Facebook Twitter

ას-813-1450-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 24 მაისს ი. ღ-ემ სარჩელი აღძრა შპს “ს-ისა” და “ე-ი” ქარხნის მიმართ, სადაც განმარტა, რომ 1990 წელს თბილისის აეროპორტის ტრასის მშენებლობასთან დაკავშირებით ნგრევაში მოჰყვა ყოფილი ა/კ რკინიგზის მე-9 სალიანდაგო დისტანციის კუთვნილი ბინა მდებარე ....., სადაც ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მოსარჩელე.

1991 წელს თბილისის აღმასკომის დავალებით ა/კ რკინიგზამ თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტს, სესხის სახით გადაეცა ერთი ოროთახიანი ბინა. თხოვნა შესრულდა და ე-მა ქარხანამ 20% ანგარიშით გადაცემული თერთმეტი ბინიდან ერთი ოროთახიანი ბინა მდებარე ....... დასახლებაში გადასცა რკინიგზას, რომელმაც 1991წ. 23 ივნისს ბინა გასანაწილებლად გადასცა ამიერკავკასიის თბილისის განყოფილებასა და პროფკომიტეტს. რკინიგზის თბილისის განყოფილებისა და პროფკომიტეტის 1991წ. 31 ოქტომბრის ¹22 ერთობლივი დადგენილებით ბინა გამოეყო მოსარჩელეს. 1991წ. 20 დეკემბერს ნაძალადევის რაიონის პრეფექტურის მიერ დაკმაყოფილდა რკინიგზის თბილისის განყოფილების შუამდგომლობა და ზემოხსენებული ბინა დაუმტკიცდა ღ-ის ოჯახს. 2000წ. ნოემბერში თბილისის მერიის საბინაო განყოფილებამ ორდერის გასაცემად მოითხოვა ახალი მიმართვა შპს “ს-იდან” და ნაძალადევის რაიონიდან, რაც წარმოადგინა ღ-ემ, თუმცა ორდერი არ იქნა გაცემული, რადგან გაირკვა, რომ 1992წ. 24 დეკემბერს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყვეტილად ჩაითვალა სს “ე-” ქარხანასა და ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალურ სამსახურს შორის დადებული ხელშეკრულება და ღ-ისათვის გამოყოფილი ბინის მშენებელს უარი ეთქვა 10% საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე კორპუსის აშენებულ ნაწილში. ეს ყველაფერი ღ-ისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 1 თებერვალს საბინაო სამმართველოს მიერ მიწერილი წერილიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ოროთახიანი ბინის შესაძენად საჭირო თანხის 15000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მის მიერ გადახდილი ბინის ქირის – 1500 აშშ დოლარის ანაზღაურება.

სს “ე-მა” ქარხანამ განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან არასოდეს ჰქონია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა და არავითარი ვალდებულება მის მიმართ არ აუღია.

შპს “ს-ამ” ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მიუთითა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ხელშეკრულება და ტრესტმა ვერ მიიღო 11 ბინა, ამ მიზეზით შპს “ს-ამ” ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ შემთხვევაში ვალდებულება უნდა შეესრულებინა ქალაქის სამმართველოს, რადგან მოსარჩელისათვის ბინის გამოყოფა რკინიგზას სთხოვა ქალაქის მერიის საბინაო სამმართველომ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ს-ას” ი. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21883 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 1500 აშშ დოლარის ბინის ქირის დაკისრების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს-ამ” ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია, ასაღები ბინა ...... ქუჩაზე ეკეუთვნოდა ა/კ რკინიგზას. ასევე დადგენილია, რკინიგზამ ღ-ეს გამოუყო საცხოვრებელი ბინა. დადგენილია, რომ შპს “ს-ამ” ვერ უზრუნველყო ღ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ იცოდა სს “ე-ი” ქარხნისა და ამიერკავკასიის სატრანსპორტო სპეციალურ სამსახურს შორის არსებული დავის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”. კასატორი მიუთითებს, რომ პალატამ არ გამოიყენა საბინაო კოდექსის 103-ე მუხლი. სკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, “თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა ან მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას, ან დადებდნენ სხვა შინაარსით ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.”

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ 1991 წელს თბილისის აღმასკომის დავალებით ა/კ რკინიგზამ თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტს სეხის სახით გადაეცა ერთი ოროთახიანი ბინა. 1991წ. 31 ოქტომბრის რკინიგზისა და პროფკავშირების ერთობლივი დადგენილებით ბინა გამოეყო მოსარჩელეს.

აღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, რომ რკინიგზამ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო მოსარჩელისათვის ბინის გადაცემა. მან სესხის სახით სთხოვა ტრესტს ერთი ოროთახიანი ბინის გადაცემა.

მხარეები, რკინიგზა და ღ-ე შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომ რკინიგზა უზრუნველყოფდა ღ-ის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს “ ს-ამ” ვერ უზრუნველყო ღ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

კასატორი სკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა. აღნიშნულ ვითარებასაც რომ ჰქონოდა ადგილი, სკ-ის 398-ე მუხლის თანახმად, ეს შეიძლება გამხდარიყო ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნის საფუძველი, რაც არ გამორიცხავს მოვალის პასუხისმგებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.