საქმე # 010100120003789421
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №728აპ-21 ქ. თბილისი
ჩ-ი გ, 728აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენით:
1.1. გ. ჩ, - დაბადებული .... წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 22 ივნისიდან.
1.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 27 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გ. ჩ-მა, რომელიც მართავდა ქ. ბ-ში, ა-ის გზატკეცილის N...-ის მიმდებარედ მოძრავ ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომობილს, სახ.№..-...-.., ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითს - გ. კ-ეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე აპელირებს საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებზე და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს არ დაურღვევია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთი მუხლის მოთხოვნა.
7. საკასაციო სასამართლო კასატორის - ადვოკატ დ. ჯ-ის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 მაისს ქ. ბ-ში, ა-ის გზატკეცილზე, ბ-ის მიმართულებით, გ. ჩ. მართავდა ,,ფოლკსვაგენ გოლფის’’ მარკის ავტომობილს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემა-ნახაზით დასტურდება, რომ საავტომობილო გზა, რომელზეც გ. ჩ-ის ავტომანქანა მოძრაობდა, განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის. საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლები ერთმანეთისგან გაყოფილია ორი უწყვეტი ხაზით, თითოეულის მიმართულება არის ორი სამოძრაო ზოლი. გზის საფარი უდეფექტოა და მშრალი. როგორც მოწმეების - ზ. ზ-სა და მ. ქ-ის, ასევე თვით მსჯავრდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ჩ-მა გაუსწრო ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მარკის ავტომანქანას, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზ. დ. და მ. ქ; ისინი კარგად ხედავდნენ გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილს და მძღოლის კართან მდგარ ახალგზარდა ბიჭს, რომელიც მიბრუნებული იყო ავტომობილისკენ და ზურგით იდგა ტრასისგან. მოწმე მ. პ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2020 წლის 27 მაისს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. გარდაცვლილი მამაკაცი შეჯახების ადგილიდან დაახლოებით 20 მეტრში ეგდო. ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ-გოლფს’’, რომელიც დაეჯახა ახალგაზრდას, დაზიანებული ჰქონდა წინა ბამპერი, რომელიც გამოვარდნილი იყო, ასევე დაზიანებული იყო წინა მარჯვენა ფრთა, წინა საქარე მინა, მარჯვენა მაშუქი ფარი.
9. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2020 წლის 5 ივნისის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-... დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ-გოლფს“, სახ.№..-...-.., მარჯვენა წინა ფრთაზე, ძრავის სახურავის მარჯვენა ნაწილსა და მარჯვენა წინა საყრდენზე აღენიშნება ოვალურ-ტალღობრივი ფორმის დაზიანებები, ხოლო წინა ბამპერის მარცხენა ნაწილსა და მარცხენა ფრთაზე აღენიშნება მექანიკური სახის დაზიანებები და გასმის ტრასები, კერძოდ, დაზიანებულია წინა ბამპერი, ძრავის სახურავი, წინა ორი ფრთა, მარჯვენა წინა საყრდენი, მარჯვენა, გვერდითა უკანა ხედვის სარკე, მარჯვენა, წინა კარის დამცავი მოპირკეთება და წინა, მარჯვენა მაშუქი ფარი. დამსხვრეულია წინა საქარე მინა. ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის სახ.№..-...-.. საბარგულის სახურავის მარჯვენა წინა ნაწილზე აღინიშნება თუნუქის ოვალურ-ტალღობრივი ფორმის დაზიანება, ხოლო მარჯვენა უკანა კარზე აღინიშნება გასმის ტრასები, დაზიანებულია საბარგულის სახურავი და მარჯვენა უკანა კარი, სახეზე არ არის წინა და უკანა ბამპერი. აღნიშნული ავტომანქანის საბარგულის სახურავზე არსებული დაზიანება, ისევე, როგორც ,,ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილის მარჯვენა, წინა ფრთაზე, ძრავის სახურავზე, მარჯვენა, წინა საყრდენზე, წინა ბამპერის მარჯვენა ნაწილზე, მარჯვენა გვერდითი უკანა ხედვის სარკეზე, მარჯვენა, წინა კარის დამცავ მოპირკეთებაზე და მარჯვენა, წინა მაშუქ ფარზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც, შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის. წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. ექსპერტმა ი. თ-ემ დაადასტურა დასკვნაში ასახული გარემოებების სისწორე და განმარტა, რომ ზუსტად ასახა ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები. რაც შეეხება მათ ხანდაზმულობას, ტრასოლოგიური ექსპერტიზა ვერ ადგენს ამ საკითხს, ასევე არ განსაზღვრავს შეჯახების მექანიზმს.
10. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მძღოლ გ. ჩ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის, 33-ე, პუნქტი 1-ის, 33-ე, პუნქტი 2-ის და მუხლი 33-ე, პუნქტი 6-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში ეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა.
11. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ. ხ-ემ დაადასტურა საექსპერტო კვლევაში ასახული გარემოებების და მიღებული დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ იხელმძღვანელა მის წინაშე წარდგენილი ინფორმაციით - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტო-ცხრილით, მოწმეთა ჩვენებებით და მიიჩნია, რომ სიტუაციაში, როდესაც ქვეითი დგას გზის სავალ ნაწილზე და მას შეეჯახება ავტომანქანა, რომელიც მოძრაობს და გზაზე მანევრირებს, სრულიად შესაძლებელია შეჯახება მოხდეს და ავტომობილი დაზიანდეს გვერდითი ნაწილით. ასეთი შემთხვევა არ გამორიცხავს მძღოლის პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტში, რომელიც ვალდებულია, მოძრაობისას, საფრთხის წარმოქმნისთანავე, დაამუხრუჭოს და მიიღოს ყველა ზომა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
12. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ავტომობილ ,,ფოლკსვაგენის“ მძღოლის - გ. ჩ-ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
13. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ. შ-მა განმარტა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებასთან ერთად გაეგზავნა საქმის მასალები, რომელთა შესწავლის საფუძველზე გასცა დასკვნა. გამოთვლები არ ჩაუტარებია, რადგან ამისი საჭიროება არ არსებობდა, მასალებით ისედაც ნათლად ჩანდა, რა დარღვევები აღინიშნებოდა მძღოლის მოქმედებაში. ზოგადად, წინ მიმავალი მანქანა გვერდიდან შეჯახებას ვერ მოახდენს, მაგრამ ქვეითის დანახვისას, რომელიც, როგორც მოწმეთა ჩვენებებში ამოიკითხა, 30 წამის განმავლობაში იდგა შეჯახების ადგილას, უნდა ემოძრავა მეორე სამოძრაო ზოლში და არა - ქვეითის მიმართულებით. ქვეითის სახით წარმოქმნილი იყო დაბრკოლება, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინა მოძრაობისას. გადაჭარბებული იყო სიჩქარეც, ჩვენებებში ფიქსირდებოდა 80 კმ/სთ, ხოლო იმ მონაკვეთზე დასაშვები იყო 60 კმ/სთ. ვინაიდან შემთხვევის ადგილზე არ იყო მუხრუჭის კვალი, სიჩქარე მხოლოდ ჩვენებებიდან გამომდინარე განსაზღვრა.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტთა დასკვნები და მათ მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები ქმნის შემთხვევის ვითარების სრულად გაანალიზების შესაძლებლობას, სრულად თანხვედრილია სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებთან, მოწმეთა ჩვენებებთან და ცალსახად მიუთითებს, რომ გ. ჩ. კარგად ხედავდა მის წინ მდგომ ახალგზარდა მამაკაცს და უნდა მიეღო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა, რითაც შეძლებდა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას, მას უნდა მიეღო ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაეთვალა, რომ ქვეითი, რომელიც მას ვერ ხედავდა, შესაძლოა გადაადგილებულიყო, უნდა შეემცირებინა სიჩქარე ისე, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლებოდა დროული მანევრი და ავტოავარიის თავიდან აცილება, ხოლო თუ აუცილებელი გახდებოდა, საერთოდ გაჩერებულიყო.
15. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილ მსჯელობას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო-ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნასთან მიმართებით, რომლის თანახმად, ,,...შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ფოლკსვაგენ გოლფის’’ სახ.№..-...-.. მძღოლის - გ. ჩ-ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს მხოლოდ გ. ჩ-ის ბრალს და თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვითაც, ავტომობილ ,,ფოლკსვაგენის“ მძღოლის - გ. ჩ-ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ფასდება როგორც ცალ-ცალკე (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე, მათი რელევანტურობის, დასაშვეობის და უტუარობის თვალსაზრისით), ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთმანეთს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მსჯავრდებული პირის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილებით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე