Facebook Twitter

საქმე # 330100119003135796

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №705აპ-21 ქ. თბილისი

ბ-ე დ, 705აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ.ბ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ივნისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ნ. ე. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. ბ-ნ და ჰყავთ შვილი - 14 წლის ნ. ბ. დაახლოებით ერთი წლის წინ მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, რასაც არ ეგუება დ. ბ. და თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ნ.ბ-ს თანდასწრებით ფსიქოლოგიურად, სისტემატურად ძალადობს ყოფილ მეუღლეზე - ნ. ე-ზე, კერძოდ, გამოხატავს აგრესიას და სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, რის შედეგადაც ნ. ე. განიცდის ტანჯვას.

· 2018 წლის აგვისტოდან იმავე წლის სექტემბრამდე დროის შუალედში, ქ. თ-ში, წ-ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ბ-ის თანდასწრებით, დ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - ნ. ე-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელზე უკბინა, რის გამოც ნ. ე-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის იანვრიდან იმავე წლის თებერვლამდე დროის შუალედში, ქ. თ-ში, კ-ს ქუჩა N..-ში მდებარე დ. ბ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, ამ უკანასკნელმა თავის არასრულწლოვან შვილს - ნ. ბ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კედელს მიაყუდა და კისერში ძლიერად წაუჭირა ხელი. დ. ბ-ს ქმედების შედეგად ნ. ბ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი.

· 2019 წლის იანვრიდან იმავე წლის თებერვლამდე დროის შუალედში, ქ. თ-ში, კ-ს ქუჩა N..-ში მდებარე დ. ბ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ამ უკანასკნელმა თავის არასრულწლოვან შვილს - ნ. ბ-ს და ყოფილ მეუღლეს - ნ. ე-ს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

· 2019 წლის მაისში, ქ. თ-ში, წ-ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ბ-ის თანდასწრებით, დ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - ნ. ე-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა ლოყაზე უკბინა, რის შედეგადაც ნ. ე-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 28 ივნისს, ქ. თ-ში, პ-ის გამზირის N..-ში მდებარე კომპანია „მ. გ-ში,“ დ. ბ. ყოფილ მეუღლეს - ნ. ე-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განაჩენით:

2.1. დ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. დ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

2.3. გამართლებულს განემარტა უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მოწმეების - თ. ე-ის, ნ. მ-ის ჩვენებებით, გამომძიებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება დ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება

4.2. გამართლებულმა დ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ე-ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ე-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი დაზარალებულის, ნ. ბ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დ. ბ-ის არასრულწლოვანმა შვილმა - დაზარალებულმა ნ. ბ-მ, ასევე მისმა ყოფილმა მეუღლემ - ნ. ე-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამისა და მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ. ე-ის მამის - თ. ე-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დ. ბ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი რომელიმე ქმედების თვითმხილველი არ არის და დაზარალებულ ნ. ე-სგან გადმოცემით ფლობს ზოგადად ინფორმაციას დ. ბ-ის მხრიდან ნ. ე-ის მიმართ განხორციელებული მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - თ. ბ-სა და თ. ბ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ არ არიან დ. ბ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი რომელიმე ქმედების თვითმხილველნი, მათ ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება (მათ შორის დაზარალებულების მოწმის სახით გამოკითხვა) და ისინი დაზარალებულებისგან ფლობენ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტების შესახებ. ამდენად, დასახელებული პირები ამ ეპიზოდებში წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რომელთა ჩვენებებსაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

9. კასატორი - პროკურორი მედეა ცირამუა აპელირებს შემაკავებელ ორდერებზე, რომლებიც გამოცემულია დაზარალებულ ნ. ე-ს ოჯახის წევრების მიმართ, რაზეც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ისინი მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული დ. ბ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან აღნიშნული შემაკავებელი ორდერები გამოცემულია დაზარალებულ ნ. ე-ს მამის - თ. ე-სა და დედის - თ. ნ-ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე და ბრალდების მხარე არ ედავება მას აღნიშნული პირების მიმართ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

10. რაც შეეხება პროკურორის მითითებას მოწმე ნ. მ-ის ჩვენებაზე, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ამ საკითხზე, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 82-ე მუხლის მოთხოვნებს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16); ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

12. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).

13. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება. სახელმწიფოსთვის დაკისრებული გამოძიების ჩატარების ვალდებულება ვერ შესრულდება, თუ ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვა მხოლოდ თეორიულია (იხ., Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51;168 , ECtHR, 09/09/2009; T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, §46, ECtHR, 28/01/2014; Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106, 129, ECtHR; 02/03/2017; Volodina v. Russia, no.41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე