Facebook Twitter

ას-816-1440-03 17 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სანატორიუმიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. კ-ეს 1993 წელს ხანძრისაგან ქ. ბორჯომში დაეწვა საცხოვრებელი სახლი. იგი დროებით შეასახლეს ბორჯომის `ს-აში”. ამ სანატორიუმის შენობა-ნაგებობანი და მიწის ნაკვეთი 1999 წელს საკუთრებაში გადაეცა სააქციო საზოგადოება “ს-ას”. სს “ს-ას” დირექტორმა 2002 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა დაკავებული ფართიდან მისი გამოსახლება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლ. კ-ე გამოსახლდა ქ. ბორჯომში, ... მდებარე სს “ს-ას” I კორპუსის II სართულზე არსებული 58 კვ.მ-დან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ლ. კ-ეს არ გააჩნია სადავო ფართის მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი.

ლ. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მან სადავო ფართი დაიკავა რაიონის იმდროინდელი ხელმძღვანელობის თანხმობით. სანატორიუმის ფართიდან გამოსახლების შემთხვევაში იგი რჩება უბინაოდ, ამიტომ ერთი წლით, ვიდრე ბინას აიშენებს, მოითხოვა გამოსახლების გადადება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააქციო საზოგადოება “ს-ას” საკუთრებას წარმოადგენს 1999წ. დეკემბრიდან ქ. ბორჯომში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. ამ სანატორიუმში 1993 წლიდან ცხოვრობს ლ. კ-ე, რომელსაც დაეწვა ბინა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეასახლეს ამ სანატორიუმის პირველი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე სამ ოთახში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე საბინაო პირობები და ერთი წლით არ გადაუდო ბინიდან გამოსახლება. სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ლ. კ-ის მოთხოვნა სადავო ფართიდან გამოსახლების ერთი წლით გადადების თაობაზე, რადგან ასეთი მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია. სსკ-ის 263-ე მუხლით გათვალისწინებულია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის მოთხოვნა ამ ნორმის საფუძველზე ვერ დაკმაყოფილდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ არის იურიდიულად დასაბუთებული, ამიტომ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.