Facebook Twitter

¹ას-812-1449-03 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 ოქტომბერს ა. წ-მა სს «თ-ოს” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი ვალის _ 18880 აშშ დოლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო _ 4531 აშშ დოლარის, ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანის _ 8100 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 1260 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

1998 წლიდან სს «თ-ოს” გააჩნია მისი ვალი 34983 აშშ დოლარის ოდენობით. სს «თ-ოს” დირექციამ 2001წ. 12 თებერვალს წერილით დაადასტურა ამ ვალის არსებობა და სააქციო საზოგადოებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო მოითხოვა ვალის ნაწილ-ნაწილ დაფარვის თანხმობის მიცემა, თან წარუდგინეს გრაფიკი ვალის დაფარვის თაობაზე. გრაფიკის მიხედვით დავალიანების დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2002წ. იანვრიდან და მთავრდებოდა იმავე წლის მაისის ბოლოს.

გრაფიკის შესაბამისად, მოვალემ დავალიანების ნაწილი, კერძოდ, 16103 აშშ დოლარი დაფარა, მაგრამ 2002წ. აპრილში საზოგადოების ადმინისტრაციამ დავალიანების დაფარვა შეუწყვიტა, ამასთან წაუყენა მოთხოვნა, თუკი იგი არ მოუხსნიდა თ. ს-ეს მისი ხმის განკარგვის უფლებას, დავალიანების გადახდას შეუწყვეტდნენ, რაც განახორციელეს კიდეც.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა, თუკი მოსარჩელე შეწყვეტდა დანარჩენ აქციონერებთან ერთად საჩივრებს და თავისი ხმის მართვის უფლებას თვითონვე დაიბრუნებდა. მხარეები ამ წინადადებაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადების რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოპასუხეს ძირითადი დავალიანების სახით დაეკისრა 18880 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 4531 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანისათვის 8100 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 1260 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტ სს «თ-ოს” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს «თ-ოს” საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესზე მოწვევის თაობაზე უწყება ჩაბარდათ სსკ-ის 79-78-ე მუხლების დაცვით და ამავე კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლების შესაბამისად, არ არსებობდა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სასამართლო პროცესზე სს «თ-ოს” წარმომადგენელ დ. გ-ას გამოუცხადებლობა იმ მიზეზით, რომ იგი ამ დროს სხვა სასამართლოში მონაწილეობდა და სხდომის გადადების შესახებ წინასწარ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნია და მიუთითა, რომ სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქმე სასამართლოში აწარმოოს იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია იურიდიული პირის თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ასეთ პირს, კერძოდ, სააქციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს _ ზ. მ-ს უწყება სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესახებ ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ იგი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა, მითუმეტეს, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო თვით ზ. მ-ის მიერ.

2003წ. 13 ნოემბრს სს «თ-ომ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის, არსებითად განხილვის მიზნით, დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე მიწვევის უწყება მხარეს არ ჩაბარებია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. უწყების მიღებაზე წარმომადგენელ დ. გ-ას ხელმოწერა ყალბია, რის თაობაზეც მათი მოთხოვნით ტარდება ექსპერტიზა.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 207-ე მუხლის მოთხოვნაც, ვინაიდან სხდომის დანიშვნის თაობაზე მხარეებს არ აცნობა დროულად, იმ ვარაუდით, რომ შესაძლებლობა ჰქონოდათ მომზადებულიყვნენ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გადმოუგზავნია განჩინება მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, ამიტომ არ იყო ცნობილი, რომ 19 ივნისს მთავარი სხდომა ტარდებოდა.

სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 233-ე მუხლის «ა” პუნქტი, რადგან სასამართლოსთვის წინასწარ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რამაც ხელი შეუშალა წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

სარჩელის ოდენობა გაიზარდა მთავარ სხდომაზე მათი თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა სსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ საქმეში მოპასუხის სახით მონაწილე იუიდიული პირის სს «თ-ოს” წარმომადგენლად, ამავე საზოგადოების დირექტორის მოწვევით, მონაწილეობას ღებულობდა დ. გ-ა.

სასამართლო პროცესზე სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოწვეულნი იყვნენ, როგორც თვით იურიდიული პირი (სს «თ-ოს” დირექტორი), ისე მისი წარმომადგენელი დ. გ-ა. სხდომა დანიშნული იყო 2003წ. 19 ივნისს.

2003წ. 18 ივნისს სს «თ-ოს” წარმომადგენელმა დ. გ-ამ სასამართლოს წინასწარ აცნობა, რომ იგი 2003წ. 19 ივნისს საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ვინაიდან ამავე დროს იგი დაკავებული იყო სხვა სასამართლო პროცესით და ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადიდება.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 19 ივნისს სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცახდებლობა არასაპატიოდ ჩათვალა და მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სს «თ-ოს” დირექტორს _ ზ. მ-ს უფლება ჰქონდა, საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის _ დ. გ-ას მეშვეობით. მაგრამ აღნიშნული გარემოება მას უფლებას არ ართმევდა, თვითონაც პირადად მიეღო მონაწილეობა საქმეში. ამ ნორმაში ჩამოყალიბებულია მხარის უფლება, რომ თვითონაც პირადად მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს არის მხარის უფლება და არა მოვალეობა. მხარეს უფლება აქვს, თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა საქმეში და საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მხარის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე მთლიანად ახორციელებს იმ საპროცესო სამართლებრივ ურთიერთობას, რომლითაც კანონის შესაბამისად, აღჭურვილია მხარე.

მოცემულ შემთხვევაში სს «თ-ო” საქმეს აწარმოებდა რა წარმომადგენლის მეშვეობით, პროცესში მონაწილე წარმომადგენელი დ. გ-ა აღჭურვილი იყო მხარის უფლებით, მათ შორის იმ უფლებითაც, რომ სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა პროცესის სხვა დროისათვის გადადების შესახებ.

სსკ-ის 215-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა და მათი წარმომადგენელთა განცხადების საფუძველზე ან სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

ამავე კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა რა სს «თ-ოს” წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ და მისთვის წინასწარ იყო ცნობილი სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზები (მისი სხვა პროცესით დაკავება), სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოება უნდა მიეჩნია ისეთ მოვლენად, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა გადაედო სხვა დროისათვის, ვინაიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა”, «ბ” და «გ” პუქნტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა სს «თ-ოს” საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ხოლო შემდეგ, როცა არ დააკმაყოილა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დატოვა მის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაარღვია კანონის მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლიოს 2003წ. 18 სექტემბრის განჩინება და საქმე, არსებითად განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას,

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.