკლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
6. პოლიტიკური და სამხედრო დანაშაული:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან არის სამხედრო დანაშაული.
მოცემულ საქმეში სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
დაცვის მხარე საჩივარში აღნიშნავს, რომ ნ.მ. არის ა-ი-ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ,,სახალხო ფრონტის“ აქტიური წევრი და იდევნება ა-ი-ის ხელისუფლების მიერ. იგი რამდენჯერმე დააკავეს და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში ოპოზიციური მიტინგების დროს, სადაც მას სცემდნენ.
წარმოდგენილ საქმეში დაცვის მხარის აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი მასალით გამყარებული არ არის. ამასთან, ყურადსაღებია საქმეში არსებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 6 ივლისის წერილი, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატი ატყობინებს ნ. მ-ს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების კანონიერების კუთხით საქმისწარმოების დასრულების თაობაზე და აცნობებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმისა და განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შემთხვევებში არ გამოკვეთილა რაიმე სახის კანონშეუსაბამობა. წერილის თანახმად, მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა ნ. მ-ს მიერ საქმის განმხილველი უწყებისათვის ანკეტირებისა და გასაუბრების ეტაპზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევები, კერძოდ, განსხვავებული იყო ინფორმაცია პარტია ,,ა-ი-ის სახალხო ფრონტში“ გაწევრებასთან დაკავშირებული თარიღების შესახებ, პარტიაში მისი ფუნქციების აღწერისა და მიტინგებში მონაწილეობის გამო დაკავებების რაოდენობის თაობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ოქტომბრის წინადადების თანახმად (ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის შესახებ), ნ. მ-ს დამ - გ. მ-მ განაცხადა, რომ მან ნ. მ-სგან იცოდა მისი პოლიტიკური აქტიურობის თაობაზე; ძმისგან მუდმივად ესმოდა, რომ იგი ა-ი-ის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა; მაგრამ გ. მ-მ ამასთანავე, მიუთითა, რომ მას არ გააჩნდა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად, რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში საქმიანობდა მისი ძმა და რა - სტატუსით. შესაბამისად, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა ამ საკითხებთან დაკავშირებით, მას არ შეეძლო.
ამასთან, ა-ი-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების შესაბამისად, ნ. მ-ს გადაცემის შესახებ შუამდგომლობა მიზნად არ ისახავს დევნას პოლიტიკური მოტივებით, მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ნიშნით ან/და პოლიტიკური შეხედულებების გამო. აგრეთვე, ა-ი-ის კონსტიტუციის 25-ე მუხლის შესაბამისად, კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია და სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველასათვის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობას, მათ შორის - პოლიტიკური პარტიებისადმი კუთვნილების მიუხედავად.
დაცვის მხარე აპელირებს ხსენებულ გარანტიებზეც და მათ არაეფექტურად მოიხსენიებს, რაზეც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ა-ი-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
7. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ აღნიშნულ საკითხს შეეხება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ნ. მ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
8. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“
2014 წლის 26 დეკემბერს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ს პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ნ. მ-ს ბრალდების შესახებ, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ამდენად, დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის.
ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ მიუწვდია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც ა-ი-ის რესპუბლიკაში არსებულ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევაზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციის თანახმად, პროკურატურამ აგრეთვე ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ა-ი-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ნ. მ, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა საშუალებით, მათ შორის - ადვოკატის დახმარებით.
9. ხანდაზმულობის ვადა:
რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
მოცემულ საქმეში ა-ი-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ამავე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადა 7 წელია, რომელიც აითვლება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება, თუ დანაშაულის ჩამდენი პირი ემალება გამოძიებას ან სასამართლოს.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 2014 წლის 26 დეკემბერს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ის პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ნ. მ-ს ბრალდების შესახებ, იმავე, 2014 წელს, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ; ამასთან, იმავე დღეს ა-ი-ის რესპუბლიკის მ-ის პოლიციის საქალაქო განყოფილების საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ნ. მ-ს ძებნა.
მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (ა-ი-ის რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
10.1. სტატუსი:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
მიგრაციის დეპარტამენტის პასუხის თანახმად (13/08/2021), შსს მიგრაციის დეპარტამენტში დასრულებულია ნ. მ-ს საქმის წარმოება. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2020 წლის 6 ივლისს მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2020 წლის 10 ივლისს. 2021 წლის 29 ივლისს ნ. მ-მ საქართველოს შსს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით განმეორებით მიმართა საერთაშორისო დაცვაზე; 2021 წლის 13 აგვისტოს ნ. მ-ს უარი ეთქვა საქმის არსებით განხილვაზე. შესაბამისად, იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილება ნ. მ-ს განცხადება - საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას ხელს არ უშლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა. ამასთან, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს: N402I-21, N304I-21 გადაწყვეტილებები).
10.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იურისდიქცია არ აქვს ამ დანაშაულთან დაკავშირებით.
10.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
11. პრინციპი ,,Non bis in idem“ და სამართალწარმოება ერთსა და იმავე დანაშაულთან დაკავშირებით:
,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა.“
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში; შესაბამისად, ნ. მ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობს სამართალწარმოება და ხსენებულ ქმედებაზე საქართველოს სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი.
12. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“
მოცემულ შემთხვევაში კასატორები მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნავენ, რომ გამოკვეთილია ნ. მ-ს მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე, მისი სექსუალური ორიენტაციიდან და ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრობიდან გამომდინარე. პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).
განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია ა-ი-ის რესპუბლიკაში ნ. მ-ს მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის კონკრეტული საფრთხის თაობაზე.
ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა-ი-ის გენერალურ პროკურატურას დამატებით სთხოვა გარანტიების გაცემა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ (04/11/2021). აღნიშნულ მიმართვაში საქართველოს გენერალური პროკურატურა ა-ი-ის რესპუბლიკურ პროკურატურას ატყობინებს, რომ მან მიმართა ქართულ სასამართლოს ნ. მ-ს ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით; აღნიშნულ პროცესში კი, დაცვის მხარის გამოთქმული პოზიციის თანახმად, ა-ი-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი შესაძლოა, დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას და მის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულის (04/11/2021 წლის მიმართვის) საპასუხოდ, მიიღო დამატებითი გარანტია - ნ. მ-ს ყველა უფლების საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დაცვის თაობაზე.
13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
რაც შეეხება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (,,King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).
მოცემულ შემთხვევაში საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევა არ გამოკვეთილა, ვინაიდან, როგორც გასაუბრების ოქმით (18/02/2021) დგინდება, ნ. მ-ს ოჯახის წევრები (დედ-მამა, მეუღლე, შვილები, პარტნიორი ქალი ან მამაკაცი) საქართველოში არ ცხოვრობენ. ამასთან, ა-ი-ის რესპუბლიკაში ცხოვრობს მისი და.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. მ-ს (N. M.) და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი